ურთიერთობაში მყოფი ადამიანები ერთმანეთს ხშირად უგზავნიან სასიყვარულო წერილებს. ზოგს მოსწონს, ზოგს კი, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ტელეფონზე საუბარი ურჩევნიათ. პატარა ეკრანზე ტექსტის აკრეფა რთულია, მით უმეტეს, თუ ხელთ არ გაქვთ საყვარელი სათვალე. რაც არ უნდა იყოს, მოკლე რომანტიკულმა მესიჯებმა შეიძლება განწყობა მთელი დღით გაგახალისოთ.
თუმცა, ასეთ მიმოწერა დიდ ყურადღებას მოითხოვს. თუ თქვენი ტელეფონის განბლოკვა მარტივად შეიძლება, მაშინ თქვენი მიმოწერის დეტალები, თუნდაც ძალიან პიკანტური, შეიძლება ვიღაცისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ამას კი არც თუ ისე სასიხარულო შედეგები მოჰყვება. ინფორმაციული ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, განსაკუთრებით ჩვენს ტექნოლოგიურ 21-ე საუკუნეში.
სასიყვარულო წერილები
ზოგჯერ ჩემი ქმარი ერთი ან ორი დღით სამუშაოდ ქალაქგარეთ მიდის ხოლმე. ეს ნორმალურია და ამას დიდი ხანია მიჩვეული ვარ. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ვფიქრობ, რომ აკეთებს საქმეს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი ფირმისთვის. კარგი სამსახური აქვს და მის ამ მინი საქმიან მოგზაურობებს ყოველთვის დიდი პოზიტივით ვუყურებდი: ჩვენ ცოტა ხნით ვისვენებთ ერთმანეთისგან. ასეთი მოგზაურობიდან მას ხშირად საჩუქრებიც მოჰქონდა ჩემთვის.
ერთმანეთის გასამხნევებლად ხანდახან ერთმანეთს სასიყვარულო წერილებს ვწერთ. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ქორწინებაში მყოფი ორი ადამიანის ჩვეულებრივი მოკლე „მესიჯები“. შეგვიძლია ვუწოდოთ – სასიყვარულო წერილები. არ მახსოვს, როგორ მივედით აქამდე, მაგრამ ხანდახან საინტერესოა, გაუგზავნო რაღაც სისულელე შენს მეუღლეს და მისგან იგივე პასუხს ელოდო. ალბათ ეს არის რომანტიკა.
ჩვეულებრივ ამ თამაშს ვიწყებ მე, დიმა კი – აგრძელებს. მაგრამ ამჯერად სხვანაირად იყო. ჯერ თვითონ მომწერა და მისი მესიჯი ძალიან უცნაური და საეჭვო აღმოჩნდა. “ბაჭია, ერთი საათი მაცადე, საქმეებს მოვრჩები და დაუვიწყარ უქმეებს მოგიწყობ!” ტელეფონში ეს ფრაზა გამოჩნდა, მაგრამ შემდეგ ის გაქრა. როგორც ჩანს, ჩემმა ქმარმა წაშალა, როცა მიხვდა, რომ არასწორ აბონენტს გაუგზავნა. დასკვნა, რა თქმა უნდა, გამოვიტანე.
ანუ, გამოდის, რომ ის არა მარტო მუშაობს, არამედ ბაჭიებთანაც ერთობა? პირველი ორი წუთის განმავლობაში ისეთი შოკი მქონდა, რომ სუნთქვაც კი მიჭირდა. უბრალოდ თვალებიდან ცრემლები მდიოდა, მაგრამ ხმის და ტირილის გარეშე. მე უბრალოდ ვერ ვჩერდებოდი და თავს ვერ ვიკავებდი. დიმასთან დარეკვა მინდოდა, მაგრამ ხელი თითქოს თავისთავად შორდებოდა ტელეფონს.
რაღაც მომენტში უბრალოდ ჩამეძინა. ვფიქრობ, ორგანიზმი ასე ცდილობდა ჩემი ნერვული სისტემის შოკისგან გადარჩენას. რომ გავიღვიძე მივხვდი, რომ ამას ასე არ დავტოვებდი. რაღაცის განადგურება, გაფუჭება, წაშლა მინდოდა. და პირველი, რაც თვალში მომხვდა, ეს იყო კარადა. დაუფიქრებლად გამოვაღე და ჩემი ქმრის ნივთები მაკრატლით დავჭერი. ყველაფერი, რაც კი ხელში მომხვდა.
შემდეგ, მისი ფიგურების ჯერი დადგა, რომლებიც მაგიდაზე ელაგა. დიმას ყოველთვის უყვარდა კომპიუტერული თამაშები და როგორც ნებისმიერი არასრულწლოვანი ბავშვი, რაღაც მოსაწყენ ფიგურებს აგროვებდა. ორიგინალურ ყუთებში შეფუთული ძვირადღირებული ფიგურები საუკეთესო იყო შურისძიებისთვის. როცა ამ ფიგურებსაც გავუსწორდი, თავად დიმიტრიმ დარეკა და მითხრა, რომ დაგეგმილზე ადრე ჩამოვიდოდა. მის ხმაში არავითარი სიყალბე არ იგრძნობოდა. მსახიობი. ლოდინის რეჟიმში გადავედი, შურისძიება – კერძია, რომელიც ცივად უნდა მიართვა.
ჩემი ქმარი სახლში შემოვიდა, თითქოს არაფერი მომხდარიყო, ტკბილეულის პარკი გადმომცა და მისაღებში შევიდა. სწორედ იქ ინახებოდა მისი პლასტმასის „განძეულობა“, რომლებიც ახლა აქეთ-იქით ეყარა. მათი დანახვისას გაიყინა, მე შემომხედა, მერე ისევ დამტვრეულ სათამაშოებს, სახე დაემანჭა და ყვირილი დაიწყო.
მაშინვე გავუმხილე ყველაფერი. „ბაჭია“, „დაუვიწყარი უქმეები“. მე ყველაფერი ვიცი. ამ დროს ჩემი ქმარი ცდილობდა თავისი კოლექციის ნამსხვრევების შეგროვებას, იმ იმედით, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი არ იყო დაკარგული. ის ცდებოდა და მე ეს ზუსტად ვიცოდი. მერე, როცა დიმა დამშვიდდა, მაგიდას მივუსხედით და ბოლოს დაიწყო ორ მეუღლეს შორის ზრდასრული საუბარი.
ჩემი ქმარი თავიდან ვერ მიხვდა, ან ვითომ ვერ ხვდებოდა, რომელ სასიყვარულო წერილებზე ვსაუბრობდი. შემდეგ კი, წამით გაიყინა და ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო. იქ, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში მან მაჩვენა თავისი საკონტაქტო სია, რომელშიც ზუსტად ამავე სახელწოდების მომხმარებელი იყო. „ბაჭიას“ ფოტოს დავხედე და შემეშინდა. ყველაფერი იმაზე ცუდად იყო, ვიდრე მეგონა.
ფოტოზე გამოსახული იყო მსუქანი, მელოტი მამაკაცი, რაღაც ბოთლით ხელში, ფონზე კი სოფლის ქოხი იყო. ჩემი მეუღლის თქმით, მას ეს კაცი ცხოვრებაში არ უნახავს, მაგრამ… ისინი ხშირად თამაშობდნენ კომპიუტერულ თამაშებს. მერე დიმამ მაჩვენა ის მიმოწერა და შემდეგ მათი ჯგუფის ზოგადი მიმოწერა: ყველა ოცდაათს გადაცილებული მამაკაცია, რომლებიც რომელიღაც თამაშის ჯგუფში არიან.
ძვირფასო გოგოებო და ქალებო, თქვენს ქმრებს ოდესმე მოუმართავთ თქვენთვის ყველაზე ტკბილი და ნაზი სიტყვებით? ალბათ მხოლოდ ურთიერთობის დასაწყისში, არა? იმან, რაც ჩემი ქმრის ტელეფონში წავიკითხე, შემდეგ კი ლეპტოპში, ძალიან გამაკვირვა. ზრდასრული მამაკაცები ერთმანეთს იმდენ ნაზ სიტყვას წერდნენ, რომ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. და იყო უამრავი სურათი კნუტებით, გულებით, სიყვარულის ახსნებით.
მსგავსი არაფერი მენახა და ვერც ვიჯერებდი. დიახ, ვიცოდი, რომ დიმას უყვარდა მეგობრებთან თამაში, მაგრამ არასდროს ვიფიქრებდი, რომ მათი კომუნიკაციის ტონი ასე ახლობლურია. ეს იყო განსაცვიფრებელი ამბავი. გამოდის, რომ თურმე იმ მესიჯით ჩემმა ქმარმა იმ მელოტ მსუქან მამაკაცს მისწერა, რომ მასთან ინტერნეტში თამაში სურდა. შემდეგ ნახა, რომ მესიჯი შეცდომით გაგზავნა და ავტომატურად წაშალა წინადადება. გაგრძელება კი – იცით…
ამის შემდეგ საუბარი სხვა მიმართულებით წარიმართა: რატომ არ დავურეკე, რომ ზუსტად გამეგო. რატომ დავამტვრიე მისი ძვირადღირებული კოლექცია, რომელსაც ამდენი ხანი აგროვებდა. და ასე შემდეგ. მე, რა თქმა უნდა, ერთ ხანს მაქსიმალურად ვიცავდი თავს. მაგრამ შემდეგ, დიმას კითხვებისა და არგუმენტების ზვავის ქვეშ, ჩემი პასუხები ჩემთვისაც კი არ ჟღერდა დამაჯერებლად.
მომიწია ბოდიშის მოხდა და დაპირება, რომ შემდეგში მნიშვნელოვან საკითხებს მასთან ერთად განვიხილავდი და არ მოვაწყობდი ისტერიკას. ყველაფერში ვეთანხმებოდი და თემის შეცვლას ვცდილობდი. მაგრამ სკანდალის თავიდან აცილება უკვე მეორედ ვერ მოხერხდა – დიმამ კარადა გამოაღო და თავისი ნივთები დაინახა. მაგრამ, მადლობა ღმერთს, მას ტანსაცმელი გაცილებით ნაკლებად აინტერესებდა, ვიდრე სათამაშოები.
ახლა ყველაფერი კარგადაა, ვცხოვრობთ ისე, როგორც ადრე ვცხოვრობდით, მაგრამ მე გარკვეული დასკვნები გამოვიტანე. ჯერ ერთი, არ უნდა აჰყვე წამიერ ემოციებს, არამედ ადეკვატური რეაქცია უნდა გქონდეს ნებისმიერ სიახლეზე. და მეორეც, მამაკაცებსაც შეიძლება ჰქონდეთ თავიანთი საიდუმლოებები. მაგალითად, დიმას მსგავსად. თუმცა ამბობს, რომ ამაში უცნაური არაფერია და ახლა მისი ასაკის ყველა მამაკაცი ასე ურთიერთობს. გსურთ, თქვენი მამაკაცის შესახებ რაიმე სიახლის გაგება? წაიკითხეთ მისი მიმოწერა მეგობრებთან!