ახლოს არ მოუშვათ: ტოქსიკური ადამიანების 6 ტიპი

0
278

როცა ჩვენს საახლობლო წრეში ტოქსიკური ადამიანები არიან, ხშირად განვიცდით სტრესს, თავდაჯერებულობის დაკარგვას და ნეგატივს. ტოქსიკურმა ადამიანებმა ჩვენს განწყობაზე და თვითშეფასებაზე გავლენა რომ ვერ მოახდინონ, მათი ამოცნობა და შემდეგ თავიდან არიდება უნდა ვისწავლოთ.

გამორიცხეთ ასეთი ხალხი თქვენი ცხოვრებიდან და მალე იგრძნობთ სასიამოვნო ცვლილებებს. თქვენი მენტალური ჯანმრთელობა „ტოქსინების“ მოშორებისთვის მადლობას გეტყვით. ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ.

ტოქსიკური ადამიანები: 6 ძირითადი ტიპი

შურიანი

ასეთ ადამიანს საკუთარ ცხოვრებაზე კონცენტრირება არ შეუძლია. მისთვის მნიშვნელოვანია, რა ხდება სხვების ცხოვრებაში (სასურველია, რაღაც ცუდი იყოს). შურიანი ვერ ხარობს სხვისი წარმატებით, თუნდაც საქმე ახლობლის წარმატებას ეხებოდეს. ვერ ითმენს, როცა სხვების საქმეები მათზე უკეთესად მიდის. არ მისცეთ უფლება მსგავს ხალხს თქვენი მიღწევები გააუფასუროს და შურიანი შხამი გადმოანთხიოს.

მანიპულატორი

ის, ვინც ცდილობს სხვისი ცხოვრება გააკონტროლოს და თავისას მოარგოს, ვერ იქნება ნამდვილი მეგობარი. მანიპულატორი უახლოვდება ადამიანს მხოლოდ იმისთვის, რომ სარგებელი მიიღოს. მართავს ხალხს, როგორც მარიონეტების ოსტატი, რომელიც ძაფებს ამოძრავებს. გაწმინდეთ თქვენი გარემოცვა მანიპულატორებისგან, რომ შესაძლებლობა არ ჰქონდეთ ყველაფერში გაკონტროლოთ.

ეგოისტი

ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარ გრძნობებზე ფიქრობს, არ უნდა იყოს თქვენს საახლობლო წრეში. ეგოცენტრული პიროვნება პირველ რიგში ყოველთვის საკუთარ თავზე იფიქრებს. თქვენი ინტერესები, სურვილები და განცდები მისთვის ცარიელი ფრაზაა. ახლოს არ მოუშვათ ეგოისტი, რადგან არასდროს დაგაფასებთ.

ნეგატივის თაიგული

მუდმივად პესიმისტი და ანჩხლი ადამიანი ნამდვილი დემოტივატორია, რომელიც სხვებში აღვივებს თავდაუჯერებულობას და ეჭვებს საკუთარ ძალებში. მისი ჭიქა ყოველთვის ნახევრად ცარიელია. ჩვეულებრივ, ასეთი ადამიანი სხვებს ნეგატივით აინფიცირებს. მათგან რაც შეიძლება შორს უნდა გაიქცეთ.

დამცინავი

ის, ვინც მიჩვეულია სხვების წყენინებას ან შეურაცხყოფას (თუნდაც ხუმრობით) თქვენი საახლობლო წრიდან უნდა გამორიცხოთ. ასეთი კრიტიკოსები, რომლებიც სხვებში რაღაც ნაკლს გამუდმებით პოულობენ, სხვებს თრგუნავენ. თუ თქვენი ნაცნობი რეგულარულად გკვებავთ შეურაცხყოფით, თან ამას იუმორს მიაწერს, მასთან ურთიერთობას მოერიდეთ.

პირფერი

პერსონა, რომელიც თვალებში გიღიმით, ხოლო ზურგს უკან ლაფში გსვრის, ახლოს არ უნდა მოუშვათ. ასეთ პირფერთან დაახლოება არ ღირს. მისგან ჭორებისა და გაკიცხვის გარდა სხვა ვერაფერს მიიღებთ.

ტოქსიკური ადამიანის ამოცნობის შემდეგ სცადეთ მისგან თავი შორს დაიჭიროთ ემოციურ დონეზე. დისტანცია და საზღვრები არის ის, რაც თავიდანვე უნდა დაადგინოთ. ასეთი ადამიანის მოშორებით საკუთარ თავს დიდ სიკეთეს გაუკეთებთ.