ამ ნაზი, ლამაზი გოგონას შემხედვარე ყველა ვერ მიხვდება, რომ კრივში მსოფლიო ჩემპიონია. ანგელინა ლუკასმა 15 წლის ასაკში გადაწყვიტა კრივით დაკავება. გოგონას სურდა ესწავლა საკუთარი თავის დაცვა, მაგრამ ბედმა სხვაგვარად გადაწყვიტა და ანგელინა ლუკასი პროფესიონალი მოკრივე გახდა.
ანგელინა მხოლოდ 26 წლისაა. წლები სამეჯლისო ცეკვაზე დადიოდა, მაგრამ ამ მიმართულებით მიღწეული წარმატების მიუხედავად, ცეკვის დატოვება გადაწყვიტა. ანგელინა ლუკასმა დიპლომატიის განხრით უნივერსიტეტი დაამთავრა. ანგელინა 15 წლის იყო, როცა ბებიამ კრივში შეიყვანა ქალაქ ტარაზში, ყაზახეთში. გოგონას უნდა ესწავლა საკუთარი თავის დაცვა. ცნობილი ყაზახელი მოკრივის და მწვრთნელის ფელიქს ცოის ჯგუფში მოხვდა. იგი აქებდა გოგონას წარმატებებისთვის და ანგელინასთვის მისი სიტყვები მოტივაცია გახდა, რომ მოკრივის კარიერა გაეგრძელებინა.
ანგელინა ლუკასი კრივის სამყაროში
2018 წელს ანგელინა ლუკასმა მსოფლიო თასზე 3 ბრძოლა ჩაატარა და ოქრო მოიპოვა. 2019 წელს, ჰოლანდიაში გამარჯვების შემდეგ, ევროპის „საუკეთესო მოკრივე ქალის“ წოდება მიენიჭა. ამ დღეებში გაიმართა ანგელინა ლუკასის და პაკისტანელი რომა იუსაფის ორთაბრძოლა. ყაზახელმა მოკრივემ მეტოქე პირველ რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო და WIBA–ს საჩემპიონო ქამარი მიიღო. ანგელინა დაჟინებით მიიწევს თავისი ოცნებისკენ – გახდეს მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი.
ანგელინა ლუკასი ეროვნებით გერმანელია. ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ შესთავაზა მას მოქალაქეობა, რომ წარადგინოს მათი ქვეყნები მსოფლიო დონეზე. მაგრამ ანგელინა თავისი სამშობლოს, ყაზახეთის ერთგული რჩება. 2021 წლამდე ანგელინა ყაზახეთის მოყვარულთა კრივის ნაკრების წევრი იყო, მაგრამ რინგზე გამოჩნდნენ არაკეთილმოსურნეები, რომელთაც სურდათ ანგელინას განზე გადაყენება. მიზანდასახულ გოგონას ეს არ მოეწონა. მოყვარულთა კრივის ფედერაცია დატოვა და პროფესიულ კრივზე გადავიდა.
უკვე 2021 წლის ბოლოს პროფესიონალი მოკრივის როლში მისი დებიუტი შედგა. ანგელინამ ქალაქ ასტანაში სამი ბრძოლა ჩაატარა და დაამარცხა ორი მეტოქე უკრაინიდან და ერთი ტანზანიიდან. პროფესიონალი კრივის სამყაროში ანგელინა ლუკასი მსოფლიო რეკორდსმენია. მანამდე ვერავინ მოახერხა UBO-ს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ასეთი მცირე რაოდენობის ბრძოლებით. დღეს ლუკასი წარმოადგენს ყაზახეთს კატეგორიაში „მსუბუქი წონა“.
გოგონა აზიაში ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ ბლოგერად ითვლება. ჯანსაღი ცხოვრების წესს და სწორ კვებას იცავს. ბლოგში აჩვენებს თავის სპორტულ ცხოვრებას და ვარჯიშს დარბაზში. როგორც ნებისმიერი გოგონა, ანგელინას უყვარს ლამაზად ჩაცმა და ფოტოსესიები. 2022 წელს სცადა თავი მოდელად ცნობილი ჟურნალის Playboy-ისთვის. შესაძლოა, მომავალში მოდელის კარიერა გააგრძელოს. ანგელინა ლუკასი ახალგაზრდა თაობისთვის ღირსეული მაგალითია, თუ როგორ შეიძლება დიდი წარმატების მიღწევა შეუპოვრობით და შრომით.