საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე: 5 იდეა, რა მოვამზადოთ კუსკუსით

0
93

კუსკუსი მკვებავი მარცვლეულია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და არა ტყუილად! თუ კუსკუსს მთავარ ინგრედიენტად გამოიყენებთ, დღის სრულფასოვანი მენიუს შექმნას შეძლებთ. პაპარაცი გიამბობთ, რა მოამზადოთ კუსკუსით საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე.

გელოდებათ არა მხოლოდ მარტივი გარნირების, არამედ დამოუკიდებელი კერძების რეცეპტები, რომლებიც გემოთი და ტექსტურით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. გაფრთხილებთ, რომ რეცეპტების გაცნობისთანავე მაღაზიაში ამ მარცვლეულის შეფუთვის შესაძენად გაქცევის სურვილი გაგიჩნდებათ.

რა მოვამზადოთ კუსკუსით: 5 ვარიანტი

ნოყიერი საუზმე

ინგრედიენტები:

  • 3 ს/კ კუსკუსი
  • 2 პომიდორი
  • 100 გ ყველი ფეტა
  • 3 ტოტი ოხრახუში
  • მარილი გემოვნებით
  • 2 მწიკვი დაფქული შავი წიწაკა
  • კარაქი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კუსკუსი თასში ჩაყარეთ. მდუღარე წყალი დაასხით (სითხე მარცვლეულს ორი თითზე უნდა ფარავდეს). კუსკუსს თავსახური დაახურეთ. 10–15 წუთი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.
  2. პომიდორი კარგად გარეცხეთ და მსხვილად დაჭერით. ოხრახუში გარეცხეთ და დაჭერით. ყველი კუბებად დაჭერით.
  3. დაორთქლილ კუსკუსს მარილი და წიწაკა დაუმატეთ. ცოტა კარაქი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  4. ზემოდან პომიდორი, ყველი და დაჭრილი მწვანილი დაუმატეთ და ისევ აურიეთ. გემრიელად მიირთვით!

გასაოცარი წასახემსებელი

ინგრედიენტები:

  • 4 თხელი ლავაში
  • 350 გ ქათმის ფილე
  • 120 გ კუსკუსი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ხახვი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 80 გ ყველი ფეტა
  • 100 გ ნატურალური იოგურტი
  • 0,25 ჩ/კ კურკუმა
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 4 სალათის ფურცელი

მომზადების წესი:

  1. კუსკუსი ღრმა თასში ჩაყარეთ. მდუღარე წყალი დაასხით და 10–15 წუთი გააჩერეთ.
  2. ქათმის ფილე ზოლებად დაჭერით. ტაფაზე ზეთი გააცხელეთ და მასში ხორცი მომზადებამდე შეწვით. შემწვარი ხორცი თასში გადაიტანეთ.
  3. ხახვი და ნიორი გაასუფთავეთ. წვრილად დაჭერით. ტაფაზე, სადაც ხორცი შეწვით, ბოსტნეული 5 წუთი შეწვით.
  4. ბულგარული წიწაკა კარგად გარეცხეთ. თესლი და ყუნწი მოაშორეთ და ზოლებად დაჭერით. წიწაკა და დანარჩენი ბოსტნეული ტაფაზე აურიეთ. კურკუმა დაუმატეთ და აურიეთ. 10 წუთი ყველაფერი ჩაშუშეთ.
  5. ქათამი დაუმატეთ და აურიეთ. ნარევი კიდევ 2 წუთი ჩაშუშეთ.
  6. ფეტა ჩანგლით დააქუცმაცეთ. კუსკუსს აურიეთ და ყველაფერი ტაფაზე ბოსტნეულს და ხორცს დაუმატეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ და აურიეთ.
  7. ლავაშზე სალათის ფურცელი დააფინეთ. იოგურტი წაუსვით. ზემოდან შიგთავსი გადაიტანეთ. რულეტი დაახვიეთ. სასარგებლო შაურმა ტაფაზე ორივე მხრიდან შეწითლებამდე შეწვით.

არომატული წვნიანი სადილზე

ინგრედიენტები:

  • 600 გ პომიდორი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 120 გ კუსკუსი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ხახვი
  • 2 კარტოფილი
  • 2 ლ წყალი
  • 1,5 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 20 გ ოხრახუში

მომზადების წესი:

  1. ხახვი და ნიორი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით. ბოსტნეული ტაფაზე გახურებულ ზეთში 5 წუთი შეწვით.
  2. პომიდორი გარეცხეთ, მდუღარე წყალში მოათავსეთ. 1 წუთის შემდეგ პომიდორი ამოიღეთ და კანი გააცალეთ. რბილობი დააბლენდერეთ. პომიდვრის პიურე ტაფაზე ხახვს დაუმატეთ. ერთად 5 წუთი ჩაშუშეთ.
  3. წყალი ქვაბში ჩაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. წყალს ბოსტნეული პომიდვრის პიურეთი დაუმატეთ და 7 წუთი ხარშეთ.
  4. კარტოფილი გათალეთ და პატარა კუბებად დაჭერით. ბულგარული წიწაკა გარეცხეთ და ასევე კუბებად დაჭერით. ქვაბში ჩაყარეთ.
  5. კუსკუსი გარეცხეთ და ბულიონს დაუმატეთ. ერთად 20 წუთი ხარშეთ. მარილი, შავი წიწაკა და დაჭრილი მწვანილი დაუმატეთ. აურიეთ და 2 წუთის შემდეგ ცეცხლი გამორთეთ.

გემრიელი მობრაწულა ჩაიზე

ინგრედიენტები:

  • 300 გ კუსკუსი
  • 200 გ ხმელი ყველი
  • 1 ხახვი
  • 2 კვერცხი
  • 40 გ კარაქი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 1 ჩ/კ პროვანსული სუნელები
  • მზესუმზირის ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

  1. კუსკუსი თასში გადაიტანეთ. მდუღარე წყალი დაასხით და 15 წუთი გააჩერეთ.
  2. ხახვი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით. ხახვი გახურებულ ზეთში ტაფაზე ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.
  3. ხმელი ყველი მსხვილად გახეხეთ. გახეხილი ყველი და შემწვარი ხახვი კუსკუსს დაუმატეთ. კვერცხი ჩაატეხეთ.
  4. მიღებულ მასას დაუმატეთ პროვანსული სუნელები, მარილი და წიწაკა. ყველა ინგრედიენტს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.
  5. საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით. მზა მასა ჩაასხით, კოვზით ან სპატულით გაასწორეთ.
  6. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთი აცხვეთ, შეწითლებამდე. მზა მობრაწულა სუფრაზე არაჟანთან ერთად გაიტანეთ.

დიდებული ვახშამი მულტისახარშში

ინგრედიენტები:

  • 450 გ ძროხის ხორცი
  • 200 გ ქამა სოკო
  • 2 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 60 გ შავქლიავი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 2 ჭიქა ქათმის ბულიონი
  • 1 ჭიქა კუსკუსი
  • 1 ს/კ პომიდვრის პასტა
  • დაფქული პაპრიკა გემოვნებით
  • კარაქი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. სტაფილო და ხახვი გათალეთ და კუბებად დაჭერით. ბოსტნეული და დაჭრილი შავქლიავი მულტისახარშის ჭიქაში აურიეთ.
  2. ძროხის ხორცი ნაჭრებად დაჭერით, პატარა ქამა სოკოები – მეოთხედ ნაჭრებად. ბოსტნეულს დაუმატეთ.
  3. ქათმის ბულიონი თასში ჩაასხით. პაპრიკა, მარილი და წიწაკა დაუმატეთ. პომიდვრის პასტა დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მიღებული ნარევი ხორცს და ბოსტნეულს დაასხით.
  4. თავსახური დაახურეთ, “ჩაშუშვის” რეჟიმი დააყენეთ. ძროხის ხორცი 1,5–2 საათი ამზადეთ.
  5. ხორცის მომზადების დასრულებამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე კუსკუსი დაორთქლეთ, მდუღარე წყალი დაასხით, 1:1 თანაფარდობით. მარილი, წიწაკა და კარაქი სურვილისამებრ დაუმატეთ.
  6. მზა კუსკუსი არომატულ ჩაშუშულ ხორცთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ. კერძს წვრილად დაჭრილი ქინძი შეგიძლიათ მოაყაროთ. გემრიელად მიირთვით!

ეს რეცეპტები ადასტურებს, რომ კუსკუსით გამოდის არა მხოლოდ შესანიშნავი გარნირი, არამედ დიდებული ცომეული ჩაიზე მისაყოლებლად, გემრიელი შაურმა, სასარგებლო საუზმე და შეუდარებელი წვნიანი.