თუ გეგმავთ მოგზაურობას 2024 წელს, ხელბარგის ყველა წესს აუცილებლად გადახედეთ

0
345

მაშ ასე, რკინის ჩიტით გამგზავრებას მოუთმენლად ელოდებით. შვებულება, მივლინება ან უფრო უსაფრთხო ადგილის ძიება? სადაც არ უნდა აპირებთ წასვლას, ბორტზე ხელბარგის ატანის წესების ცოდნა მნიშვნელოვანია. ბარგის რა ზომა და წონა არის მისაღები 2024 წელს და რა შეგიძლია ჩადოთ ძვირფას ჩემოდანში? პაპარაცი გიამბობთ, რისი ატანა შეგიძლიათ ბორტზე და რისი არა.

ხელბარგის წესები

აღსანიშნავია, რომ თითოეული ავიაკომპანია სტანდარტებს ინდივიდუალურად ადგენს თვითმფრინავის ზომის და კლასის გათვალისწინებით. ეს მომენტები ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე აუცილებლად დააზუსტეთ. თუ თქვენი ბარგი ნორმაში არ ჯდება, თვითმფრინავში ვერ აიტანთ.

თან წაიღეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები. შემდეგი ნივთები უმჯობესია ჩასაბარებელ, ძირითად ბარგში ჩადოთ:

  1. ფრჩხილის მაკრატელი (თუნდაც სათამაშო), საკვნეტელა, ქლიბი, პინცეტი და სხვა ბასრი საგნები.
  2. ხერხი, ჩაქუჩი, რანდა და სხვა საზეინკლო ინსტრუმენტები.
  3. ნებისმიერი საგანი და სითხე, რომელსაც შეიძლება ცეცხლი წაეკიდოს და აალდეს.
  4. თხილამურები, ქოლგა, იარაღი (მათ შორის სათამაშო).

გადავხედოთ ხელბარგის სტანდარტებს 2024 წელს პოპულარული ევროპული ავიაკომპანიებისთვის: Ryanair, Wizz Air და Lufthansa. კომპანიებმა გარკვეული მოთხოვნები შეარბილეს. მაგალითად, ბორტზე 5 კგ–ის ნაცვლად 10 კგ–მდე ბარგის ატანა შეგიძლიათ.

Ryanair–ის ხელბარგი: წონა და ზომა 2024 წელს

უმსხვილეს ევროპულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას ბარგის წონასა და ზომებზე მკაცრი წესები აქვს. თუ დამატებითი გადასახადის გადახდა არ გინდათ, გადახედეთ შემდეგ ინფორმაციას.

1 ბარგის სტანდარტული ზომა, რომელიც ბორტზე უფასოდ შეგიძლიათ აიტანოთ, – 40 სმ სიგრძე, 25 სმ სიგანე და 20 სმ სიღრმე (40х25х20). კარგი ამბავი: ბარგის წონა შეიძლება იყოს ნებისმიერი. ბორტზე შეგიძლიათ აიტანოთ კიდევ ერთი ჩანთა მაქსიმუმ 10 კგ და ზომა 55х40х20 სმ. უფასო არაა, მაგრამ ფულის დაზოგვის მიზნით ეს ვარიანტი ბილეთის დაჯავშნისას აირჩიეთ. მომსახურების ფასზე (6–30 ევრო) მარშრუტი და ფრენის თარიღი გავლენას ახდენს.

ხელბარგის ჩალაგება

Ryanair საშუალებას გაძლევთ ბორტზე აიტანოთ ხელჩანთა, ფოტოაპარატი, პატარა ზურგჩანთა, პორტფელი და ჩემოდანი. გსურთ ნოუთბუქის წაღება? მოათავსეთ ჩანთაში, რომ ცალკე ბარგში ზედმეტი არ გადაიხადოთ.

თუ თქვენი ბარგის ზომები ნორმას აღემატება, კომპანიის თანამშრომლები გაიძულებენ ჩასხდომამდე ჯარიმის გადახდას 45,99 ევროს ოდენობით და ჩემოდნის ჩაბარებას. ბევრ მგზავრს აინტერესებს სითხეების საკითხი. Ryanair თქვენს ხელბარგში მის რაოდენობას არ არეგულირებს – ამ წესს ადგენს სახელმწიფო, საიდანაც მიფრინავთ. ევროპული სტანდარტები მოითხოვს ტრანსპორტირებისთვის გამოიყენოთ მაქსიმუმ 10 კონტეინერი, თითოეული 100 მლ მოცულობის.

უსაფრთხოების კონტროლის თანამშრომლებმა თქვენს ნივთებში რომ არ იქექონ, კონტეინერები მოათავსეთ გამჭვირვალე პარკში და ცალკე აჩვენეთ. თითოეული კონკრეტული აეროპორტი აქვეყნებს ზუსტ ინფორმაციას ოფიციალურ ვებგვერდზე. მაგალითად, 2023 წლის 28 ივნისიდან ჰელსინკის აეროპორტი ბორტზე 2 ლიტრამდე სითხის ატანის უფლებას იძლევა.

Lufthansa: ხელბარგის ბორტზე ატანის წესები 2024 წელს

გერმანულმა ავიაკომპანიამ ბიზნეს და ეკონომ კლასის მგზავრები თითქმის გაათანაბრა. ბიუჯეტური ტრანსპორტირება ითვალისწინებს 8 კგ წონას ერთ ჩემოდანში, ჩანთაში ან ზურგჩანთაში. ზომები სტანდარტულია: 55х40х23 სმ. თუ ბიზნეს კლასით მგზავრობთ, ბორტზე ერთის ნაცვლად 2 ასეთი ხელბარგი შეგიძლიათ აიტანოთ.

ბონუსი: Lufthansa თითოეულ მგზავრს საშუალებას აძლევს ბორტზე აიტანოს კიდევ ერთი პირადი ნივთი. მისი ზომა არ უნდა აღემატებოდეს 40x30x10 სმ. ნოუთბუქი უნდა მოათავსოთ მთავარ ხელბარგში, რომ დამატებითი ადგილისთვის ზედმეტი არ გადაიხადოთ.

კომპანია საშუალებას გაძლევთ, მოიმარაგოთ პროდუქტები. იზრუნეთ, რომ ფრენისას არ გაფუჭდეს და მძაფრი სუნი არ ჰქონდეს. შეამოწმეთ, თუ შეიძლება ამ საკვების შეტანა დანიშნულების ქვეყანაში, რომ საბაჟოზე არ გაიჭედოს.

Wizz Air: ხელბარგის წესები

უნგრული ავიაკომპანია ხელბარგს უწოდებს ბარგს, რომელიც წინა სავარძლის ქვეშ შეიძლება მოთავსდეს. Wizz Air საშუალებას გაძლევთ უფასოდ თან იქონიოთ: ჩანთა, პატარა ზურგჩანთა და ნოუთბუქის ქეისი. ასეთი ბარგის ზომები სტანდარტულია: 40x30x10 სმ, წონა – 10 კგ–მდე.

თუ დამატებით 5–დან 45 ევრომდე გადაიხდით, ბორტზე შეგიძლიათ აიტანოთ კიდევ ერთი 10 კგ–იანი საგორავებელი ჩემოდანი (55х40х23 სმ). ეს საგორავებელი ჩემოდანი ზედა თაროზე უნდა ინახებოდეს. ხელბარგის ტარების წესების დარღვევისთვის 30–დან 60 ევრომდე ჯარიმა შეიძლება დაგეკისროთ.

ასევე ბორტზე უფასოდ შეგიძლიათ აიტანოთ: პლედი, ყავარჯნები, საკვები მძაფრი სუნის გარეშე, ბავშვის საკვები და პატარა დასაკეცი ეტლი ან გადასაყვანი 2 წლამდე ბავშვებისთვის.

კარგად დაფიქრდით თქვენს ხელბარგზე და ჩასაბარებელ ბარგზე, რომ დანიშნულების ადგილამდე ყოველგვარი პრობლემების გარეშე მიხვიდეთ. წარმატებულ და უსაფრთხო ფრენას გისურვებთ!