გამოცდილმა მებოსტნეებმა ზუსტად იციან, სად არ ღირს ნივრის დარგვა, რომ მოსავლის გარეშე არ დარჩნენ

0
637

ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში ბევრი მებოსტნე ზამთრისთვის ნივრის დარგვას იწყებს. ზაფხულში პიკანტური ბოსტნეულის კარგი მოსავლის ასაღებად საკმარისი არაა შემოდგომაზე ნივრის კბილების მიწაში უბრალოდ ჩარგოთ. მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიოთ ადგილი და აუცილებლად გამოკვებოთ, რადგან გაზაფხული–ზაფხულის ვეგეტაციის პერიოდში ნიადაგი ძალიან გამოიფიტა. სასარგებლო ელემენტების მთელი მარაგი მისცა კულტურებს, რომლებიც აქ ადრე იზრდებოდნენ, და ახლა აღდგენაში დახმარება სჭირდება.

სასუქები საშემოდგომო ნივრისთვის

კვლების გასანაყოფიერებლად როგორც მინერალური, ასევე ორგანული სასუქები შეგიძლიათ გამოიყენოთ. რეკომენდებულია, ნიადაგის ნაყოფიერება კომპლექსურად გაზარდოთ.

შემოდგომაზე უმჯობესია გამოიყენოთ კალიუმ–ფოსფორის მინერალური სასუქი. მათ მიეკუთვნება: სუპერფოსფატი, კალიუმის მარილი, კალიუმი მაგნიუმთან ერთად, ფოსფორის ფქვილი და მსგავსი. მათი გავლენით ნიორი კარგად გაფესვიანდება და სიცივეს და დაავადებებს უკეთ შეებრძოლება.

აზოტის შემცველი მინერალური სასუქი საშემოდგომო ნივრისთვის არ გამოგადგებათ:  კბილების სწრაფად ზრდას ხელს უწყობს, ხოლო მწვანე ყლორტები ყინვისგან შეიძლება მოკვდეს. კალციუმის და ნატრიუმის ნიტრატის, ამონიუმის სულფატის, ამონიუმის ნიტრატის, შარდოვანას და სხვა ნივთიერებების დამატება შემოდგომაზე არ ღირს.

სიდერატები საშემოდგომო ნივრისთვის შესანიშნავი ნატურალური სასუქია. ამ მიზნით დაგჭირდებათ სამყურას, იონჯის, რაფსის, მდოგვის, ფაცელიას აღმონაცენები.

ზამთარში ნივრისთვის ორგანულ სასუქად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტორფი, კომპოსტი, ნეშომპალა და ხის ნაცარი. ახალი ნაკელის გამოყენება არ შეიძლება. 1 კვადრატულ მეტრ ნაკვეთზე დაგჭირდებათ ნახევარი კილო ნაცარი ან 1 ვედრო ნეშომპალა (ტორფი, კომპოსტი).

კომპლექსური სასუქის მისაღებად კომპოსტი და ნაცარი აურიეთ. აქვე შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ს/კ სუპერფოსფატი და 1–2 დიდი კოვზი კალიუმის სულფატი. კვადრატულ მეტრზე სასუქის ნორმას არ გადააჭარბოთ, რადგან კვლებში არაფერი გაიზრდება.

როგორ გამოვიყენოთ სასუქი საშემოდგომო ნივრისთვის?

ბოსტნეულის დარგვამდე 15-20 დღით ადრე ხის ნაცარი, კომპოსტი, ტორფი ან ნეშომპალა ბოსტანში თანაბრად გაანაწილეთ. ამის შემდეგ გადაბარეთ. თუ არ იყენებთ კომპლექსურ სასუქს, 1 კვირის შემდეგ მინერალური სასუქი დაუმატეთ.

თუ გეგმავთ კვლების გამოკვებას მწვანე სასუქით, სიდერატი დროულად უნდა დათესოთ. კვლების გადაბარვამდე კულტურამ სქელი აღმონაცენი უნდა მოგცეთ. ძალიან მაღალი ღეროები გადახვნამდე უნდა მოითელოს.

რა მოთხოვნები არის კვლების მიმართ, სადაც საშემოდგომო ნიორი გაიზრდება?

კვლები უნდა იყოს კარგად განათებულ ადგილას ზომიერი ტენიანობით. კულტურა ცუდად იზრდება მიწაში, სადაც მაღალი მჟავიანობაა. ნიორს სჭირდება მსუბუქი ქვიშიანი ნიადაგი.

თესლბრუნვის წესები უნდა დაიცვათ და არ დარგოთ ნიორი იქ, სადაც ადრე კამა ან ხახვი იზრდებოდა. საშემოდგომო ნივრისთვის ცუდი წინამორბედია შემდეგი კულტურები: კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, პომიდორი, ბადრიჯანი და წიწაკა.

ნიორი კარგად იზრდება პარკოსანი ოჯახის მცენარეების შემდეგ. თამამად დარგეთ ლობიოს ან ბარდის ადგილზე. ნივრის კარგი მოსავალი შეგიძლიათ აიღოთ კვლებიდან, სადაც ადრე იზრდებოდა ყაბაყი, კიტრი ან პატისონი.