დრაკონის მეამბოხური წელი სილამაზის ინდუსტრიას ბევრ ცვლილებას მოუტანს. როგორი იქნება 2024 წლის ტრენდები მაკიაჟში და ვარცხნილობაში? პაპარაცი გიამბობთ მომავალი წლის სილამაზის ტენდენციებზე პოდიუმზე და როგორ შეიძლება მათი მარტივად გადმოტანა რეალურ ცხოვრებაში. სითამამე, გამბედაობა და სიკაშკაშე მომავალი სეზონის მთავარი აქცენტი გახდება. მაგრამ არა ელეგანტურობის, ზომიერების და ელვარების გარეშე.
2024 წლის ტრენდები
მაკიაჟის მთავარ ტრენდებს შორის სიმქრქალის ადგილი აღარ იქნება. კანი ჯანსაღ ელვარებას უნდა ასხივებდეს. ამასთან კანის საფარი უნდა იყოს ძალიან მსუბუქი, სველი ან პრიალა ეფექტის გარეშე. სწორედ ამიტომ, შეარჩიეთ წყალზე დაფუძნებული ტინტები ცხიმიანი ფინიშის გარეშე – ის მოგანიჭებთ რუჯის უწონო ეფექტს და მსუბუქ სისწორეს.
სახის მძიმე მოდელირება მეორეხარისხოვანი გახდება. მას რუმიანის ტრენდი შეავიწროებს. სილამაზის ბლოგერები გვირჩევენ, გამოვიყენოთ ერთი პროდუქტი მონოქრომული მაკიაჟისთვის. რუმიანა შეგიძლიათ წაისვათ ერთდროულად ლოყებზე, ქუთუთოებზე, ცხვირის წვერზე და ტუჩებზე. მომავალი სეზონის ყველა ტრენდი შეგიძლიათ ნახოთ ამერიკის მოდის კანონმდებლებთან, მაგალითად, კარდაშიანების ოჯახის გოგოებთან ან მოდელ ჰეილი ბიბერთან.
ყურადღება მიაქციეთ: ამიერიდან რუმიანა უნდა წაისვათ არა ლოყებზე, არამედ ჰაილაითერის ზონაზე. ადრე რუმიანით სახის მოდელირება ცუდ ტონად ითვლებოდა. თუმცა ახალი ტრენდის მიხედვით, ასე უფრო ბუნებრივ იერს მიიღებთ. ასევე შეძლებთ ლოყებიდან აქცენტის გადატანას, თუ ბუნებრივად სიწითლისკენ მიდრეკილია. თუ რუმიანის ზემოთ ჰაილაითერს გადაისვამთ, ჯანსაღ, მბზინავ, კრემისებრ ეფექტს მიიღებთ.
წარბები, წამწამები და თვალის მაკიაჟი
2024–2025 წლებში ბუნებრიობა მოდაში დარჩება. სქელი, ზემოთ დავარცხნილი წარბები ნელ–ნელა კვარცხლბეკიდან ჩამოვა. მის ადგილს დაიკავებს დაუვარცხნელი და ოდნავ მოუწესრიგებელი წარბების ბუნებრივი ეფექტი. ოდნავ გაღიავებული, ნაკლებად გამოკვეთილი, სახის მთავარი აქცენტი აღარ უნდა იყოს.
ექსპერიმენტატორ გოგონებს შეუძლიათ გამოსცადონ თამამი ტრენდები და წარბების გაუფერულება. ბოლო 6 თვეა მას უცხოელი ვარსკვლავები დიდი ენთუზიაზმით მიმართავენ.
ღია, პასტელური და კაშკაშა პიგმენტური ლაინერი სხვადასხვა ფერში (მათ შორის ბრჭყვიალა) 2024 წელს საცეკვაო მოედანზე ცეცხლს აანთებს. გააღვიძეთ შინაგანი მხატვარი და საკუთარ თავს ისრებით ექსპერიმენტების უფლება მიეცით. ისრები შეიძლება იყოს ტალღოვანი, სწორი მკაცრი ხაზი ან კლასიკური – ბები–დოლის და შანელის სტილში. მოკლე სქელი ისრები ხედვის სიღრმეს იდეალურად გახსნის.
ყავისფერი – ახალი შავი. 2024 წელს თამამად გამოიყენეთ ყავისფერის ელფერები ლუქის და მაკიაჟის შექმნისას. ლატეს ელფერებმა მომავალი სეზონის ყველა ტრენდი ააფეთქა. ისევე როგორც ოქროს მეტალისებრი ბზინვარება ქუთუთოებზე.
ტუჩის მაკიაჟი
არანაირი სიმქრქალე, მხოლოდ აქტიური სიპრიალე და ბზინვარება. გახსოვთ გასული ათწლეულის უცნაური ტრენდი, ტუჩების გარშემო მუქი თვალის ფანქრის და განსხვავებული ელფერის ტუჩსაცხის წასმა? კრემისფერი ტუჩსაცხი და ყავისფერი თვალის ფანქარი ისევ მოდაშია.
შავი, მწვანე, მოშავო–წითელი ტუჩები – პოდიუმის ტრენდია გაბედული ქალებისთვის. თუ ფილმის “ადამსების ოჯახის” და გახმაურებული სერიალის “უენსდეის” დიდი გულშემატკივარ ხართ, იმოქმედეთ: გოთური მაკიაჟი თავის ნიშას დაიკავებს მომავალ სეზონზე. მუქ ტუჩსაცხთან ერთად გონივრული იქნება ჯადოსნური შავი და ცოტა პირქუში იერი. სიტყვაზე, თუ ისრების სუფთად წასმა ჯერ ვერ ისწავლეთ, მოდა ჩრდილებზე ჩაშლის გარეშე, თითქმის დაუდევრობის ზღვარზე, შესაფერისი იქნება.
2024 წლის ტრენდები: ვარცხნილობა
მომავალ სეზონზე ფუტურიზმის თამამი სიახლე ჰარმონიულად გადაიხლართება მითოლოგიის გზავნილებში: ქალთევზა, ამორძალი და შუა საუკუნეების ნახევრად გოთიკური. როგორც მაკიაჟში, ასევე ვარცხნილობაში ვიკინგი გოგოს ელემენტები შეგიძლიათ ჩართოთ.
შემოქმედებითი არეულობა ლამაზად შეგიძლიათ გადაითამაშოთ: აჩეჩილი, ბუმბულის “ბუდე”, ყველა შესაძლო აქსესუარი და ნაწნავი. რამდენიმე ან ერთი მოწესრიგებული ნაწნავით ველური ქალის პოდიუმის სტილი ადვილად შეგიძლიათ გადმოიტანოთ. აფრონაწნავი ისევ პოპულარული გახდება.
ამავდროულად, მოდაში დარჩება შუაზე გაყოფილი გლუვი ვარცხნილობა. სწორი სქელი თმის მისაღწევად გამოიყენეთ თმის დასასწორებელი, მანამდე კი თერმოდამცავი წაისვით.
თუ სასაჩუქრე წვრილი ლენტები გაქვთ, რომლებიც წლები “ყოველი შემთხვევისთვის” ინახებოდა, მათი ვარსკვლავური საათი დადგა! დროა კოსმეტიკის ჩანთაში გადაიტანოთ და ნაწნავებში ჩაიქსოვოთ.
ტრენდებს რომ არ ჩამორჩეთ, სხვადასხვა სტილით ექსპერიმენტები თამამად ჩაატარეთ. სიკაშკაშე, წვნიანობა და ენთუზიაზმი – 2024 წლის ტრენდებში არის რაღაც 90–იანი წლების ბოლოდან და 2000–იანი წლების დასაწყისიდან!