მოვამზადოთ კარტოფილის ზრაზი: 5 საუკეთესო მეთოდი

0
150

კარტოფილის პიურე შეიძლება იყოს როგორც შესანიშნავი გარნირი, ასევე იდეალური საფუძველი ყველაზე კარგი ზრაზის მოსამზადებლად. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ 5 რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეგიძლიათ ყოველდღიურად გაანებივროთ თქვენი საყვარელი ადამიანები უგემრიელესი კერძით, რომლის მომზადებასაც შეძლებთ სრულიად განსხვავებული შიგთავსებით. როგორ მოვამზადოთ კარტოფილის ზრაზი ყველა გემოვნებისთვის, წაიკითხეთ დღევანდელ სტატიაში.

ეს კერძი იმით არის კარგი, რომ მისი მომზადება წარმოუდგენლად მარტივია. თუ ელასტიური კარტოფილის ცომის მომზადებას მოახერხებთ, მაშინ წარმატება გარანტირებულია. ასეთი ცომით, ზრაზი ფანტასტიკურად გემრიელი გამოვა!

როგორ მოვამზადოთ კარტოფილის ზრაზი: 5 საუკეთესო მეთოდი

ქათმის ხორცით და ყველით

საჭირო ინგრედიენტები:

  • 500 გ კარტოფილი;
  • 300 გ ქათმის ფილე;
  • 100 გ მყარი ყველი;
  • 1 ხახვი;
  • 1 სტაფილო;
  • 250 გ ხორბლის ფქვილი;
  • 3 ს.კ არაჟანი;
  • 1 კვერცხი;
  • მარილი გემოვნებით;
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით.

მომზადების წესი:

  • კარტოფილს ვასუფთავებთ. ვჭრით დიდ ნაჭრებად, ვათავსებთ ქვაბში, ვასხამთ წყალს და ვხარშავთ. შემდეგ კარტოფილს პიურედ ვაქცევთ და ვაცდით, რომ გაგრილდეს.
  • ქათმის ფილეს ვხარშავთ ოდნავ მარილიან წყალში 25 წუთის განმავლობაში. ვაგრილებთ.
  • გაცივებულ პიურეში უნდა აითქვიფოს კვერცხი. ყველაფერს კარგად ვურევთ. შემდეგ ვამატებთ ხორბლის ფქვილს. ვზელთ ერთგვაროვან ცომს.
  • ვასუფთავებთ ხახვს და ვჭრით პატარა ზომის კუბებად. სტაფილოს ვხეხავთ სახეხზე. გახურებულ ტაფაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ვწვავთ ხახვს და სტაფილოს.
  • მოხარშულ ქათმის ფილეს ხორცსაკეპ მანქანაში ვატარებთ ან ბლენდერით ვაქუცმაცებთ. ხორცს ვუმატებთ მოშუშულ ბოსტნეულს და არაჟანს, შემდეგ მარილს და შავ პილპილს გემოვნებით. ყველა ინგრედიენტს საფუძვლიანად ვურევთ.
  • კარტოფილის ცომს თანაბარ ნაწილებად ვყოფთ. ვქმნით ბურთულებს და თითოეულს ვაბრტყელებთ. ცენტრში ვათავსებთ ხორცის შიგთავსს.
  • სახეხზე ვხეხავთ მყარ ყველს და ვაყრით შიგთავსს. ფირფიტებს ვკრავთ და მრგვალ ფორმას ვაძლევთ. შემდეგ მსუბუქად ვაბრტყელებთ ხელით.
  • ვაცხელებთ ტაფას და ზეთს. ზრაზებს ვწვავთ ორივე მხრიდან ოქროსფერი ქერქის მიღებამდე. მზადაა!

სოკოს შიგთავსით

საჭირო ინგრედიენტები:

  • 700 გ კარტოფილი;
  • 250 გ შამპინიონი;
  • მარილი გემოვნებით;
  • 2 მწიკვი დაფქული შავი პილპილი;
  • 1 კვერცხი;
  • 1 ხახვი;
  • 2 ს.კ ხორბლის ფქვილი;
  • მზესუმზირის ზეთი შესაწვავად;
  • საფანელი გემოვნებით.

მომზადების წესი:

  • კარტოფილს ვხარშავთ მარილიან წყალში, სანამ არ დარბილდება. წყალს ვწურავთ. ვამზადებთ პიურეს კარტოფილის საჭყლეტით და ვაგრილებთ.
  • ხახვს ვჭრით პატარა კუბებად, შამპინიონებს – პატარა ნაჭრებად. ტაფაში ვასხამთ ზეთს და ვაცხელებთ. სოკოს და ხახვს ვწვავთ 5-7 წუთის განმავლობაში.
  • სოკოს შიგთავსს ვუმატებთ მარილს და დაფქულ შავ პილპილს. ყველაფერს კარგად ვურევთ. ვაცდით, რომ გაცივდეს.
  • გაციებულ კარტოფილს ვაზელთ კვერცხს და ხორბლის ფქვილს. ვზელთ ცომს და ვყოფთ თანაბარი ზომის ნაჭრებად. შემდეგ თითოეულ მათგანს ვაბრტყელებთ.
  • თითოეულ მათგანზე ცენტრში პატარა ჩაღრმავებას ვაკეთებთ და მასში სოკოს შიგთავსს ვათავსებთ. კიდეებს ვკრავთ და სასურველ ფორმას ვაძლევთ.
  • ზრაზებს საფანელში ვავლებთ და გაცხელებულ ტაფაში ვწვავთ მზესუმზირის ზეთში. გემრიელად მიირთვით!

გატარებული ღორის ხორცით

საჭირო ინგრედიენტები:

  • 7 ცალი კარტოფილი;
  • 500 გ გატარებული ღორის ხორცი;
  • 1 ხახვი;
  • 3 კბილი ნიორი;
  • 1 კვერცხი;
  • 300 გ ხორბლის ფქვილი;
  • მარილი გემოვნებით;
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით;
  • 50 გ საფანელი;
  • მზესუმზირის ზეთი შესაწვავად.

მომზადების წესი:

  • კარტოფილს ვხარშავთ დარბილებამდე. ვაკეთებთ პიურეს. ვურევთ კვერცხს, ვაყრით მარილს და შავ პილპილს. კარგად ვურევთ.
  • მიღებულ მასას ვურევთ ხორბლის ფქვილს. ვზელთ ცომს, რომელიც ხელებს არ მიეკრობა. ვაჩერებთ ოთახის ტემპერატურაზე სრულ გაგრილებამდე.
  • ხახვს ვჭრით წვრილად. ნიორი უნდა დაიჭყლიტოს ნივრის საჭყლეტით. ხახვს და ნიორს ვწვავთ ზეთში რამდენიმე წუთის განმავლობაში.
  • ბოსტნეულს ვუმატებთ გატარებულ ღორის ხორცს. ვაყრით მარილს და პილპილს. კარგად ვურევთ. ვწვავთ 10 წუთის განმავლობაში.
  • ცომს ვყოფთ რამდენიმე ნაწილად. ხელებზე ვისვამთ ცოტაოდენ ზეთს და ცომისგან ვქმნით მოგრძო ფირფიტებს.
  • ფირფიტების შუაში ვათავსებთ გაცივებულ ხორცის შიგთავსს. ვკრავთ ფირფიტების კიდეებს და ვაძლევთ ოვალურ ფორმას. ზრაზებს ვავლებთ საფანელში.
  • კარტოფილის ზრაზებს ვწვავთ გახურებულ ტაფაში მზესუმზირის ზეთით, სანამ ორივე მხრიდან ოქროსფერ ქერქს არ გაიკეთებს. ვწვავთ საშუალო ცეცხლზე.

ქათმის ღვიძლით და ხახვით

საჭირო ინგრედიენტები:

  • 400 გ კარტოფილი;
  • 250 გ ქათმის ღვიძლი;
  • 120 გ ხორბლის ფქვილი;
  • 1 ხახვი;
  • მარილი გემოვნებით;
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით;
  • 1 დიდი კვერცხი;
  • მზესუმზირის ზეთი შესაწვავად.

მომზადების წესი:

  • კარტოფილს ვხარშავთ დარბილებამდე ოდნავ მარილიან წყალში და ვამზადებთ პიურეს.
  • გაცივებულ კარტოფილს ვურევთ ხორბლის ფქვილს და ვზელთ ელასტიურ ცომს.
  • ქათმის ღვიძლს ვრეცხავთ, ვაშორებთ გარსს. ღვიძლს ვჭრით ნაჭრებად. ხახვს ვასუფთავებთ, ვჭრით პატარა კუბებად.
  • ხახვს ვწვავთ ცხელ ზეთიან ტაფაში 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ვამატებთ ღვიძლს, მარილს და პილპილს. ყველაფერს კარგად ვურევთ და ვწვავთ ღვიძლს ხახვთან ერთად კიდევ 15 წუთის განმავლობაში.
  • მზა შიგთავსს ვაცივებთ და ვატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  • მოხარშულ კვერცხს ვჭრით პატარა კუბებად და ვამატებთ ღვიძლის მასას. ვურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  • კარტოფილის ცომს თანაბარ ნაწილებად ვყოფთ. ვაბრტყელებთ და შუაში ვდებთ 1 ს.კ შიგთავსს.
  • ფირფიტების კიდეებს ვკრავთ და მოგრძო ფორმას ვაძლევთ. ზრაზებს ვწვავთ წინასწარ გახურებულ ტაფაზე, სანამ ორივე მხრიდან არ დაიბრაწება (თითოეული მხრიდან დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში).

ყველით და ძეხვით

საჭირო ინგრედიენტები:

  • 600 გ კარტოფილი;
  • 1 დიდი კვერცხი;
  • 120 გ მოხარშული ძეხვი;
  • 100 გ მყარი ყველი;
  • მაიონეზი გემოვნებით;
  • მწვანილი გემოვნებით;
  • 3 ს.კ ხორბლის ფქვილი;
  • მარილი გემოვნებით;
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით;
  • 2 კბილი ნიორი;
  • მზესუმზირის ზეთი შესაწვავად.

მომზადების წესი:

  • კარტოფილს ვჭრით და ვხარშავთ მარილიან წყალში, სანამ არ დარბილდება. შემდეგ პიურედ ვაქცევთ საჭყლეტის გამოყენებით. კარტოფილს ვაცივებთ.
  • პიურეს ვამატებთ კვერცხს, ხორბლის ფქვილს და ვზელთ რბილ ცომს, რომელიც ხელებზე არ ეწებება.
  • ყველს სახეხზე ვხეხავთ. მოხარშულ ძეხვს წვრილად ვჭრით. ახალ მწვანილს ვრეცხავთ და ვაშრობთ. ვჭრით ბასრი დანის გამოყენებით.
  • ნიორს ვასუფთავებთ და ნივრის საჭყლეტში ვატარებთ. ღრმა ჭურჭელში ვათავსებთ ძეხვს, ყველს, ნიორს და მწვანილს. ვამატებთ მაიონეზს, დაფქულ შავ პილპილს გემოვნებით და ვურევთ.
  • კარტოფილის ცომს ვყოფთ რამდენიმე ნაწილად და ვაბრტყელებთ. შიგთავსს ფირფიტების შუაში ვათავსებთ.
  • ვკრავთ ფირფიტების კიდეებს. ვამზადებთ მრგვალ ზრაზებს. ვაცხელებთ ტაფას და ზეთს და ზრაზებს ვწვავთ ორივე მხრიდან ოქროსფერი ქერქის მიღებამდე. მზადაა!

შემწვარი კარტოფილის ზრაზები მოათავსეთ ქაღალდის პირსახოცებზე. ამრიგად ზედმეტი ცხიმი მოშორდება. გემრიელად მიირთვით!