საღამოს ნიჟარაში ვდებ აქტივირებულ ნახშირს და ვიძინებ, დილით ვაკვირდები სასიამოვნო ცვლილებებს

0
1968

როგორ მოიშოროთ უსიამოვნო სუნი სამზარეულოსა და სააბაზანო ოთახებში თანხის დაზოგვით? დიასახლისები, რომლებმაც ამ ხრიკის შესახებ იციან, დიდი ხანია გვერდს უვლიან საყოფაცხოვრებო ქიმიას მაღაზიებში. ამის ნაცვლად მიდიან აფთიაქში და ყიდულობენ რამდენიმე შეკვრა კარგად ცნობილ შთამნთქმელს.

პაპარაცი გიამბობთ, რა სასწაულები შეუძლია გამწმენდ ნახშირს (დიახ, დიახ, ჩვეულებრივ აქტივირებულ ნახშირს აბებში).

გამწმენდი ნახშირი

როგორც წესი, „ხალხურ“ შთამნთქმელს ვიყენებთ, როცა რაღაცით მოვიწამლეთ ან ბევრი ცხიმიანი კერძი და ალკოჰოლი მივირთვით. აქტივირებული ნახშირი არა მხოლოდ ტოქსინებს შთანთქავს, არამედ უსიამოვნო სუნსაც. გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ეს ნივთიერება ჰაერის გასაახლებლად ნიჟარის ქვეშ, ნიჟარაში, მაცივარში და არა მხოლოდ.

როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი მაცივარში?

ზოგიერთი დიასახლისი თევზის ან ობის სუნის მოსაშორებლად იყენებს ძველ ხალხურ საშუალებას, ძმრის ხსნარს. სამწუხაროდ, აქ საშუალების კონცენტრაციაში დიდი შეცდომა შეიძლება დაუშვათ და მაცივრის შიდა საფარი დააზიანოთ.

ზოგი ყიდულობს სუნის სპეციალურ ნეიტრალიზატორს ბურთულების სახით, მაგრამ ეს იაფი სიამოვნება არაა. სააფთიაქო შავი ნახშირი პრობლემას მოაგვარებს სწრაფად, უსაფრთხოდ და სულ რაღაც თეთრებში.

5 აბი აქტივირებული ნახშირი დაფშვენით და პატარა მინის ან ლითონის ქილაში (მაგალითად, პაშტეტის) გადაიტანეთ. 1 ჩ/კ საკვები სოდა დაუმატეთ და აურიეთ. მაცივარში შეინახეთ. მზადაა! 1 თვე შეგიძლიათ დაივიწყოთ, როგორც სხვადასხვა სახის უსიამოვნო არომატი. ვადის გასვლის შემდეგ კომპონენტები განაახლეთ. დაზოგილი თანხით თქვენთვის რაღაც გემრიელობა შეიძინეთ.

გამწმენდი ნახშირი ნიჟარისთვის

ამ სორბენტს აქვს კიდევ ერთი საინტერესო თვისება: არა მხოლოდ უსიამოვნო სუნს შთანთქავს, არამედ სასიამოვნო არომატს აზიარებს. მოიმარაგეთ თქვენი საყვარელი ეთერზეთი (ციტრუსის საუკეთესოა) და საქმეს შეუდექით.

2–3 აბი ნახშირი ნიჟარაში ჩადეთ, ზემოდან დააწვეთეთ 5 წვეთი წყალი და საყვარელი ზეთი. როგორც კი, აბი ფხვნილად დაიშლება, ნიჟარის მილში ჩაყარეთ. მარტივი პროცედურა ღამით ჩაატარეთ ან ყოველ ჯერზე, როცა სახლიდან გადიხართ. გარანტიას გაძლევთ, ნებისმიერ ქიმიურ გამწმენდზე სამუდამოდ უარს იტყვით.

როგორ გამოვიყენოთ ნახშირის თვისებები, რომ მოამზადოთ არომადიფუზორი? 5–7 აბი ნახშირი პატარა მინის ჭურჭელში ჩადეთ, 15 წვეთი ეთერზეთი დააწვეთეთ. ქილა იქ დადეთ, სადაც გსურთ, – ტუალეტში, შემოსასვლელში ან მისაღებში. არომატული და ეკონომიური!

როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი ნიჟარის ქვეშ?

მაშინაც კი, ნაგვის ურნას რეგულარულად ცლით, ნიჟარის ქვეშ უსიამოვნო სუნი შეიძლება დადგეს. სიტუაციის გამოსწორება და პრევენცია მარტივია. ნაგვის ურნის გვერდით დადეთ ჭურჭელი 3–4 აქტივირებული ნახშირით. თავად ვედროში 5 წვეთი ეთერზეთი ჩააწვეთეთ. ნახშირი უსიამოვნო სუნებს შთანთქავს, ზეთი ჰაერს გამაგრილებელი არომატით აავსებს.

აქტივირებული ნახშირი კარადაში შმორის სუნის წინააღმდეგ

სააფთიაქო სორბენტი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ ადგილას, სადაც დახუთული ჰაერი თავის წესრიგს ადგენს. კარადაში ყოველთვის სასიამოვნო სურნელი რომ იყოს, ბამბის ქისაში 5-7 ნახშირის აბი ჩადეთ. ამ ხრიკით კარადას უსიამოვნო სუნისგან დაიცავთ.

კიდევ ერთი ადგილი, სადაც ნახშირით სავსე ქისა ან წინდა შეგიძლიათ შეინახოთ და უსიამოვნო სუნი დაივიწყოთ, ფეხსაცმელია. სორბენტი პრობლემურ ჩექმაში ჩადეთ, რამდენიმე საათი გააჩერეთ და შედეგით ისიამოვნეთ! სიტყვაზე, თუ აქტივირებული ნახშირის ნაცვლად გამოიყენებთ ჩვეულებრივ გრილის ნახშირს, იმავე შედეგს მიიღებთ. მთავარია, სქელ ქსოვილში გაახვიოთ, რომ მუქი ლაქები არ დარჩეს.