რა რთულია ზოგჯერ მეგობრებისა და ნათესავებისთვის საჩუქრის არჩევა: პრაქტიკული თუ სიმბოლური, ერთი ყველასთვის თუ თითოეულისთვის ცალ–ცალკე, საკვები თუ არა? ზოგისთვის მეგობრის დაბადების დღეზე ერთი ნივთის არჩევაც პრობლემაა. რა უნდა ვთქვათ წლის მთავარ დღესასწაულზე, როცა ყველასთვის საჩუქარი უნდა მოიფიქრო. არ იდარდოთ, რადგან გამოსავალი ბრძენ ჩინელებთან შეგიძლიათ იპოვოთ. პაპარაცი გიამბობთ, რა საჩუქრების ჩუქება შეიძლება დრაკონის წელში ჩინური კალენდრის მიხედვით.
არ დაგავიწყდეთ, რომ მომავალი წლის მფარველი მწვანე ხის დრაკონია. თანამოძმეებისგან განსხვავებით მშვიდია და აქეზებს სიმშვიდეს, შრომისმოყვარეობას და შინაგან ჰარმონიას. მწვანე და ხის ნივთები განვითარების და კეთილდღეობის სიმბოლოა, ხოლო თავად დრაკონი ფულზე და წარმატებაზე გულუხვია. აი, რამდენიმე საჩუქარი, რომელსაც სიამოვნებით აკურთხებს.
წარმატებული საჩუქრები დრაკონის წლისთვის
2024 წლის აღნიშვნაში კარგია ის, რომ საჩუქრების არჩევანი ძალიან დიდია. ნებისმიერი გემოვნებისა და ბიუჯეტისთვის. თუმცა დაუფიქრებლად არ უნდა იმოქმედოთ, აუცილებლად გადახედეთ აკრძალული საჩუქრების სიას სტატიის ბოლოს. ასეთ საჩუქარზე დრაკონი შეიძლება გაბრაზდეს და უბედურებაც გამოაგზავნოს. დავიწყოთ იმით, რაც ნამდვილად მოეწონება.
ცოცხალი მცენარე
რაღაც მწვანე და ხის? სიტყვები ზედმეტია! თუ თავის მტვრევა არ გინდათ, ბუნებამ უნივერსალური ვარიანტი მოგიმზადათ. ეს შეიძლება იყოს საჩუქარი მეგობრისთვის, შეყვარებულისთვის და ოჯახისთვის, რადგან ოთახის მცენარე ნებისმიერი ფასის და ზომის შეიძლება იყოს. საქმიანი და დაკავებული ადამიანისთვის შესაფერისია კაქტუსი, სუკულენტი და სახლის ხავსი. დახვეწილი ბუნებისთვის რაღაც ნაზი და ყვავილებიანი შეარჩიეთ.
თუ სიმბოლიზმში გადასვლა გინდათ, ბონსაიზე უკეთეს ვერაფერს მოიფიქრებთ. ბონსაი ხელოვნურად გამოყვანილი ჯუჯა ხეა. ეს პროცესი მოითხოვს მოთმინებას და სკრუპულოზობას, მაგრამ შედეგი ამად ღირს. ასეთი საჩუქარი შესაფერისია პენსიონერი მშობლისთვის ან დიდი შეკრული ოჯახისთვის. ასეთი ხე ხომ სრულფასოვანი შინაური ცხოველია და ბევრ სიყვარულს მოითხოვს.
ხის ნაკეთობა
აქ ფართო არჩევანია: ეს შეიძლება იყოს ჭურჭელი, სამკაული, სათამაშო და დეკორის ელემენტები. ნატურალური ხის ავეჯი ღირსეული საჩუქარია მათთვის, ვინც ახალმოსახლეობას აღნიშნავს (რაც მთავარია, პრაქტიკული). დრაკონი მფარველობას გაუწევს მას, ვისთანაც რაღაც ხის იპოვის: მძივი, ბეჭედი. ყველაფერი გამოდგება.
ოქრო და ბრილიანტი
დრაკონი სიმდიდრის და ძალაუფლების სიმბოლოა. მნიშვნელობა არ აქვს, რომ ხისაა! როგორც ყველა დრაკონი, 2024 წლის სიმბოლო ძვირფას ქვებს და ოქროს გულგრილი ვერ უყურებს. არ დაწვრილმანდეთ და ვერცხლით არ შემოიფარგლოთ, რადგან დრაკონს ეს ძვირფასი ლითონი ეზიზღება. ფული ოქროსფერ ან წითელ კონვერტში წარმატებას მოგიტანთ. თუმცა კონვერტის გარეშეც ყველას გაახარებს, განსაკუთრებით წელს. დრაკონი იწონებს!
საკომუნიკაციო საშუალებები: ტელეფონი, პლანშეტი და სხვა გაჯეტი
საინტერესოა, რომ ჩვენი დრაკონი მარტოობას ვერ იტანს და მიესალმება ყველა საჩუქარს, რომელიც კავშირში ეხმარება. ალბათ, ადრე ეს იყო მელანი და ქაღალდი, ახლა კი – სმარტფონი და სხვა ინოვაცია, რომელიც ახლობლების მოსმენის და დანახვის საშუალებას იძლევა.
ვაუჩერები
განცხრომა და ფუფუნება დიდებულ არსებას მოსწონს. სპა სალონის ვაუჩერი ან სხვა კოსმეტიკური პროცედურის კუპონი სასიამოვნოდ გაახარებს. არ შეგეშალოთ და შამპუნის, შხაპგელის მიმართულება არ აიღოთ. ამ შეცდომამ მომავალ წელს წარმატება შეიძლება დაგაკარგვინოთ. რატომ? ცოტა მოგვიანებით გიამბობთ.
საჩუქრები დრაკონის, ტყის და ხის გამოსახულებით
იქნება ეს ბლოკნოტი თუ ნახატი, მნიშვნელოვანია, რომ მასზე დრაკონი იყოს გამოსახული. ასეთი ყურადღება 2024 წლის მფარველს არ გამორჩება. ესიამოვნება, ხოლო ადამიანი, რომელსაც ასეთ საჩუქარს გაუკეთებთ, მიიღებს სასიამოვნო ბონუსს ყველა საქმეში წარმატების სახით.
მწვანე საჩუქრები
დავუშვათ, იპოვეთ რაღაც უჩვეულო. რაღაც, რაც ზემოთ ჩამოთვლილ არც ერთ პუნქტში არ ჯდება. არაფერია! იქნებ, მწვანე ფერში იპოვეთ? დიახ, ეს მარტივი და უმოკლესი გზაა, მაგრამ ვინ თქვა, რომ არ შეიძლება იყოს საუკეთესო?
რომელი საჩუქრები არ უნდა აჩუქოთ მწვანე ხის დრაკონის წელში?
თავსაბურავი
ის, რაც დრაკონს მოსწონს, ინტუიციით შეგიძლიათ მიხვდეთ. აი, აკრძალული საჩუქრების სია საკმაოდ არაპროგნოზირებადია. მათ შორისაა ქუდი, შლიაპა, პანამა. პრობლემა იმაშია, რომ დრაკონი ამ ტანსაცმელს კუს უკავშირებს. მტრები არ არიან, მაგრამ ერთმანეთს ვერ უგებენ. დრაკონი ახალი მიღწევების განსახიერებაა, ხოლო კუ თავისი სინელით და ამბიციურობის ნაკლებობით ამ ენერგიას აფუჭებს. მოკლედ, პროგრესის მამოძრავებელს ვერ უწოდებთ.
ცეცხლთან დაკავშირებული საჩუქრები
მოულოდნელია? თითქოს დრაკონს ცეცხლი უნდა მოსწონდეს. დრაკონი ძალაუფლების მოყვარულია და საკუთარ სტიქიაზე ეჭვიანობს: ცეცხლი მხოლოდ მას ეკუთვნის, ამიტომ მასზე თავდასხმას არ აიტანს. ეს ნიშნავს, რომ ფეიერვერკი, ბენგალური შუშხუნა, სანთლები და საკოლექციო სანთებელა სხვა შემთხვევისთვის უნდა გადადოთ.
სითხე
ამით დრაკონს ვერ ასიამოვნებთ. ვერაფერს გახდებით, სითხეს ვერ იტანს, ის ხომ მის შინაგან ცეცხლს აქრობს, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ წელს დრაკონი ხისაა. შამპუნი, თმის ნიღაბი, ანტიასაკობრივი შრატი და სუნამო საჩუქრად არ გამოგადგებათ.
ექსტრემალური გამოცდილება
არსებობს საჩუქრების კატეგორია, რომელიც ეგზოტიკის მოყვარულებს მოეწონებათ: პარაშუტით ხტომა, ექსტრემალური მართვის გაკვეთილები, თოკით ხტომა, ევერესტზე ასვლა და ა.შ. 2024 წლის დრაკონი ჰარმონიის და ჭვრეტის განსახიერებაა, ნერვების თამაში არ უყვარს. აზარტულ თამაშებს არ იწონებს და ავანტიურისტებს არ მოითმენს.
ძველი მოგონებები
ზედმეტი არ იქნება, შეგახსენოთ, რომ დრაკონი პროგრესის მამოძრავებელია და ნოსტალგიის დრო არ აქვს. გვასწავლის წარსულის გაშვებას და ახალი ჰორიზონტების აღმოჩენას. თუ გადაწყვიტეთ აჩუქოთ გულისამაჩუყებელი ფოტო ჩარჩოში ან საოჯახო ფოტოალბომი, კიდევ ერთხელ დაფიქრდით.
საათი
ბედნიერი დრაკონი საათს არ უყურებს. წელს საათის ჩუქება ცუდ მანერად ითვლება. არ აქვს მნიშვნელობა, რომელია: კედლის თუ მაჯის, მაღვიძარით თუ მის გარეშე, მზის თუ ქვიშის. რატომ არ ჩქარობს დრაკონი ამოცანაა, მაგრამ მსგავსი საჩუქრისგან თავის შეკავებას გირჩევთ.
უკვე იცით ყველაფერი 2024 წლის მითიური არსების პრეფერენციების შესახებ და შეგიძლიათ რაიმე შესაფერისი საჩუქარი შეარჩიოთ.