მარტივი და პრაქტიკული საბჭოთა მერხები, რომელზეც ჯდომა ასე კომფორტული იყო – რატომ ამოიღეს სკოლებიდან?

0
3878

რამდენი სასკოლო წარმატება, წარუმატებლობა და ოინები ნახა საბჭოთა მერხმა თავისი ცხოვრების მანძილზე! მორჩილად გაუძლო ამოკაწრილ გულებს და სახელებს, მაგრამ სსრკ–ს სკოლის მოსწავლეების მრავალ თაობას ერთგულად ემსახურება. საბჭოთა სკოლა დიდ ყურადღებას აქცევდა ბავშვების ჯანმრთელობას და კლასიკური შავ–ყავისფერი მერხი ამ დავალებას თავს ართმევდა.

ბევრ ჩვენგანს ახსოვს ერისმანის მერხი. ის სპეციალურად შექმნეს, რომ ბავშვი ზურგში არ მოხრილიყო და თვალი არ გადაღლოდა. შემთხვევით არ არის, რომ ჩვენს ბებია–ბაბუას სკოლაში სქოლიოზი ნაკლებად უვითარდებოდათ, მძიმე ზურგჩანთების ტარების დროსაც! 50–70–იან წლებში სათვალიანი მოსწავლეებიც გაცილებით ნაკლები იყო. პაპარაცი გიამბობთ, რა არის ცნობილი გასული საუკუნის ლეგენდარული გამოგონების შესახებ?

საბჭოთა სკოლა

რუსი ექიმი თედორე ერისმანი სასკოლო ჰიგიენის პიონერი და უნიკალური კონსტრუქციის ავტორია. გზის დასაწყისში მას აწუხებდა კითხვა: რატომ უვითარდებათ ბავშვებს მხედველობის დაავადებები და როგორ შეიძლება მხედველობის გაუარესების პროცესის შენელება? მალე ერისმანმა გააკეთა მნიშვნელოვანი დასკვნა: მერხთან არასწორი ჯდომის გამო მოსწავლეებს სიბეცე უვითარდებათ.

მეცნიერმა ყველაფერი დეტალებამდე გათვალა. განსაზღვრა, რომ მკითხველს ან მწერალს და მის წიგნსა თუ რვეულს შორის დაშორება მინიმუმ 30–40 სმ უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, მერხი ოდნავ დახრილი უნდა იყოს. გამოთვალა დასაჯდომის სიღრმე და სკამის საზურგის ფორმა. შედეგად, წარმოადგინა მერხის ნიმუში, რომლის დახმარებით ბავშვი შეძლებს სწორი კუთხით წაკითხვას, წერას და ხატვას, ზურგის მოხრის და სკამზე მოკეცვის გარეშე.

სკამის საზურგე იყო მაგარი და წელს კარგად იკავებდა, ფეხები სადგამს საიმედოდ ეყრდნობოდა. ნამდვილად ურღვევი მერხი იყო. სცადეთ, გატეხოთ სავარძლის მონოლითური დამაგრება მაგიდაზე! ერისმანის მარტივმა, მოსახერხებელმა და საიმედო სკოლის მერხებმა სინათლე 1870 წელს იხილეს და მაშინვე რუსეთის ელიტარულ სკოლებში, ხოლო მალე სსრკ–ში ფესვი გაიდგა.

საიმედო საბჭოთა მერხები

თავდაპირველად, ერისმანის მერხებს მუხისგან ამზადებდნენ, მოგვიანებით – მაგარი წიწვოვანი ხისგან. სულ მზადდებოდა 4 ზომის მერხი სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეებისთვის. ჩვეულებრივ, მერხებს შავად, მწვანედ ან ლურჯად ღებავდნენ, დასაჯდომს – ყავისფერად. სტანდარტული შეღებვა გოგონების სკოლის ფორმას ძალიან ჰგავდა – შავი წინსაფარი ყავისფერ კაბაზე.

მერხს ჰქონდა ორმაგი ასაკეცი სახურავი, ამიტომ მოსწავლე მეზობელს ხელს არ უშლიდა, როცა ადგომა და მასწავლებლის კითხვაზე პასუხის გაცემა უწევდა. მერხის კონსტრუქციის გამო სკამის უკან გაწევა საჭირო არ იყო.

მთელი უპირატესობების მიუხედავად, ერგონომიულ მერხს ერთი დიდი ნაკლი ჰქონდა – მასიურობა. გაკვეთილების შემდეგ მორიგეს უწევდა მძიმე ავეჯის გადაწყობა და იატაკის მოწმენდა.

აღსანიშნავია, რომ ერისმანის მერხი მასობრივ წარმოებაში შევიდა სხვა გენიოსის, რიგითი სოფლის მასწავლებლის, პეტრე კოროტკოვის მოდიფიკაციებთან ერთად. სწორედ მან გახადა კონსტრუქცია ორადგილიანნი და მაგიდა ასაკეცი სახურავით აღჭურვა. ასევე სპეციალური ჩაღრმავება გააკეთა ფანქრებისთვის, კალმებისთვის და მელნისთვის. მაგიდის ქვეშ გააკეთა თარო წიგნებისა და რვეულებისთვის, გვერდით კი ჩანთვისთვის კავები მიამაგრა.

რატომ გაუქმდა საბჭოთა მერხების „ოქროს სტანდარტი“?

ერისმანი–კოროტკოვის სკოლის ავეჯი საბჭოთა განათლებას 150 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა. 50–იან წლებში ასეთ მერხებთან ისხდნენ არა მხოლოდნ ბავშვები, არამედ უნივერსიტეტის სტუდენტებიც. თუმცა 80–იან წლებში ხის მონოლითი შეცვალეს ჩვეულებრივი მაგიდებით და სკამებით. ახალი წესებით დადგინდა, რომ სკოლის ავეჯი უნდა დამზადდეს მოსწავლეთა სიმაღლის მიხედვით სხვა სამედიცინო პარამეტრების გათვალისწინების გარეშე. საბჭოთა სკოლა შეიცვალა.

მართლაც, უფროსი კლასის მოსწავლეები იზრდებოდნენ და უძრავ მერხში ვეღარ ეტეოდნენ. მაგიდას მუხლებს ურტყამდნენ და სკამის უკან გაწევასაც ვერ ახერხებდნენ. ამ მიზეზით გაკვეთილზე ყურადღება ხშირად ეფანტებოდათ. მართალია, ფილმში „გაზაფხული ზარეჩნაის ქუჩაზე“ საღამოს სკოლის ზრდასრული დეიდები და ბიძები ასეთ მერხებზე მშვენივრად თავსდებოდნენ.

თანამედროვე სკოლის ავეჯი უფრო მსუბუქი გახდა. ახლა მოსწავლეს უწევს დაიხაროს ჰორიზონტალურ მაგიდაზე და მაგიდას დაეყრდნოს. გამოდის, ბავშვობიდანვე არ ეჩვევა გამართულად ჯდომას, საწერი ხელის დაჭერას ზედმეტი დაძაბულობის გარეშე, თავის სწორად დაჭერას და სწორად დახრას.

შესაძლოა, ერთ დღეს ძველი კარგი და შეუდარებელი ერისმანის მერხები სასკოლო ოთახებში ისევ დაბრუნდეს. ვნახოთ, რა მოხდება. ეს ნამდვილად ღირს, რადგან ასეთი მარტივი და გენიალური კონსტრუქცია საშუალებას აძლევს მოსწავლეს დაამთავროს სკოლა სქოლიოზის და სიბეცის გარეშე.