2024 წლის თებერვლის ბოლოს Apple-ის წარმომადგენლებმა ოფიციალურად განაცხადეს: iPhone და ბრინჯი შეუთავსებლები არიან! როგორც ჩანს, ძველი ხრიკის მიმართ iPhone–ის მომხმარებლების სიყვარულმა ასეთი განცხადების გაკეთება აიძულათ. თუ გახსოვთ, ტექნიკურად მოწინავე ადამიანები დიდი ხნის წინ გვირჩევდნენ მობილური ტელეფონების გაშრობას ბრინჯით სავსე თასში ჩადებით. მოდი გავარკვიოთ, რატომ გახდნენ იძულებულნი Apple-ის წარმომადგენლები ოფიციალურად გაეფრთხილებინათ მყიდველები ამ ხრიკის გამოყენების შესახებ.
iPhone და ბრინჯი: როგორ სჯობს ტელეფონის გაშრობა?
ხრიკის არსი
ადრე ბრინჯის ხრიკი პანაცეა იყო მათთვის, ვინც წვიმაში მოხვდა ან ტელეფონით ჯიბეში აუზში ჩავარდა. თუ თვითნასწავლ ტექნიკოსებს დავუჯერებთ, დასველებული ტექნიკა ღრმა თასში უნდა ჩადოთ და ბრინჯი დააყაროთ. ასე ტელეფონი 1 დღე უნდა გააჩეროთ.
როგორც ცნობილია, ბრინჯი სითხეს კარგად შთანთქავს. 1 დღეში ტელეფონი მთლიანად გაშრება და თამამად შეგიძლიათ ისევ გამოიყენოთ. როგორც მინიმუმ, ასე იქნებოდა ყველაფერი იდეალურ სცენარში. თუმცა სინამდვილეში, ბრინჯის ხრიკი ახალ პრობლემებს იწვევს.
ხმამაღალი გაფრთხილება
კორპორაციის წარმომადგენლებმა ოფიციალურად განაცხადეს: „დიახ, ბრინჯი სითხეს ნამდვილად შთანთქავს და თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომია. მაგრამ iPhone და ბრინჯი შეუთავსებელია. ბრინჯით სავსე თასში, მარცვლეულის მტვერი ან თუნდაც მთელი მარცვლეული ტელეფონის ღიობებში მოხვდება, რაც აუცილებლად დააზიანებს ტექნიკას“.
Apple-ის ექსპერტები მხოლოდ ერთი გაფრთხილებით არ შემოიფარგლნენ. მათ გამოაქვეყნეს ტელეფონის გაშრობის საკუთარი სახელმძღვანელო, iPhone–ის უახლესი მოდელების მახასიათებლების გათვალისწინებით. ექსპერტების თქმით, მათი ალგორითმი უფრო საიმედოა და გაცილებით მეტი შანსი აქვს ტელეფონის წინა ფუნქციონირებას დაუბრუნოს.
ექსპერტების რჩევები
პირველ რიგში, ტელეფონი კონექტორით ქვემოთ ხელში დაიკავეთ და ხელისგულით მსუბუქად დაუტყაპუნეთ, რომ ზედმეტი სითხე მოწყობილობიდან გამოდევნოთ. iPhone ნახევარი საათი გააშრეთ მშრალ, უსაფრთხო ადგილას, სადაც ჰაერი კარგად მოძრაობს. ამის შემდეგ ტელეფონის ჩართვა სცადეთ. თუ iPhone–ის შიგნით სითხე მოხვდება, ამის შესახებ სიგნალს მოგცემთ.
ამ შემთხვევაში ტელეფონი ზუსტად 1 დღე მშრალ ადგილას გააჩერეთ. ერთი დღის შემდეგ ისევ სცადეთ დამუხტვა. არ იტენება? კაბელი და დასატენი შეამოწმეთ. თუ iPhone ყველა ამ პროცედურის შემდეგ გონს არ მოვა, სერვის ცენტრს მიმართეთ.
ნათელი მომავალი
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ რამდენიმე წელიწადში ტელეფონის გაშრობა საჭირო აღარ იქნება. ახლა iPhone–ის უახლესი მოდელები ნახევარ საათს მშვიდად ატარებენ ექვსი მეტრის სიღრმეზე. დროთა განმავლობაში Apple–ის ყველა ტელეფონი წყალგაუმტარი გახდება. ასე ბრინჯის ხრიკი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს.