გემრიელი დესერტები მანანის ბურღულით: ტოპ 5 რეცეპტი

0
179

ბევრი დესერტის რეცეპტში შეგიძლიათ იპოვოთ ისეთი ინგრედიენტი, როგორიცაა მანანის ბურღული. მას ფქვილის ნაცვლად უმატებენ ცომს, რაც კერძს უფრო ნაზ ტექსტურას აძლევს. მანანის ბურღულს კრემსაც უმატებენ. ამის წყალობით კრემი ფორმას უკეთ ინარჩუნებს, სქელდება. რა მიზნითაც არ უნდა გამოიყენოთ ეს ინგრედიენტი, დესერტები მანანის ბურღულით ყოველთვის სუპერწარმატებული გამოვა.

დაუვიწყარი ჰაეროვანი ცომი და გემრიელი კრემი, რომელიც ფორმას ინარჩუნებს, – შედეგი, რომელიც გელოდებათ, თუ ამ მარცვლეულს ტკბილ კერძს დაუმატებთ. პაპარაცი გთავაზობთ გაეცნოთ მანანის ბურღულით მაქსიმალურად არომატული დესერტების რეცეპტებს.

საუკეთესო დესერტები მანანის ბურღულით: ტოპ 5 ყველაზე გემრიელი

ფაფუკი ვაშლის შარლოტა

ინგრედიენტები:

  • 0,5 ჭიქა მანანის ბურღული
  • 0,5 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 220 გ არაჟანი
  • 150 გ შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 4 ვაშლი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • მზესუმზირის ზეთი ფორმაზე წასასმელად

მომზადების წესი:

  1. კვერცხი ღრმა თასში ჩატეხეთ. შაქარი და მარილი დაუმატეთ. სათქვეფით მსუბუქი ქაფის მიღებამდე ათქვეფეთ. არაჟანი დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტს აურიეთ.
  2. მიღებულ მასას დაუმატეთ გაცრილი ხორბლის ფქვილი, მანანის ბურღული და გამაფხვიერებელი. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ცომი 15 წუთი გააჩერეთ, მანანის ბურღულმა გასივება რომ მოასწროს.
  3. ვაშლი კარგად გარეცხეთ და გათალეთ. შუაგული და ყუნწები მოაშორეთ. ვაშლი კუბებად დაჭერით. ცომს დაუმატეთ და ფრთხილად აურიეთ.
  4. სახსნელი საცხობი ფორმა (20 სმ დიამეტრი) აიღეთ. ფორმის ძირზე და გვერდებზე ზეთი წაუსვით. ცომი ფორმაში ჩაასხით.
  5. მომავალი შარლოტა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35–40 წუთი აცხვეთ. არომატული პეროგი ვაშლით მზადაა!

წარმატებული ხაჭოკვერა საუზმეზე

ინგრედიენტები:

  • 200 გ ხაჭო
  • 3 ს/კ მანანის ბურღული
  • 1 კვერცხი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 2 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:

  1. ხაჭო ერთგვაროვანი გლუვი მასის მიღებამდე ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ. კვერცხი, შაქარი და მარილი დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტს კარგად აურიეთ.
  2. ხაჭოს მასას 2 ს/კ მანანის ბურღული დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. ხაჭოკვერის საფუძველი 15 წუთი გააჩერეთ. მისგან სასურველი ფორმები გამოძერწეთ.
  3. დარჩენილი მანანის ბურღული და ფქვილი აურიეთ. ხაჭოს ნამზადი მიღებულ ნარევში ყველა მხრიდან ამოავლეთ.
  4. ტაფაზე მზესუმზირის ზეთი გააცხელეთ. ხაჭოკვერა ორივე მხრიდან შეწითლებამდე შეწვით. იდეალური საუზმე მზადაა!

ნაზი რულეტი მანანის ბურღულის კრემით

ინგრედიენტები:

  • 200 გ ხორბლის ფქვილი
  • 5 კვერცხი
  • 200 გ შაქარი
  • 10 გ გამაფხვიერებელი
  • 30 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 10 გ ვანილი
  • 20 გ კაკაოს ფხვნილი
  • 250 მლ რძე
  • 50 გ მანანის ბურღული
  • 10 გ ფორთოხლის ცედრა
  • 200 გ კარაქი
  • 100 გ ყაყაჩოს თესლი
  • 100 გ შაქრის ფხვნილი

მომზადების წესი:

  1. კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. ღრმა თასში კვერცხის ცილა და 150 გ შაქარი აურიეთ. ფაფუკი ქაფის მიღებამდე ათქვეფეთ. ცილოვან ნარევს თანდათან დაუმატეთ კვერცხის გულები, ათქვეფა არ შეწყვიტოთ.
  2. მიღებულ ნარევს მზესუმზირის ზეთი დაუმატეთ. ფრთხილად აურიეთ. გაცრილი ხორბლის ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  3. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. მზესუმზირის ზეთი წაუსვით. შოკოლადის ცომი ჩაასხით და გაასწორეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთი აცხვეთ.
  4. ოდნავ შეგრილებულ ფენას პერგამენტის ქაღალდი მოაშორეთ. რულეტი დაახვიეთ და გვერდზე გადადეთ.
  5. კრემი მოამზადეთ. სქელძირიან ქვაბში რძე ჩაასხით. მანანის ბურღული, ყაყაჩო და 50 გ შაქარი დაუმატეთ. წვრილად გახეხილი ფორთოხლის ცედრა დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ნარევი ზომიერ ცეცხლზე შესქელებამდე ხარშეთ, აქტიურად ურიეთ.
  6. რბილი კარაქი და შაქრის ფხვნილი ფაფუკი მასის მიღებამდე ათქვეფეთ. თანდათან მიღებულ ნარევს ცივი რძიანი ნარევი დაუმატეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ფრთხილად აურიეთ.
  7. შოკოლადის ფენა გაშალეთ. ყაყაჩოს კრემი წაუსვით. რულეტი დაახვიეთ. 3 საათი მაცივარში შეინახეთ. ნაზი დესერტი ჩაიზე მისაყოლებლად მზადაა!

სწრაფი ხაჭოს მობრაწულა

ინგრედიენტები:

  • 400 გ ხაჭო
  • 5 ს/კ მანანის ბურღული
  • 3 ს/კ შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 1 ს/კ არაჟანი
  • 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • მწიკვი ვანილი
  • კარაქი ფორმაზე წასასმელად

მომზადების წესი:

  1. კვერცხი ათქვეფეთ. შაქარი და მარილი დაუმატეთ. ოდნავ ათქვეფეთ.
  2. ცალკე თასში ხაჭო ჩანგლით ჩაჭყლიტეთ. კვერცხის ნარევი და თხელი არაჟანი (მინიმუმ 20%–იანი) დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  3. მიღებულ ნარევს დაუმატეთ მანანის ბურღული და ვანილი. ყველა ინგრედიენტს კარგად აურიეთ. მასა 15 წუთი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.
  4. ხაჭოს ნარევს გამაფხვიერებელი დაუმატეთ და ისევ აურიეთ. მიღებული მასა კარაქწასმულ საცხობ ფორმაში გადაიტანეთ და გაასწორეთ.
  5. მომავალი მობრაწულა წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 45 წუთი აცხვეთ. გემრიელად მიირთვით!

შოკოლადის მანიკი ჩაიზე მისაყოლებლად

ინგრედიენტები:

  • 500 მლ კეფირი
  • 2 ჭიქა მანანის ბურღული
  • 2 კვერცხი
  • 3 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 180 გ შაქარი
  • 3 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 10 გ ვანილი
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი

მომზადების წესი:

  1. მანანის ბურღული, კაკაო, გამაფხვიერებელი, შაქარი და ვანილი კარგად აურიეთ.
  2. ცალკე თასში კეფირი ჩაასხით. მშრალი ინგრედიენტების ნარევი დაუმატეთ და გლუვი სქელი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. ნახევარი საათი გააჩერეთ.
  3. კვერცხი თასში ჩატეხეთ. კვერცხი და 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი შოკოლადის ცომს დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ცომი ზეთწასმულ საცხობ ფორმაში გადაიტანეთ.
  4. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთი აცხვეთ. შემდეგ ტემპერატურას 180 გრადუსამდე დაუწიეთ. მანანის ბურღული ღუმელში 35–40 წუთი გააჩერეთ.

აი, ასეთი შეუდარებელი დესერტები გაალამაზებს თქვენს ტკბილ სუფრას, თუ მანანის ბურღულს გამოიყენებთ.