ჯონ გრეის წიგნის სათაური ამბობს: „კაცები მარსიდან არიან, ქალები – ვენერადან“. ეს მეტაფორა ბევრ რამეს ხსნის, როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება. არავინ დავობს, რომ კაცები და ქალები სამყაროს განსხვავებულად უყურებენ. განსხვავდება მათი მიდგომაც გრძელვადიანი ურთიერთობის გაწყვეტისას. რა უნდა ქნათ, თუ დაშორება არ ხდება? ურთიერთობამ დაკარგა ყოველგვარი ნაპერწკალი, გაქრა გაგება და ზრუნვა, დარჩა მხოლოდ ერთად ყოფნის სიმძიმე, მაგრამ მამაკაცი არ მიდის. რატომ? მოსიყვარულე კაცის ნათქვამი დღესავით ნათელია, მაგრამ უსიყვარულო ურთიერთობაში მყოფი კაცის გამართლება სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს. დღეს ზოგიერთ მათგანზე ვისაუბრებთ.
უდავოდ, განშორება ორივე სქესისთვის დიდი სტრესია, მაგრამ ფსიქოლოგები აღნიშნავენ ერთ თავისებურებას: ქალები უფრო ხშირად ტოვებენ ცუდ ურთიერთობებს ახალი ცხოვრებისთვის. კაცები კი რჩებიან პარტნიორთან ან ცოლთან, მაშინაც კი თუ აღარ უყვარარს და მასთან ყოფნა უმძიმს. აი, რატომ.
რას ამბობს შეყვარებული კაცი და რას ამბობს ის, ვისაც აღარ უყვარს
ამბობენ, ბედნიერი ოჯახები ერთნაირად ბედნიერები არიან, მაგრამ უბედურ ოჯახებს უბედურების სხვადასხვა მიზეზი აქვთ. თუ მამაკაცი ურთიერთობაში თავს კომფორტულად გრძნობს, ამას ზრუნვაში ავლენს. პირდაპირ შეიძლება არ თქვას „მე შენ მიყვარხარ“ დღეში 10–ჯერ, როგორც ზოგიერთ ქალს სურს, მაგრამ გკითხავს, ხომ არ დაგრჩა გასაღები, თბილად თუ გაცვია, ხომ არ გამოგიაროს სამსახურში? ის, რასაც შეყვარებული მამაკაცი ამბობს, ყოველთვის ზრუნვას უკავშირდება. ბედნიერ ურთიერთობაში მყოფი მამაკაცის ამოცნობა მარტივია, რადგან ყველაფერს აკეთებს საერთო კეთილდღეობისთვის.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მამაკაცი გარეგნობის მხრივ კომპლიმენტებს ამბობს. ანდაზაც არის, რომ კაცებს თვალებით უყვართ. აუცილებელი არაა, რომ რჩეული ტოპ მოდელი იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკურად და ესთეტიკურად მოსწონდეს. დარწმუნებული იყავით, შეყვარებული კაცი ამას აუცილებლად ხაზს გაუსვამს. საქმე რთულდება, როცა სიყვარული ქრება.
სიყვარული მაშინვე არ კვდება, ეს თანდათანობით ხდება. თუ ქალი, რომელიც პარტნიორის მიმართ არაფერს გრძნობს, სხვას სიხარულით იპოვის, კაცის შემთხვევაში ასე არ არის. კაცი სახლს არ ტოვებს. ზოგი საყვარელს პოულობს, მაგრამ მაინც ცოლთან ბრუნდება. რატომ?
კომფორტის ზონის დატოვების სურვილის არ ქონა
ჩვენი ტვინი საოცრად მოწყობილია: ადამიანი ყოველთვის ისწრაფვის სიმშვიდისა და მუდმივობისკენ. სურს შემოიკრიბოს სახლი, ყოფა, ჩვეული ნივთები. ეს მოდუნებაში გვეხმარება. ახლა პოპულარულია სლოგანი „გამოდი კომფორტის ზონიდან“, რადგან სტრესი და ბედის გამოწვევები გვაიძულებს უკეთესობისკენ შევიცვალოთ. თუმცა საბოლოოდ ყველას გვინდა სიმშვიდე.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი სტრესი არ არის კომფორტული ზონის მიღმა არსებული სამყარო, არამედ მისი დატოვების შიში. ვინაიდან, როგორც კი ადამიანი კომფორტის საზღვრებს სცდება, მოქმედებას იწყებს. ამ მომენტამდე არაფერია უფრო მტკივნეული, ვიდრე სახლის დატოვების სურვილის არ ქონა. საშიში და უცნობია.
რას ამბობს მოსიყვარულე კაცი: მარტოობის შიში
ადვილი არაა გადაწვათ ხიდები და მაშინვე საკუთარი თავის პირისპირ აღმოჩნდეთ. დაიძინო ცარიელ საწოლში, გაიღვიძო მარტომ, ისაუზმო, ისადილო და ივახშმო მარტომ. სამუშაო დღის ბოლოს ან დასვენების დღეებში სევდა ძლიერდება. ოჯახური ყოფა ძალიან ორგანიზებულია, საქმე ყოველთვის არის. შეგიძლია უყურო ფილმს, გაისეირნო გარეთ, წახვიდე მწვადზე ან მეგობრებთან. სახლშიც ბევრი საქმეა. ამ ყველაფრის მარტო გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ, დაგვეთანხმეთ, სასიამოვნოა ასეთი შთაბეჭდილებების გაზიარება სხვებთან.
საშინელი შეგრძნებაა იმის გაცნობიერება, რომ საკუთარ თავთან ყოფნა არც ისე საინტერესო შეიძლება იყოს. განსაკუთრებით გრძელვადიანი ქორწინების შემდეგ, როცა ადამიანი ოჯახთან და პარტნიორთან თანაცხოვრებას შეგუებულია. სიჩუმეში ბევრი ნამდვილ მეს ხედავს. ეს შეხვედრა ყოველთვის სასიამოვნო და ნანატრი არაა. იღვიძებს ძველი წყენა, შიში, იმედგაცრუება, არარეალიზებული პოტენციალი. დეპრესია ვითარდება.
არც მე, არც შენ
საინტერესო სიტუაცია ხდება წყვილებში, სადაც ქალი ვარსკვლავია! ლამაზი, წარმატებული და ქარიზმატულია, მაგრამ არა მისი ოცნების ქალი. მისით მოხიბლული აღარაა, იდეალურობით დაიღალა და ყველაფერი იმიტომ, რომ, ალბათ, სხვა ტიპის ქალი შეეფერება. ასეთ დიდებულ ქალთან თავი უმნიშვნელოდ შეიძლება იგრძნოს, მაგრამ ვერ მიატოვებს, ვერ გაბედავს.
ფიქრი, რომ ასეთი ლამაზმანი სხვას შეხვდება, სასოწარკვეთილებაში აგდებს. ალბათ, ვიღაც სხვა მასზე უკეთესი იქნება, მისთვის უფრო შესაფერისი! ასეთი ფიქრებით მამაკაცი რჩება ქალთან, რომელიც აღარ უყვარს. დიახ, ქალიც უსიყვარულოდ ჭკნება და ადრე თუ გვიან ასეთ ურთიერთობას დაასრულებს.
ისევ პაემნების სამყაროში
ერთი საქმეა გადაეშვა სასიყვარულო თავგადასავლებში, როცა 20 წლის ხარ. სულ სხვა, ქორწინების და სერიოზული ურთიერთობის შემდეგ, როცა 30, 40 ან 50 წლის ხარ. არ არის მარტივი: იპოვო საკუთარ თავში რაიმე ხიბლი, დაპატიჟო პაემანზე, დაიწყო თავიდან ყოველგვარი გარანტიის გარეშე, რომ ყველაფერი გამოვა. ხომ გვინდა, რომ სახლში ვინმე აცხობდეს ხაჭაპურს, უვლიდეს შვილებს. ეს კი მაშინვე არ ხდება (ან ძალიან იშვიათად). ასაკთან ერთად თავდაჯერებულობა მცირდება და ჩნდება უარყოფის შიში.
არ სურს ოჯახის განაწყენება
როცა პარტნიორები ორივე ოჯახს უყვარს, მათი ურთიერთობის გაწყვეტა ადვილი არაა. თამაშში ერთვება ყველა ხელმისაწვდომი მექანიზმი ოჯახური კავშირების შესანარჩუნებლად. თუ, რა თქმა უნდა, ღია კონფლიქტი არაა. თუმცა ბევრ მამაკაცს უბრალოდ ეშინია ურთიერთობის დასრულება, რადგან არ იცის, რა უთხრას ნათესავებს. ქალებმაც. დაშორება ადვილი არაა, როცა ყველა ყველას იცნობს.
შვილები და განქორწინება
რა თქმა უნდა, პირველი მიზეზი შვილები არიან, მაგრამ ამით დაწყება ბანალური იქნებოდა, რადგან ჯანსაღ ურთიერთობაში ორივე მშობელი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ბედნიერები დარჩნენ. მხოლოდ ასე დაინახავენ ბავშვები ჯანსაღი ქცევის მოდელს. სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ ხდება. უმეტესად, პარტნიორები ერთად რჩებიან შვილების გულისთვის. შედეგად, ბავშვები იზრდებიან ოჯახში, სადაც დედას არ უყვარს მამა, მამას არ უყვარს დედა. როგორც წესი, აქედან კარგი არაფერი გამოდის.
ცვლილებების პათოლოგიური შიში
ზოგიერთ ადამიანს ცვლილებების ძალიან ეშინია. მზად არიან, ისწავლონ საძულველ პროფესიაზე და იმუშაონ საშინელ ადგილას, მაგრამ არ ისურვებს სტატუსის ან ურთიერთობის განახლებას. საიდუმლო არაა, რომ განშორება (განსაკუთრებით, განქორწინება) დიდი სტრესია. ბევრს რაღაც ახალი უბრალოდ აშინებს. ასეთი ხალხი გადაწყვეტილებებს არ იღებს, ვალდებულებებს სხვებს აკისრებს. შესაბამისად, დამოუკიდებლად ვერ წყვეტს ურთიერთობას, რჩება ადამიანთან, რომელიც აღარ უყვარს.
რას ამბობს შეყვარებული კაცი: ლამაზი სურათი
არაპოპულარული, მაგრამ სერიოზული პრობლემა იმ წყვილებისთვის, რომლებმაც იდეალური იმიჯი შექმნეს. იდეალური შეყვარებული ქალი, იდეალური მამაკაცი! თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ რაღაც რიგზე არაა. სოციალური ქსელები სავსეა ჭრელი ფოტოებით, კედლებზე საოჯახო პორტრეტები, ნაცნობების და ნათესავების მისაბაძი მაგალითი. რთულია გაანადგურო საგულდაგულოდ შექმნილი ილუზია, რომლის შექმნასაც წლები მოანდომე. ხანდახან ასეთი ურთიერთობები დიდ ფულს მოითხოვს. კაცისთვის ეს სტატუსი და სხვებისგან პატივისცემაა, ამიტომ მზად არ არის, საკუთარი ბედნიერებისთვის ამაზე უარი თქვას.
მიზეზები განსხვავებულია, მაგრამ შედეგი ერთი: მოწყენილი მამაკაცი, რომელიც ტელევიზორის წინ პულტით ხელში დივანზე წევს. სადღაც სამზარეულოში მისი მოწყენილი და უსიყვარულობისგან გაღიზიანებული ცოლი ფუსფუსებს. სადღაც იმავე შენობაში თამაშობენ ბავშვები, რომლებიც ვერ გაიგებენ, რა არის ჯანსაღი ურთიერთობა. მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არის. ფსიქოლოგები ამბობენ: თუ მამაკაცს წასვლა არ სურს, გამოდის, ურთიერთობის აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია და ამისთვის მუშაობა არის საჭირო. უკიდურეს შემთხვევაში, ურთიერთობა უნდა დასრულდეს.