ყოფილ მაზლთან ურთიერთობა დავიწყე. ოჯახმა ზურგი შეგვაქცია, მაგრამ რას ვაკეთებთ ცუდს

0
1883

ორ ზრდასრულ ადამიანს შორის ურთიერთობა რაღაც მომენტში შეიძლება არასწორი მიმართულებით წავიდეს, ასე ხდება. შეგიძლიათ ურთიერთობის აღდგენა სცადოთ ან მიაფურთხოთ და უბრალოდ დაშორდეთ. არც პირველი ხართ, არც უკანასკნელი. მაგრამ თუ, მაგალითად, ყოფილი მაზლი პაემანზე წასვლას გთხოვთ, რა რეაქცია გექნებათ? ჩვეულებრივ, წყვილს დაშორების შემდეგ არ სურთ ურთიერთობა საერთო ნაცნობებთან, მით უფრო ნათესავებთან.

და მაინც, ცხოვრებაში სხვადასხვა სიტუაციები ხდება. მთავარია, გრძნობების (როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური) გავლენის ქვეშ არ მოექცეთ და საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ. საყვარელ ადამიანთან ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ ხომ საღად ვეღარ ვაზროვნებთ. ყველაფერი ინგრევა, ძნელია გაიგოთ, რა იქნება შემდეგ. ასეთ კრიტიკულ მომენტებში ადვილად შეიძლება გზას ავცდეთ ისე, რომ ბოლომდე ვერც გავიაზროთ.

ყოფილი მაზლი

გულწრფელად ვიტყვი, საკმაოდ დრამატული ადამიანი ვარ. ფილმის ყურებისას შემიძლია ცრემლებად დავიღვარო. წავიდე და ვიყიდო სოსისი, თუ ქუჩაში უსახლკარო საწყალ ლეკვს ვხედავ. და ყველაფერი მსგავსი. თავად მესმის, რომ ხშირად ემოცია მმართავს და არა ცივი გონება. ვერაფერს ვხვდები. არადა უკვე საკმაოდ ზრდასრული „გოგო“ ვარ ბავშვით ხელში.

6 თვეა განქორწინებული ვარ. ამ ფაქტმა ჩემს ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. პრინციპში, ლოგიკურიც არის. თუმცა ჩემს ისტორიას გაგრძელება აქვს. მოკლედ, რომ არ გავწელო, გეტყვით. აკაკის რამდენიმე თვე ვხვდებოდი, შემდეგ ხელი მთხოვა. ჰქონდა საკუთარი ბინა, კარგი სამსახური, 5 წლით ჩემზე უფროსია. დავფიქრდი და დავთანხმდი. ზრდასრული მამაკაცია, ამიტომ ბავშვური პრობლემები წარსულში დარჩება. ლოგიკურია, ასეა?

მაგრამ არა. დაქორწინების შემდეგ აკაკი მუდმივად ფიქრობდა, როგორ ეშოვა მეტი ფული ჩვენი უდარდელი ცხოვრებისთვის. ერთ იდეაში ფულს დებდა, არ უმართლებდა, შემდეგ სხვა საქმეზე გადადიოდა. იქაც მარცხდებოდა. ხდება ხოლმე, რას ვიზამთ. ამის გამო მასთან ჩხუბი არ მინდოდა, პირიქით, მხარდაჭერას ვცდილობდი. თუმცა სულ ტყუილად. რამდენიმე დღეში, სანამ გავიგებდი, რომ ორსულად ვიყავი, მითხრა, რომ სხვა ქვეყანაში აპირებდა ბედნიერების პოვნას. იქ ფულის შოვნას და ახალ საქმეში ინვესტირებას. ასე ფაქტის წინაშე დამაყენა.

მაშინაც კი, როცა ვუთხარი, რომ ორსულად ვიყავი, გეგმა არ შეუცვლია. მაინც წავიდა და მარტო დამტოვა. დიახ, რაღაც ფულს აგზავნიდა, ძმის ხელით მაძლევდა, მაგრამ თავად ჩემ გვერდით არ იყო. თანდათან ჩვენი ურთიერთობა გაქრა. 3 თვის შემდეგ მითხრა, რომ განქორწინება სურს. ბავშვი მის გეგმაში არ იყო, ამიტომ ჩვენს შორის მომავალს ვერ ხედავს. განქორწინება დისტანციურად და უკვალოდ გაქრობა.

სადღაც ამ პერიოდში ჩემსა და მაზლს შორის რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო. მანამდე მხოლოდ რამდენჯერმე მყავდა ნანახი. ზურამ გული გადამიშალა და აღიარა, რომ დიდი ხანია ვუყვარდი. გადავწყვიტე, თავი არ დავიმძიმო იმაზე ფიქრით, რომ ჩემი მაზლია, ნათესავი. ეს მხოლოდ ჩვეულებრივი წოდებაა, თან განქორწინების შემდეგ ნათესავები აღარ ვართ. დღემდე ურთიერთობას ვაგრძელებთ. ეს მიხარია კიდეც. ზურა ძალიან კარგი ადამიანია, ჩემი ვაჟი უყვარს, ამას ვხედავ.

უბედურება იქედან მოვიდა, საიდანაც არ ველოდი. აკაკიმ, როცა გაიგო, რომ ღვიძლი ძმა მისი შვილის მამა შეიძლება გახდეს, სოციალურ ქსელში წერა დამიწყო, მემუქრებოდა. რატომღაც ასეთი მდგომარეობა არ აწყობდა. ზურასაც ურეკავდა, მაგრამ მან ცნობილ მისამართზე გააგზავნა. საქმეში ჩაერთო მული, სალომე. ჯერ თავს გვაჩვენებდა, რომ არც ერთი მხარის დაჭერა არ სურდა, მხოლოდ სურს, ყველა დამშვიდდეს.

შემდეგ მანაც თავი იჩინა, ზურას დიდი წერილი მიწერა, რომ ოჯახთან კარგ ურთიერთობას ანგრევს, რომ  შეხედულებებს უნდა გადახედოს, რადგან ჩვენი კავშირი კარგს არაფერს გამოიწვევს. ვაღიარებ, მინდოდა ამ ქალთან პირადად დალაპარაკება, მაგრამ ზურამ შემაჩერა. მითხრა, რომ სალომეს ბავშვობიდან უყვარს ხალხის გამოწვევა და მისთვის ეს ერთგვარი თამაშია. მოვუსმინე. სანამ მათი დედა არ გამოჩნდა.

ადრე ყოფილი დედამთილი ჩემდამი ინტერესს არ იჩენდა. ქორწილზეც ჩემთან არ მოსულა, უბრალოდ უხალისოდ სადღეგრძელო თქვა, შემდეგ მთელი საღამო მაგიდასთან იჯდა. ეს მაკმაყოფილებდა. ნათესავებთან სტუმრობის დიდი მომხრე არ ვარ. მისი კიდევ ერთხელ ნახვა ჩემთვის უცნაური იყო. რატომ არაფერი თქვი მაშინ, როცა შენმა შვილმა მიმატოვა?

ჩემს დედამთილს (ვინ იცის, იქნებ მომავალი?) ჩემი და მისი ვაჟის კავშირის შესახებ თავისი არგუმენტები ჰქონდა. მომავლის სიტუაცია დამიხატა. რა იქნება, თუ დავქორწინდებით და შვილები გვეყოლება? როგორ ავუხსნი უფროსს შვილს, რომ ისინი მისი არა ღვიძლი ძმები, არამედ ბიძაშვილები იქნებიან? ბიჭი ჭკუაზე გადავა! საერთოდ, რაღაც არაღვთიური და ცოდვილი საქმეა. ვუპასუხე, რომ ყველაფერს მოვუყვებოდი მის შვილიშვილს, როცა გაიზრდებოდა. განსაკუთრებით იმას, რაც მის ღვიძლ მამას ეხება. არც ერთ დეტალს არ გამოვტოვებ.

დედამთილს ასეთი პასუხი არ მოეწონა, დაიწყო მოთქმა, რომ მის შვილს ცუდად წარმოვაჩენ, რომ ყველაფერი ასე არ ყოფილა. აბა რა, მან უკეთ იცის. მალე წყობიდან გამოვედი და ჩვენი შეხვედრის შეწყვეტა მომიწია. რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც მიჩვეულია, რომ მისი ყველა ახირება უნდა შესრულდეს? საერთოდ, მხოლოდ დედამთილმა იცის, როგორ უნდა იცხოვრო ამქვეყნად. ასეთ ადამიანებს ვერ ვიტან.

აი, ასეთი ახალი ამბავი. თუ მიმატოვე, ღირსეულად წადი. ჩემი და შენი შვილის ბედნიერებას ხელს მაინც ნუ უშლი. მაგრამ არა. ამის გამბედაობაც არ ეყო. რამდენიმე დღის წინ აკაკიმ მითხრა, რომ ჩამოსვლას, შვილის და ძმის ნახვას აპირებს. არ ვიცი, რა გავაკეთო. ზურა მამშვიდებს, მპირდება, რომ ყველაფერი მშვიდად ჩაივლის. ვგეგმავ, ამ პერიოდში მეზობელ ქალაქში ბიძაჩემთან წავიდე. დაე, ყოფილმა დაკეტილ კარს თავი ურახუნოს. ეს ნაკლებია, რასაც იმსახურებს.