ამ უცნაურ შემთხვევაში, ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი ბოლომდე გარკვეული.
იყო ახალგაზრდა მშობელი – ნამდვილად არ არის ადვილი. უნდა მოასწრო არა მხოლოდ სწავლა და მუშაობა, არამედ საკუთარ ოჯახზე ზრუნვაც და მისთვის საკმარისი ყურადღების დათმობაც. ამ ყველაფერთან ერთად, არ უნდა დაგავიწყდეს ხანდახან დასვენებაც. ახალგაზრდა კლაუსების ოჯახს ეს კარგად ესმოდა და ამიტომ ცდილობდა გამოენახა დრო „მრევლის“ მოსანახულებლად. მაშინ არც კი ეპარებოდათ ეჭვი, რომ ეს სამუდამოდ შეცვლიდა მათ ცხოვრებას…
ტექსასი. 1981 წლის 12 იანვარი
ადგილობრივი მონადირე ტყეში სეირნობდა ნადავლის საძებნელად და მოულოდნელად დაჭაობებულ ადგილას ორი უცნაური სილუეტი შენიშნა. ახლოს რომ მივიდა, გაოგნდა. მის წინ ორი ახალგაზრდის ცხედარი იყო: კაცისა და ქალის. თითოეულ მათგანს ჰქონდა დიდი რაოდენობით სისხლჩაქცევები და ჭრილობები, რამაც ცხადყო, რომ ვიღაც ამ წყვილს სასტიკად გაუსწორდა, შემდეგ კი დატოვა ისინი, რომ ხეებსა და ჭაობებში მომკვდარიყვნენ.
მან შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გამოიძახა მაშველები და ექიმები, მაგრამ მათ ზუსტად ვერ დაადგინეს საშინელი დანაშაულის თარიღი. კლიმატი, ადგილის რელიეფი და გარეული ცხოველების გავლენა დაეხმარა მხოლოდ სავარაუდო დროის განსაზღვრას: მინიმუმ ერთი კვირიდან, მაქსიმუმ ორ თვემდე. გარდაცვლილებს არანაირი საბუთი არ აღმოაჩნდათ.
პოლიციამ მაშინვე დაიწყო საშინელი დანაშაულის გამოძიება. მათ ბოლო ორი თვის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულების ყველა საქმე განიხილეს, მაგრამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს. გარდაცვლილი წყვილის ცხედრების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა და ისინი უსახელო საფლავებში დაკრძალეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ გამოძიებამ მომხდარი სათანადოდ ვერ გამოიძია. საქმე ისაა, რომ პოლიციის განყოფილებაში არაერთხელ მიიღეს ინფორმაცია ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი ერთი წლის შვილის გაუჩინარების შესახებ. მაგრამ ისინი არ ჩქარობდნენ აღმოჩენილი ცხედრების დაკავშირებას გაუჩინარებულ ადამიანებთან…
ახალგაზრდა ოჯახი
1979 წლის ივნისში 20 წლის დინ კლაუსმა და 16 წლის ტინა ლინმა იქორწინეს. 1980 წლის იანვარში ახალგაზრდა წყვილს შეეძინა გოგონა, რომელსაც ჰოლი დაარქვეს.
მიუხედავად საკმაოდ ახალგაზრდა ასაკისა, დინი და ტინა მთლიანად იყვნენ ჩაფლულები ოჯახურ ცხოვრებაში. უკვე ზაფხულში დაიწყეს ოჯახისთვის იდეალური სახლის ძებნა და შესაფერისი ვარიანტის პოვნის შემდეგ ტექსასში გადავიდნენ. ახალგაზრდა მამაკაცმა სამსახურის პოვნა მოახერხა, ცოლმა კი დიასახლისის როლი მოირგო. ფული კატასტროფულად არ ჰყოფნიდათ, მაგრამ კლაუსის ოჯახის მეგობრების თქმით, მათ შორის ყოველთვის მეფობდა სიყვარული და ურთიერთგაგება.
ოქტომბერში დინმა და ტინამ მოულოდნელად შეწყვიტეს კავშირზე გამოსვლა. ისინი ზარებს არ პასუხობდნენ და მამაკაცმა სამსახურში სიარული შეწყვიტა. დედამ არაერთხელ სცადა შვილის, რძლისა და შვილიშვილის მოძებნა, მაგრამ უშედეგოდ. ისინი, თითქოს გაქრნენ.
მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ იანვარში ჭაობებში უცნობი ახალგაზრდების გვამები იპოვეს, კლაუსის ახლობლებმა ყველაზე საშინელი რამ გაიფიქრეს… მაგრამ როცა გაიგეს, რომ ტყეში ორი ადამიანი იპოვეს, ამოისუნთქეს. გარდა ამისა, დაკარგული მეუღლეები იმ ადგილიდან 300 კილომეტრში ცხოვრობდნენ, სადაც უცნობი ცხედრები აღმოაჩინეს. დინი დედას ბოლოს 10 ოქტომბერს ესაუბრა და ნეშტები დათარიღდა არა უადრეს ნოემბრის ბოლო პერიოდისა.
საშინელი საიდუმლოებები
სიტუაციის გაგების და შვილის ოჯახის კვალზე გასვლის მცდელობისას, დედამ პოლიციას უთხრა, რომ დინი და ტინა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მარგინალური რელიგიური სექტის წევრები იყვნენ. მისი წევრები ატარებდნენ თეთრ სამოსს და მოგზაურობდნენ შეერთებულ შტატებში, რათა ხალხისთვის მიეწვდინათ „იესოს სიტყვა“. მაგრამ, სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ამ ხალხს ქრისტიანობასთან საერთო არაფერი ჰქონდა. მათი „სწავლებები“ იყო ბიბლიის, ინდუისტური პრაქტიკისა და ჰიპების ფილოსოფიის სხვადასხვა ნაწილის უაზრო კომბინაცია.
ეს რომ გაიგეს, გამომძიებლებს ერთი წამითაც არ შეპარვიათ ეჭვი, რომ დინი და ტინა კლაუსები უბრალოდ დაბრუნდნენ სექტაში, სადაც თავიანთი შვილიც წაიყვანეს. ამ ვერსიის დამადასტურებელი მთავარი არგუმენტი იყო 1980 წელს კალიფორნიაში ოჯახის მანქანის აღმოჩენა.
ცხედრები იდენტიფიცირებულია
21-ე საუკუნის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო თანამედროვე პროგრამა ადრე ამოუცნობი ცხედრების იდენტიფიცირებისთვის. მის დროს სპეციალისტებს უნდა შეემოწმებინათ 270 ათასზე მეტი უსახელო სამარხი, მათ შორის ტექსასის ჭაობებში ნაპოვნი გვამები. ექსპერტებმა მათთან მიღწევა მხოლოდ 2011 წელს მოახერხეს. მათ ამოიღეს ბიოლოგიური მასალა და გაგზავნეს დნმ-ის ტესტირებისთვის. შეერთებულ შტატებში მას ახორციელებს რამდენიმე ორგანიზაცია ერთდროულად, როგორც კი დაფინანსება ხელმისაწვდომი ხდება. საბოლოო შედეგები ანალიზმა მხოლოდ 2021 წელს აჩვენა. გენეტიკური ტესტებისა და კვლევის დახმარებით, საბოლოოდ კლაუსის სხეულების იდენტიფიცირება მოხდა.
ის ცოცხალია
მიუხედავად ამისა, მათი ერთი წლის ქალიშვილის ბედის საკითხი კვლავ ღია დარჩა. იმავე წლის ივნისში, დნმ-ის ერთ-ერთი ტესტის წყალობით, შესაძლებელი გახდა იმის გარკვევა, რომ ჭაობებში აღმოჩენილ წყვილს არიზონაში ახლო ნათესავი ჰყავდა.
ინფორმაციის მიღების შემდეგ პოლიცია მაშინვე დაუკავშირდა 42 წლის ქალს, რომელმაც ვინაობის დასახელებაზე უარი განაცხადა. ქალს ბევრი არაფერი ახსოვდა თავისი წარსულის შესახებ. როგორც გაირკვა, 1981 წლის იანვარში იგი არიზონას ერთ-ერთ ეკლესიაში მიიყვანა ორმა უცნობმა ახალგაზრდა გოგონამ, რომლებსაც თეთრ სამოსი ეცვათ. მათ ბავშვი ყოველგვარი დაზუსტების გარეშე დატოვეს და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდნენ. გოგონას სახელი დაარქვეს და შემდეგ მიმღებ ოჯახში გადაიყვანეს.
მისი ამბის მოსმენის შემდეგ, „ჰოლი“ დაიბნა. მან უარი თქვა ბებიასთან შეხვედრაზე, რომელიც შეხვედრას ევედრებოდა და მხოლოდ ერთხელ დათანხმდა მასთან ვიდეო ზარის საშუალებით დალაპარაკებას. მას უზარმაზარ თანხებს სთავაზობდნენ თოქ-შოუებში მონაწილეობისთვის, მაგრამ მას ამის გაგონებაც კი არ სურდა. დღეს ქალს ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი ჰყავს, რომლებიც ძალიან უყვარს.
რაც შეეხება მისი ბიოლოგიური მშობლების გარდაცვალებას, გარემოებები ჯერჯერობით უცნობია. პოლიცია ვარაუდობს, რომ სექტანტები უბრალოდ გაუსწორდნენ „კოლეგებს“ და გადაწყვიტეს მხოლოდ ბავშვი დაენდოთ. გამომძიებლები ამუშავებენ ამ ვერსიას, ცდილობენ მიაგნონ ამ საზოგადოებას, რათა თავიდან აიცილონ ახალი სიკვდილი და ნათელი მოჰფინონ იმ საშინელი ამბის ქრონოლოგიას, რომელიც კლაუსებს გადახდა.