4 იდეა, რა მოამზადოთ ნარჩენი ხორცისგან. ნაკრები, რომელიც უნდა შეინახოთ

0
84

დარჩა ხორცის დაფა თითქმის ხელუხლებელი სადღესასწაულო ქეიფის შემდეგ? პაპარაცი გიამბობთ, რა გემრიელი და მადისაღმძვრელი კერძები შეგიძლიათ მოამზადოთ ნარჩენი ხორცისგან.

გიზიარებთ სხვადასხვა კერძის 4 რეცეპტს. თუ გაქვთ ქეიფის შემდეგ დარჩენილი დაჭრილი ხორცი, როგორც მთავარი, ასევე წასახემსებელი კერძების მომზადებას შეძლებთ. ნახეთ, სხვა რა ინგრედიენტები გჭირდებათ.

რა გავაკეთოთ ხორცის დაფისგან?

ნოყიერი სალათი

ინგრედიენტები:

  • 150 გ უმად შებოლილი ძეხვი
  • 100 გ ლორი
  • 200 გ ხმელი ყველი
  • 1 ვაშლი
  • 1 ახალი კიტრი
  • 0,5 კონა კამა
  • მაიონეზი გემოვნებით
  • 1 ჩ/კ ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

  1. ძეხვი და ლორი ზოლებად დაჭერით, ხმელი ყველი – კუბებად. კიტრი გამდინარე წყალში გარეცხეთ და კუბებად დაჭერით.
  2. ვაშლი გათალეთ, შუაგული მოაჭერით, მსხვილად გახეხეთ. ხილს ლიმონის წვენი მოასხით.
  3. კამა გარეცხეთ. გაამშრალეთ და წვრილად დაჭერით. კამა და მაიონეზი კარგად აურიეთ.
  4. ძეხვი, ლორი, ყველი და კიტრი ღრმა ჭურჭელში აურიეთ. გახეხილი ვაშლი დაუმატეთ. მაიონეზის და მწვანილის ნარევი დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტს კარგად აურიეთ.

სალიანკა

ინგრედიენტები:

  • 300 გ ქათმის ხორცი
  • 100 გ ზეთისხილი
  • 100 გ შებოლილი ძეხვი
  • 200 გ ლორი
  • 4 კიტრის მწნილი
  • 2 ს/კ პომიდვრის პასტა
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 1 დაფნის ფოთოლი

მომზადების წესი:

  1. პატარა ნაჭრებად დაჭრილი ქათმის ხორცი ქვაბში გადაიტანეთ. წყალი დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ.
  2. დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, მარილი და შავი წიწაკა. ქათამი სუსტ ცეცხლზე ნახევარი საათი ხარშეთ.
  3. დაჭერით ლორი, ძეხვი და კიტრი კუბებად. ზეთისხილი გადაწურეთ და შუაზე გაჭერით.
  4. ხორცი, კიტრი და პომიდვრის პასტა ქათმის ბულიონს დაუმატეთ. 20 წუთი ზომიერ ცეცხლზე ხარშეთ.
  5. ახლა დაუმატეთ ზეთისხილი, მარილი და წიწაკა გემოვნებით. სალიანკა ცეცხლზე კიდევ 5 წუთი გააჩერეთ. სუფრაზე ლიმონის ნაჭერთან და არაჟანთან ერთად გაიტანეთ.

გემრიელი ლაბა

ინგრედიენტები:

  • 150 გ უმად შებოლილი ძეხვი
  • 150 გ ბუჟენინა
  • 20 გ ჟელატინი
  • 100 გ ძეხვი „სალიამი“
  • 100 გ მოხარშულ–შებოლილი ლორი
  • 3 ღერი ოხრახუში
  • 3 ღერი კამა
  • 100 გ დაკონსერვებული ბარდა
  • 100 გ დაკონსერვებული სიმინდი
  • 900 მლ ხორცის ბულიონი
  • 1 სტაფილო

მომზადების წესი:

  1. სტაფილო მომზადებამდე მოხარშეთ და გააგრილეთ. სტაფილო გათალეთ და პატარა კუბებად დაჭერით.
  2. ლორი, ძეხვი, ბუჟენინა და სალიამი თხელ ზოლებად დაჭერით, მაქსიმუმ 4 სმ სიგრძის უნდა იყოს. დაკონსერვებული სიმინდი და ბარდა გადაწურეთ.
  3. მწვანილი გარეცხეთ. ყველა სახის ხორცი, სიმინდი და ბარდა ღრმა თასში შეურიეთ. დაჭრილი სტაფილო დაუმატეთ. მზა ნარევი პორციულ ფორმებში გადაანაწილეთ.
  4. ხორცის ბულიონი გააცხელეთ (ადუღებამდე არ მიიყვანოთ). 0,5 ჭიქა ბულიონი ამოიღეთ და მასში ჟელატინი გახსენით. 15 წუთი გასასივებლად გააჩერეთ.
  5. ჟელატინის ნარევი ბულიონს დაუმატეთ. კარგად აურიეთ. მიღებული სითხე ფორმებში ჩაასხით. ბულიონს ოდნავ შეგრილება აცადეთ.
  6. შემდეგ ზემოდან დაუმატეთ ოხრახუშის და კამის ღერები. კერძი მთელი ღამე მაცივარში შეინახეთ (სრულად გამაგრებამდე).

პიცა მოცარელათი

ინგრედიენტები:

  • 50 გ მოხარშულ–შებოლილი ლორი
  • 50 შებოლილი ძეხვი
  • 100 გ სალიამი
  • 2 კბილი ნიორი
  • 3 ს/კ პომიდვრის პასტა
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 120 გ მოცარელა
  • 80 გ ხმელი ყველი
  • 3 პომიდორი
  • 1,5 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 180 მლ წყალი
  • 0,5 ჩ/კ მშრალი საფუარი
  • 1,5 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 1 ჩ/კ მარილი

მომზადების წესი:

  1. ხორბლის ფქვილი ღრმა თასში გაცერით. საფუარი და მარილი დაუმატეთ და აურიეთ. მზესუმზირის ზეთი და თბილი წყალი ჩაასხით. ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ. დააგუნდავეთ.
  2. ცომი თასში გადაიტანეთ. შესაფუთი პარკი დააფარეთ. ნახევარი საათით სითბოში გააჩერეთ (მოცულობაში უნდა გაორმაგდეს).
  3. პომიდორი გარეცხეთ და თხელ რგოლებად დაჭერით. ბულგარული წიწაკა გარეცხეთ, ყუნწი და თესლი მოაშორეთ, ზოლებად დაჭერით. ნიორი გაასუფთავეთ და დაპრესეთ.
  4. ლორი და შებოლილი ძეხვი პატარა ნაჭრებად დაჭერით, სალიამი – რგოლებად. მოცარელა და ხმელი ყველი გახეხეთ.
  5. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ. ცომი თხელ ფირფიტად გააბრტყელეთ. ზეთწასმულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ.
  6. ცომს პომიდვრის პასტა წაუსვით. მოცარელა და ნიორი მოაყარეთ. ზემოდან დააწყვეთ პომიდორი, ლორი, ძეხვი, სალიამი და ტკბილი წიწაკა.
  7. ყველაფერს მოცარელა და ხმელი ყველი მოაყარეთ. 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15–20 წუთი აცხვეთ.

სხვათა შორის, გემრიელი პიცის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ხორცის დაფა, ასევე ყველის დაფა. ასე არ მოგიწევთ თავის მტვრევა, სად წაიღოთ ეს პროდუქტები ქეიფის შემდეგ.