თვალების გარშემო კანი ძალიან ნაზია, მეტ მოვლას და ყურადღებას მოითხოვს. თვალების ქვეშ ტომრების სწრაფად მოშორება რთული ამოცანაა, თუმცა ცდად ღირს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ სახლში და ფინანსების დახარჯვის გარეშე.
თვალების ქვეშ ტომრების და შეშუპების მიზეზები
თვალების ქვეშ ტომრები და შეშუპება გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს. ადამიანს დაღლილ იერს ანიჭებს, მოუვლელობის უსიამოვნო შეგრძნებას ტოვებს. ამ პრობლემას ეფექტურად რომ ებრძოლოთ, ჯერ უნდა გაიგოთ, რამ გამოიწვია თვალების შეშუპება და ტომრები.
ერთ–ერთი მთავარი მიზეზია ორგანიზმში სითხის შეკავება. ალბათ, ხშირად მიირთმევთ მარილით მდიდარ საკვებს, რომელიც ქსოვილებში წყლის შეკავებას ხელს უწყობს. ამან თვალების არეში შეშუპება შეიძლება გამოიწვიოს.
კიდევ ერთი მიზეზი ძილის ნაკლებობა და დაღლილობა შეიძლება იყოს. არასაკმარისი ძილი სისხლძარღვების გაფართოებას და თვალების ქვეშ შეშუპებას იწვევს.
მჯდომარე ცხოვრების წესი, ცუდი პოზა, ნაკლები ფიზიკური აქტივობა – მიზეზები, რომლებიც ლიმფის დაგუბებას და შეშუპებას იწვევს. ნელა მოძრავი ლიმფა ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებს ლიმფურ სისხლძარღვებში არ ატარებს, შემდეგ კანქვეშა უჯრედებში გროვდება.
სამწუხაროდ, თვალების ქვეშ ტომრები შეიძლება იყოს დაავადების ნიშანიც, რომელიც ორგანიზმში წყლის შეკავებას იწვევს. ყველაზე ხშირად აღინიშნება: გულის დაავადებები, სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, თირკმლის დაავადებები და ალერგია.
თუ თვალების ქვეშ ტომრები ვერც ერთი საშუალებით მოიშორეთ, ექიმს აუცილებლად მიმართეთ.
როგორ მოვიშოროთ თვალების ქვეშ ტომრები სახლის პირობებში
არსებობს რამდენიმე მარტივი და ეფექტური მეთოდი, რომელიც სახლის პირობებში თვალების ქვეშ შეშუპების და ტომრების მოშორებაში დაგეხმარებათ.
ცივი კომპრესები: ცივი კომპრესები გაფართოებულ სისხლძარღვებს ავიწროებს და შეშუპებას ამცირებს. დახუჭულ თვალებზე ცივი კოვზი ან ყინულის კუბი ყოველდღე რამდენიმე წუთით შეგიძლიათ დაიდოთ. ასე შეშუპებას შეამცირებთ და თვალებს ჯანსაღ იერს მიანიჭებთ.
მასაჟი: თვალების გარშემო მსუბუქი მასაჟი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, შეშუპებას და სითხის შეკავებას ამცირებს. თვალების გარშემო საჩვენებელი ან შუა თითით ნაზი წრიული მოძრაობები შეასრულეთ 1–2 წუთის განმავლობაში.
სპეციალური საშუალება: ბაზარზე იპოვით ბევრ პროდუქტს, რომელიც თვალების ქვეშ ტომრებს და შეშუპებას ებრძვის. აირჩიეთ ხარისხიანი პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ნატურალურ ინგრედიენტებს, როგორიცაა ალოე ვერა, ჰიალურონის მჟავა, კოფეინი, წყალმცენარის ექსტრაქტები, ხახვისთავა, B3 ვიტამინი (ნიაცინამიდი), პეპტიდები (მაგ, აილისი). ასეთი საშუალება თვალების გარშემო სუფთა კანზე დილას და საღამოს წაისვით.
ჯანსაღი ცხოვრების წესი: თვალების ქვეშ ტომრების და შეშუპების წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარია ჯანსაღი ცხოვრების წესი. სცადეთ, საკმარისი რაოდენობით დაიძინოთ, მარილიანი საკვების ჭამას მოერიდეთ და ორგანიზმის დატენიანება არ დაგავიწყდეთ.
აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდები თვალების ქვეშ ტომრების გამოჩენას დროებით ამცირებს. თუ ამ პრობლემით შეწუხებული ხართ ან თვალების ქვეშ კანის გაუარესებას ამჩნევთ, სპეციალისტთან კონსულტანცია გაიარეთ, რომ შესაძლო მიზეზები დაადგინოთ და შესაბამისი მკურნალობა მიიღოთ.