ფუნთუშა “გუჟერი”. როგორ მოვამზადოთ ფრანგული სამზარეულოს შედევრი

0
175

მოხარშული ცომისგან დამზადებული ფუნთუშა “გუჟერი” უკვე 500 წელზე მეტია ფრანგული სამზარეულოს შედევრების რიცხვში დამსახურებულად შედის. ამ გემრიელობის სამშობლოა ბურგუნდია. პირველად “ბუჟერი” ნახსენებია 1571 წლით დათარიღებულ დოკუმენტში. აღსანიშნავია, რომ უკვე მაშინ ეს ფუნთუშა ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულოს ნაწილი იყო. საბედნიეროდ, თანამედროვე სამყაროში “გუჟერი” დამოუკიდებლად შეგიძლიათ მოამზადოთ. მომზადების პროცესს ზედმეტად რთულს ვერ ვუწოდებთ.

ფუნთუშა “გუჟერი” მოხარშული ცომისგან, იშვიათი დელიკატესი

საინტერესო დეტალები

ტრადიციულად, ცივ ფუნთუშას “გუჟერი” კარგ ღვინოსთან ერთად მიირთმევენ. თბილი, ახალგამომცხვარი ფუნთუშა კი შესანიშნავ წასახემსებლად ითვლება. აღსანიშნავია, რომ ამ ფუნთუშას შემადგენლობაში ყველი აუცილებლად შედის. ჩვეულებრივ, ბურგუნდიელი მზარეულები კონტეს ან გრუიერს იყენებდნენ. შინ მომზადებისთვის გამოგადგებათ ნებისმიერი ყველი გამოხატული გემოთი.

ცომის ინგრედიენტები:

  • 0.5 ჭიქა წყალი
  • 100 გ ხორბლის ფქვილი
  • 3 ქათმის კვერცხი
  • 20 გ კარტოფილის სახამებელი
  • 50 გ კარაქი
  • მარილი გემოვნებით

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 50 გ ხმელი ყველი
  • 3 ს/კ მაიონეზი
  • 2 კბილი ნიორი

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, შიგთავსი მოამზადეთ. ხმელი ყველი წვრილად დაჭერით, ნიორი კარგად დაჭყლიტეთ. მათ მაიონეზი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

2. ახლა ცომი მოამზადეთ. ხმელი ყველი წვრილად გახეხეთ. ცალკე თასში ფქვილი და სახამებელი აურიეთ. წყალი პატარა ქვაბში ჩაასხით, კარაქი და მარილი დაუმატეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.

3. ფქვილი და სახამებელი მდუღარე წყალს დაუმატეთ, სპატულით აურიეთ, სანამ ცომი ქვაბის გვერდებს არ მოშორდება. ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით, ცომს ოდნავ გაგრილება აცადეთ, მაგრამ მორევა არ შეწყვიტოთ.

4. ცომს თითო–თითო კვერცხი დაუმატეთ, ყოველჯერზე ცომი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. კვერცხის შემდეგ ცომს გახეხილი ყველი დაუმატეთ. ჩაის კოვზით ფქვილმოყრილ საცხობ ფორმაზე ცომის პატარა ულუფები გადაიტანეთ.

5. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთი აცხვეთ. როცა ფუნთუშა “გუჟერი” გამოცხვება და ოქროსფერი გახდება, გამორთულ ღუმელში ღია კარში ცოტა შეაგრილეთ. შემდეგ ჰორიზონტალურად გაჭერით, ბოლომდე არა, და შიგთავსით გაავსეთ.

ესეც ასე, გემრიელი ფრანგული ფუნთუშა “გუჟერი” მზადაა. სურვილისამებრ, ზემოთ აღნიშნული შიგთავსის ნაცვლად სალათი შეგიძლიათ გამოიყენოთ. გემრიელად მიირთვით!