კონა ახალი ოხრახუში ნამდვილი ხსნაა სახის კანისთვის – ეფექტური ნიღბების რეცეპტები

465

კვების პროდუქტების კოსმეტიკაში გამოყენების თანამედროვე ტენდენცია სულ უფრო პოპულარული ხდება. ისეთი გასტრონომიული კომპონენტიც, როგორიცაა მწვანილი, დამატენიანებელ და მკვებავ საშუალებად გამოიყენება. პაპარაცი გიამბობთ, რა სარგებელი აქვს ოხრახუშს სახისთვის და საშიშია თუ არა მისი გამოყენება ამ მეთოდით.

აღსანიშნავია, რომ ეს მწვანილი არა მხოლოდ კუჭ–ნაწლავის ტრაქტზე მოქმედებს დადებითად, არამედ კანზეც დადებითი ეფექტი აქვს. ამას კანის მოვლის კოსმეტიკური საშუალებების ბევრი მწარმოებელი იყენებს და მწვანილს სახის ზოგიერთ პროდუქტში ამატებს.

რა სარგებელი აქვს ოხრახუშს სახისთვის: გამოყენების მეთოდები

მდიდარი შემადგენლობა

მწვანილს გემური თვისებების გარდა, სხვა ღირსებებიც აქვს. მდიდარია სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინებით, ძლიერი ანტიოქსიდანტებით, მინერალებით (კალიუმი, სელენი, თუთია), ასევე ეთერზეთებით. ოხრახუში თავისი შემადგენლობით ნამდვილი აღმოჩენაა კოსმეტოლოგებისთვის.

ეს მწვანილი კანის გაღიავებაში, პიგმენტაციის მოშორებაში დაგეხმარებათ. ოხრახუშს აქვს ანტიბაქტერიული თვისებები, ასევე ანტიასაკობრივი ეფექტი. სახის კანს ატენიანებს, აგლუვებს და დაბერებისგან იცავს.

დამატენიანებელი ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 15 გ ახალი ოხრახუში
  • 1 ს/კ სქელი არაჟანი
  • ნახევარი კიტრი

მომზადების წესი:

  1. ოხრახუში კარგად გარეცხეთ. ბასრი დანით დააქუცმაცეთ. ოხრახუში და არაჟანი პატარა თასში აურიეთ.
  2. მსხვილი კიტრი წვრილად გახეხეთ. დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  3. ნიღაბი სუფთა და მშრალ სახეზე წაისვით. 15 წუთი გაიჩერეთ. ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის

ინგრედიენტები:

  • 15 გ ახალი ოხრახუში
  • 1 მწყრის კვერცხის გული
  • 5 მლ ქაცვის ზეთი

მომზადების წესი:

  1. კარგად გარეცხილი და მშრალი ოხრახუში წვრილად დაჭერით. ქაცვის ზეთი და კვერცხის გული დაუმატეთ. ფაფის მიღებამდე აურიეთ.
  2. მიღებული ნარევი სუფთა კანზე წაისვით, თვალის ირგვლივ ზონას მოარიდეთ. 10 წუთი გაიჩერეთ (უფრო დიდხანს არა).
  3. ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. სახე ქაღალდის პირსახოცით გაიმშრალეთ. მზადაა!

საშუალება თვალების ქვეშ წრეებისთვის

ინგრედიენტები:

  • 15 გ ოხრახუში
  • 0,5 ჭიქა წყალი
  • 15 მლ ქაცვის ზეთი
  • ნახევარი მსხვილი კარტოფილი

მომზადების წესი:

  1. ოხრახუში გარეცხეთ და დააქუცმაცეთ. მწვანილს მდუღარე წყალი დაასხით. 3 საათი გააჩერეთ. შემდეგ მზა ნაყენი გადაწურეთ.
  2. კარტოფილი გათალეთ და გახეხეთ. კარტოფილი და 2 ს/კ ოხრახუშის ნაყენი აურიეთ. ქაცვის ზეთი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  3. მიღებული მასა 2 მარლის სალფეთქზე გადაიტანეთ. დაწექით და თვალები დახუჭეთ. საშუალება მარლით დაიფინეთ.
  4. 20 წუთის შემდეგ ოხრახუშის მასა თვალებიდან მოიშორეთ. სუფთა და ჯანსაღი იერით ისიამოვნეთ.

ტონიკი მათეთრებელი ეფექტით

ინგრედიენტები:

  • 30 გ ოხრახუში
  • 1 ჭიქა წყალი
  • 1 მსხვილი ლიმონის ნაჭერი

მომზადების წესი:

  1. გარეცხილ მწვანილს მდუღარე წყალი დაასხით. სრულ გაგრილებამდე სამზარეულოში გააჩერეთ. შემდეგ ნარევი 2 საათი მაცივარში შეინახეთ.
  2. მიღებულ ნახარშს ლიმონის მსხვილი ნაჭერის წვენი ჩაასხით და აურიეთ.
  3. მზა ნარევით კანი დღეში ერთხელ გაიწმინდეთ. ასე კანს გააღიავებთ და პიგმენტაციას მოიშორებთ. ტონიკის გამოყენებისას თვალების ირგვლივ ზონას მოარიდეთ.

გახსოვდეთ, რომ ოხრახუშით მომზადებული მსგავსი ხელნაკეთი საშუალებები მაქსიმუმ 24 საათი შეგიძლიათ შეინახოთ. გამოყენებამდე კი ალერგიულ რეაქციაზე ტესტი აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ ოხრახუშის ნიღაბი მთელ სახეზე წაისვათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს