როგორ გამოვაცხოთ იორქშირის კექსი

605

„ინგლისი – როგორია? სიგიჟემდე რომანტიკული და ამავე დროს მკაცრი, აუღებელი, ნათელი, ფერადი და მუდმივად წვიმიანი, შექსპირის და ჯგუფი „ბითლზის“ სამშობლო, კონტრასტების ქვეყანა და ზღაპრული სამეფო. ბავშვობიდან სწორედ ასეთი წარმომედგინა – დიდი ენთუზიაზმით დაიწყო თავისი ისტორიის მოყოლა რიტამ – ალბათ ყველაზე ბედნიერი ჩემი ცხოვრება სწორედ იქ იყო“.

კითხვაზე, თუ როგორია ინგლისი გემოს მიხედვით, გოგონამ მიპასუხა: „თვალები დახუჭეთ, ძალიან გემრიელი კექსი წარმოიდგინეთ, ბერგამოტის სასიამოვნო ნოტები და ალუბლის თამამი სიმჟავე იგრძენით. დარიჩინის არომატმა უკვე მთელი სივრცე დაიპყრო. ისღა დაგრჩენიათ ჰაეროვანი ბისკვიტი პირში იგრძნოთ. თქვენ უკვე ხვდებით, რომ ინგლისი საშობაო სასწაულს ჰგავს!“.

„პაპარაცმა“ მოგზაურს ინგლისის გემოს მქონე სასწაული კექსის რეცეპტი გამოართვა და დღეს მას გაგიზიარებთ. მომზადების შემდეგ დარწმუნდებით, რომ ჩვეულებრივ ალუბლის კექსს შეუძლია უბრალოდ სადილი ნამდვილ დღესასწაულად აქციოს.

კექსი ალუბლით

ინგრედიენტები:

  • 200 გრ ქიშმიში
  • 250 გრ ხმელი ალუბალი
  • 250 გრ ფქვილი
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 200 გრ შაქარი
  • 5 ჩ/კ ჩაი „ერლ გრეი“
  • 50 მლ ვისკი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
  • ½ ჩ/კ დაფქული მუსკატის კაკალი

მომზადება:

1. ამ ჯადოსნური დესერტის მომზადება საღამოს დაიწყეთ. პირველ რიგში 5 ჩაის კოვზი ჩაი ღრმა თასში მოათავსეთ და მდუღარე წყალი დაასხით. 20 წუთით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ და მხოლოდ სითხე დატოვეთ. შემდეგ ვისკი დაუმატეთ, საკვები ცელოფანი დააფარეთ და მთელი ღამე გააჩერეთ.

2. დილით ალუბალს და ქიშმიშს ჩაის ნაყენი დაასხით და კენკრას გაჟღენთვა აცადეთ.

3. ამ დროს კვერცხი და შაქარი ცალკე ათქვიფეთ, გაჟღენთილი ჩირები და ჩაის ნარჩენი დაუმატეთ. აურიეთ, მუსკატის კაკალი და დარიჩინი დაუმატეთ. სანელებლები კექსს უჩვეულო არომატს მიანიჭებს და სწორედ ისეთ სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნის, როგორზეც ზემოთ ვსაუბრობდით.

4. ახლა ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად დაუმატეთ და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ.

5. როცა ცომი მზად იქნება, საცხობ ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით და ცომი მასში თანაბრად გადაანაწილეთ.

6. წინასწარ 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ცომით სავსე საცხობი ფორმა შედეთ და 1 საათით აცხვეთ.

ესეც ასე, შინაურული კექსის მომზადება უკვე ისწავლეთ. კექსი შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით მორთოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს