როცა საკუთარ ტყავზე გამოვცადე, მივხვდი, ეგოისტი მამაკაცის გვერდით ბედნიერებას ვერ იპოვი

135

ძვირფასო ქალებო, თუ თქვენი მამაკაცი ეგოისტია, გაიქეცით მისგან რაც შეიძლება შორს! მიატოვეთ ასეთი კავალერი და მიეცით საკუთარ თავს შანსი იპოვოთ ის, ვინც დაგაფასებთ და პირველ ადგილზე დაგაყენებთ. ერთხელ კლასიკურ ნარცისზე ყურებამდე შეყვარებული ვიყავი. დღეს ჩემი გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ.

თუ მამაკაცი ეგოისტია, ურთიერთობაში ბედნიერებას არ ელოდო

გიგა რესტორანში გავიცანი. დაქალთან ერთად ვიჯექი, ოცნებებში ჩაძირული ფანჯარაში ვიყურებოდი და ყავას ვსვამდი. უცებ მიმტანი მოდის და ორი ნაჭერი ტორტი მოაქვს. გაგვიკვირდა და ვკითხეთ, ხომ არ შეეშალა, რადგან დესერტი არ შეგვიკვეთავს. მიმტანმა გვიპასუხა, რომ მამაკაცმა მეზობელი მაგიდიდან ჩვენი გამასპინძლება გადაწყვიტა. ტორტის ორი ნაჭერი შეუკვეთა, მაგრამ სალფეთქზე დაწერილი ტელეფონის ნომრის ჩემთვის გადმოცემა ითხოვა.

უკან მივიხედე და მომღიმარი სიმპათიური მამაკაცი დავინახე. დაკუნთული შავგრემანი მკაცრ კოსტიუმში და სათვალეში. სათვალის ჩარჩოს ფერი მის მუქ მბზინავ თმას იდეალურად ეხამებოდა. მოდური ვარცხნილობა, მოწესრიგებული წვერი. არ შემეძლო არ აღმენიშნა, რომ უცნობი უბრალოდ დიდებულად გამოიყურებოდა. თითქოს ახლახანს ძვირადღირებული სალონიდან გამოვიდა. იმავე საღამოს მივწერე და ტკბილი სიურპრიზისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადე. იმ დღიდან ურთიერთობა არ შეგვიწყვეტია.

ვცდილობდი დიდებული მამაკაცის შესაფერისი ვყოფილიყავი და ჩემი ცხოვრება მთლიანად შევცვალე

გიგა შთამაგონებდა, ყველანაირად განვითარებულიყავი და საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გავმხდარიყავი, როგორც ახლა არის მოდური თქმა. მისგან მაგალითს ვიღებდი და ვცდილობდი, არ ჩამოვრჩენოდი. ერთად დავდიოდით სავარჯიშო დარბაზში კვირაში რამდენჯერმე. ასე 6 თვეში 8 კგ დავიკელი და სხეულის ლამაზ ფორმებს მივაღწიე. გიგას ძალიან მოსწონდა ჩემი ახალი ფიგურა, ამიტომ მის შენარჩუნებას ვცდილობდი. ვარჯიშის გარდა სხვადასხვა დიეტას ვიცავდი. ჩემთვის ვამზადებდი უცხიმო სალათებს, არადა მიყვარდა გამომცხვარი ხორცი ბოსტნეულით. ვისწავლე ფანქეიქების და ბისკვიტების ცხობა პროტეინებით, რომლებიც სახლში დიდ ქილებში გვქონდა.

ასევე გიგას მოსწონდა, რომ კოსმეტოლოგთან რეგულარული ვიზიტი დავიწყე. ტუჩები გავიდიდე, ყვრიმალები ავიწიე და ნიკაპის ზონაში ფილერი დავიმატე. დიდებული მამაკაცი მყავდა, ამიტომ მისი შესაფერისი უნდა ვყოფილიყავი. გულწრფელად, თავიდან ვთვლიდი, რომ გიგასთვის ზედმეტად უბრალოდ ვიყავი. ის შესანიშნავად გამოიყურება, ყოველთვის მოვლილია. გემოვნებით და ძვირადღირებულად აცვია. უბრალოდ ფოტო გადაუღე და ჟურნალის გარეკანზე დაბეჭდე! მე კი უბრალო სოფლელი გოგო. დღემდე მიკვირს, როგორ მომაქცია ყურადღება მაშინ რესტორანში.

ამ რეჟიმით ფულის დაზოგვა შეუძლებელი იყო, ლამაზი ცხოვრება ინვესტიციას მოითხოვდა

რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაში გიგას გამოჩენის შემდეგ შევიცვალე. საყიდლებზე ერთად დავდიოდით. საყვარელი მამაკაცისთვის მნიშვნელოვანი იყო, სწორი არჩევანი გამეკეთებინა და ნამდვილად კარგი ტანსაცმელი მეყიდა. დროდადრო სალონში და მოდურ ბუტიკებში ჩემს წასვლებს გულუხვად ასპონსორებდა. მართალია, ფულის დაგროვებას ვერ ვახერხებდი. მინდოდა, ყოველთვის იდეალური ვყოფილიყავი, ამიტომ ხელფასი ლამაზ ცხოვრებაზე სწრაფად ქრებოდა. გიგას გაცნობამდე რამდენიმე წელი საკუთარი ბინისთვის ფულს ვაგროვებდი.

საუბრები კოსმოსიდან ცნობილი ადამიანების გარეგნობის განხილვამდე

დაქალებს ჩემი შურდათ. მალე მათთან ურთიერთობა თითქმის შევწყვიტე. ახლა სულ სხვა ღირებულებები, მიზნები და ცხოვრებისეული ინტერესები გვქონდა. სამაგიეროდ, გიგას მეგობარ გოგოებთან ახლო ურთიერთობა დავიწყე. ერთად დავდიოდით მანიკიურზე, პედიკიურზე, კოსმეტიკურ პროცედურებზე და შოპინგზე. შუა კვირაში კომფორტულ კაფეში ერთმანეთს ვხვდებოდით და ცნობილების ახალ ამბებს განვიხილავდით. რა თქმა უნდა, ჩემთვის ასეთი რუტინა უცხო იყო. ლაბორატორიაში ვმუშაობ და ადრე მეგობრებს მხოლოდ სამაგიდო თამაშების დროს ვხვდებოდი. მეცნიერება და მეტის შეცნობის სურვილი გვქონდა. ახლა ჩემგან მოითხოვდნენ შეფასებას არა მარსზე ფრენაზე, არამედ კიმ კარდაშიანის ახალ ვარცხნილობაზე.

ალბათ, 5 თვე გავიდა, როცა ჩემი მეგობრების ნახვის მწვავე სურვილი ვიგრძენი. დაგროვილი ემოციების და განცდების გამზიარებელი არავინ მყავდა. ლამაზი გიგა სამსახურში იკარგებოდა, ჩემი სულიერი ტანჯვა არ აინტერესებდა. როცა გულის გადაშლას ვცდილობდი, ბანალური ფრაზებით მპასუხობდა. თითქოს, ყველაფერი კარგად იქნება, საჭირო არაა წუწუნი, ეს სისულელეა, თავად იქმნი პრობლემებს.

საყვარელი ქალი ვარ თუ მხოლოდ ლამაზი აქსესუარი?

ნელ–ნელა გავაცნობიერე, რომ გიგას მხოლოდ მისი ცხოვრება აინტერესებდა. მე მხოლოდ ლამაზი აქსესუარი ვიყავი. მხოლოდ ფიზიკურ გარდასახვაში ჩემი წარმატება ახარებდა. მიქებდა სწორად შერჩეულ სამოსს, ყოველ დაკლებულ კილოგრამს. ამავდროულად, გულგრილი იყო იმის მიმართ, რა ხდებოდა ჩემს გულში. გულწრფელად არასდროს დაინტერესებულა, როგორ ჩაიარა ჩემმა დღემ. მე კი საათობით ვუსმენდი. მთელი ჩემი ცხოვრება გიგას მოთხოვნების მიხედვით შევცვალე.

ჩვეულებრივზე ადრე ვდგებოდი, რომ მისთვის საუზმე და ოფისში წასაღებად ლანჩი მომემზადებინა. სამსახურის შემდეგ სახლში მივრბოდი, რომ მაშინვე ვახშმის მომზადება დამეწყო. რესტორნული დახვეწილი რეცეპტები უყვარდა. ახალი, ჩემთვის რთული კერძების მომზადება ვისწავლე. დალაგება, რეცხვა, დაუთოება, ჭურჭლის რეცხვა და სხვა საოჯახო საქმე ჩემს მოვალეობაში იყო. გიგა სამსახურის შემდეგ ბევრს კითხულობდა, დროს თავის ჰობს და სწავლას უთმობდა. კურსებს, სემინარებს და ყველა სახის ტრენინგს გადიოდა, სანამ მე ბინაში წესრიგს ვიცავდი და ბავშვს ვუვლიდი.

საყვარელი მამაკაცი ჩემს ცრემლებს აღიქვამდა ინფანტილურობად და მოწყენილობისგან წუწუნად

ერთ მომენტში წყობიდან გამომიყვანა. ერთხელ დედამ სოფლიდან ბოსტნეული გამოგვიგზავნა. ასეთს ქალაქში ვერ იპოვი. ყველაფერი ახალი, სახლის. ბევრი ვერა, ასე ერთი სალათის სამყოფი. საღამოს მისი მომზადება გადავწყვიტე. სალათი თითქმის მაგიდაზე იყო, როცა ბავშვმა გაიღვიძა. მის დასამშვიდებლად წავედი. ამას სადღაც ნახევარი საათი დასჭირდა. როცა დავბრუნდი, ბოსტნეულისგან არაფერი იყო დარჩენილი.

როცა ვკითხე, რატომ არ დამიტოვა არაფერი, მხოლოდ მხრები აიჩეჩა. გემრიელი იყო, თავი ვერ შეიკავა. მაშინ მივხვდი, თვალები ამეხილა. სინამდვილეში, ამ ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს.

ზოგჯერ მორალურად ისე მიჭირდა, რომ სააბაზანოში იატაკზე ვჯდებოდი და საათობით ვტიროდი. გიგას ჩემი ასეთი ქცევა აღიზიანებდა. მე კი მისი გულგრილობა უფრო ცუდად მხდიდა.

ბოლოს ვეღარ მოვითმინე, ნივთები ჩავალაგე და მშობლებთან წავედი. აუტანელი იყო იმის გაცნობიერება, რომ მთელი ცხოვრება გიგას ისე მივუძღვენი, რომ მის გარეშე არ შემეძლო. მეგობრების, ნაცნობების გარეშე დავრჩი. არ ვიცოდი, მქონდა თუ არა რამე გატაცება. ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწია. პირველ რიგში, ძველ მეგობრებს შევეხმიანე. საბედნიეროდ, მაპატიეს. არ ვიცი, როდის ვიქნები მორალურად მზად ახალი ურთიერთობისთვის. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ყურადღებას მივაქცევ ემპათიურ მამაკაცს. არ მჭირდება პარტნიორი, რომელსაც ჩემს პრობლემებს ვერ გავუზიარებ. არ ვეძებ მამაკაცს, რომელიც ჩემს ნაცვლად ყველაფერს გადაწყვეტს, მაგრამ მინდა, ჩემ გვერდით იყოს ის, ვისთანაც გულითადად ვილაპარაკებ და მასაც ეს ისევე დასჭირდება, როგორც მე.