3 ეფექტური მეთოდი, როგორ გაწმინდოთ პლასტმასის ფანჯრის რაფა

0
167

საცხოვრებელი უფრო ნათელი და შესამჩნევად ფართო ხდება ინტერიერის ისეთი ელემენტის დახმარებით, როგორიცაა თეთრი ფანჯრის რაფა. ოთახის მცენარეების მოყვარულებმა კარგად იციან, რამდენად რთულია მისი სისუფთავის შენარჩუნება. პლასტმასის ფანჯრის რაფიდან ქოთნების ქვეშ წრეების მოშორება საკმაოდ პრობლემურია.

პირვანდელი სიქათქათის დასაბრუნებლად ხელმისაწვდომი საშუალებები უნდა გამოიყენოთ. მათი დახმარებით ქოთნების მიერ დატოვებულ ყვითელ ლაქებს ისე ეფექტურად გაუმკლავდებით, როგორც სპეციალიზებულ მაღაზიებში შეძენილი ქიმიით.

რით გავწმინდოთ პლასტმასის ფანჯრის რაფა: 3 ვარიანტი

სარეცხი საპონი

ერთი მყარი სარეცხი საპნით ფანჯრის რაფის საწმენდი ეფექტური საშუალება შეგიძლიათ გააკეთოთ. საპონი მსხვილად გახეხეთ. მიღებული ბურბუშელა თბილ წყალში გახსენით. მზა ნარევი ფანჯრის რაფაზე ჭუჭყიან ადგილს წაუსვით. ზემოდან ცოტა კბილის პასტა დაუმატეთ (იაფფასიანი კბილის პასტაც გამოგადგებათ). ღრუბელი აიღეთ და კომპონენტებს აურიეთ, შემდეგ მთელ ფანჯრის რაფას წაუსვით. 10 წუთი მოიცადეთ. შემდეგ ღრუბლის აბრაზიული მხრიდან ჭუჭყიანი ადგილი კარგად გახეხეთ. სველი ჩვრით ფანჯრის რაფას საწმენდი საშუალება მოაშორეთ. მზადაა!

წყალბადის ზეჟანგი

ფანჯრის რაფაზე ჭუჭყთან გასამკლავებლად უფრო ძლიერი მეთოდიც არსებობს. აიღეთ წყალბადის ზეჟანგი. ღრუბელს წაუსვით და ფანჯრის რაფაზე ყვითელ ადგილებს შეაზილეთ. 10 წუთის შემდეგ სუფთა სველი ჩვრით ფანჯრის რაფა გაწმინდეთ. მნიშვნელოვანია: ასეთი დასუფთავების შემდეგ ოთახი აუცილებლად გაანიავეთ.

საკვები სოდა

როგორ შეიძლება გვერდი ავუაროთ სოდას, როცა საქმე ხელნაკეთი საწმენდი საშუალების მომზადებას ეხება? მისი დახმარებით ფანჯრის რაფას გაწმენდთ და ოდნავ გაათეთრებთ. სოდის გამოყენება შეგიძლიათ 2 მეთოდით:

  • მეთოდი 1. სოდა ფანჯრის რაფას მოაყარეთ, მთელ ზედაპირზე თანაბრად გაანაწილეთ. ღრუბელი სუფრის ძმარში დაასველეთ და სოდამოყრილი ზედაპირი დაამუშავეთ. ხსნარი, რომელიც აქაფდება, 30 წუთი გააჩერეთ. წასმული საშუალება სველი ჩვრით მოაშორეთ და შენობა გაანიავეთ.
  • მეთოდი 2. საკვები სოდა და სარეცხი ფხვნილი აურიეთ. სველი ჩვრით ფანჯრის რაფა გაწმინდეთ. ზემოდან მზა მშრალი ნარევი მოაყარეთ. 2 საათი მოიცადეთ, შემდეგ ფანჯრის რაფა ჯაგრისით გახეხეთ. წასმული ნარევი მოაშორეთ და გაამშრალეთ.

პლასტმასის ფანჯრის რაფის გაწმენდა მხოლოდ წყლით შეუძლებელია. დრო არ დაკარგოთ და ზემოთ მოცემული ერთ–ერთი საშუალება გამოიყენეთ. შემდეგ თქვენი ფანჯრის რაფა ახალივით იქნება: სუფთა და ქათქათა (ქოთნების კვალის და ყვითელი ლაქების გარეშე).