ძაღლების ყველაზე ურჩი ჯიშები

1162

ყველა შინაური ცხოველი შესანიშნავია, თუმცა ზოგიერთი ჯიში ცოტა უფრო მეტ მოთმინებასა და ყურადღებას მოითხოვს. ხშირად, ამა თუ იმ ჯიშის ძაღლის გაწვრთნის სირთულეები დაკავშირებულია მისი წარმოშობის ისტორიასთან – ამოცანებთან, რომელთა შესასრულებლადაც გამოიყვანეს ისინი. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ძაღლების ყველაზე ურჩ ჯიშებზე გიამბობთ.

მათ უმეტესობას რაღაც საერთო გააჩნია და ეს არის – მავნეობა. ამიტომ, მხოლოდ 7 ურჩი ძაღლის ჯიშის არჩევა ადვილი საქმე არ არის. ამის გადასაჭრელად ვესაუბრეთ ძაღლების გამოცდილ მოყვარულებს და ასევე შევისწავლეთ პოპულარული უცხოური საიტები, რომლებიც ძაღლების მოშენებას ეძღვნება. ქვემოთ ვისაუბრებთ იმ ფუმფულა კანდიდატებზე, რომლებსაც მფლობელები ყველაზე ხშირად უწოდებენ „ცუდ ბიჭებს!“

ძაღლების ყველაზე ურჩი ჯიშები: 7 პოპულარული ჯიში

ძაღლის გაწვრთნა უფრო რთული საქმეა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. ბევრ ჯიშს აქვს რთული ტემპერამენტი, დამოუკიდებელი ხასიათი და წვრთნას ძნელად ექვემდებარება. მოდით გავარკვიოთ!

ჩინური შარპეი

არ იჩქაროთ აღფრთოვანება მისი დანაოჭებული სახით და ხავერდოვანი ბეწვით. შარპეი საკმაოდ რთული გასაწვრთნელია. მათი ხასიათი ხანდახან მოგვაგონებს უკმაყოფილო მეზობელს, რომელიც ბრაზდება ბავშვებზე ქუჩაში ხმაურის გამო. ამ ჯიშის ძაღლს არ უყვარს ურთიერთობა სხვა ადამიანებთან. თუ დროზე არ მოხდება მათი სოციალიზაცია, ისინი შეიძლება აგრესიულები იყვნენ უცხო ადამიანების მიმართ. ნებისმიერ შემთხვევაში, ძაღლის ეს ჯიში ნამდვილად არ არის დამწყებთათვის.

ციმბირული ჰასკი

ციმბირული ჰასკი თავნებაა და ნამდვილად არ არის შესაფერისი მოუმზადებელი მფლობელებისთვის. ეს ჯიში გამოყვანილ იქნა გაყინულ ტუნდრაში სოლიდური კილომეტრაჟის გასავლელად. ამ მიზეზით, მუდმივი ფიზიკური აქტივობის გარეშე, მათი ენერგია დამღუპველი ხდება. გარდა ამისა, ჰასკი საკმაოდ დამოუკიდებელია. მათ მოსწონთ ბრძანებების იგნორირება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი რაიმე საფრთხეს გრძნობენ.

ჯეკ რასელ ტერიერი

ეს ჯიში თავდაპირველად მელაზე ნადირობისთვის იყო გამოყვანილი. ამიტომ, ასეთ ძაღლებს უყვართ სხვა ცხოველების დევნა, განსაკუთრებით მათი, რომლებიც უფრო მცირე ზომის არიან. ამ მიზეზით, ჯეკ რასელი ცუდად ეგუება კატებს და მოითხოვს მუდმივ ფიზიკურ აქტივობას. თუ ასეთი ძაღლი ყოველდღიურად დიდხანს არ ისეირნებს სადმე პარკში, ის იწყებს სახლში ყველაფრის დანგრევას.

ჩაუ – ჩაუ

ყოველთვის სთხოვეთ მათ პატრონებს ნებართვა, სანამ ჩაუ ჩაუს მიმზიდველ სახეს მოეფერებით. თავიანთი ბუნებით, ეს ფუმფულა ბურთები დომინანტურები და ჯიუტები არიან და შეიძლება ჰქონდეთ საკმაოდ ბრაზიანი ხასიათი, თუ მათ არ გააცნობთ სხვა ადამიანებს. ისინი დიდ ყურადღებას ითხოვენ პატრონებისგან და ასევე მიდრეკილნი არიან ეჭვიანობისკენ. ჩაუ ჩაუ ხშირად ვერ ეგუება სხვა ცხოველებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აგრესიის უეცარი აფეთქებები.

როტვეილერი

როტვეილერზე უფრო ერთგულ ჯიშს ვერ იპოვით. ისინი უკიდურესად ერთგულები არიან, რადგან მათი პატრონი მათთვის მთელი მსოფლიოა. თუ თქვენ ეძებთ დამცველ ძაღლს, ეს ჯიში შესანიშნავია, მაგრამ ეს შეიძლება იქცეს პრობლემად, როდესაც იქნებით უცხო ადამიანების გარემოცვაში. სათანადო მომზადების გარეშე, ასეთი შინაური ცხოველები შეიძლება ადვილად გახდნენ აგრესიულები მათ მიმართ, ვინც მათთვის ზედმეტად მოძრავი ან საფრთხის შემცველია.

ბულმასტიფი

ამ ჯიშის ძაღლების დიდი ზომა სერიოზული გამოწვევაა მრავალი პატრონისთვის. თუ თქვენს ბულმასტიფს ბავშვობიდან არ ასწავლით ბრძანებებს, შეგიძლიათ მარტივად მოხვდეთ ბალახზე ან ასფალტზე, როდესაც ის გადაწყვეტს ჩიტის დადევნებას. ექსპერტები ასევე გვირჩევენ, რომ ასეთი ძაღლი დიდხანს არ დატოვოთ მარტო, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლში ყველაფერი თავდაყირა დაგხვდებათ.

ავღანური ნაგაზი

ეს არის ძალიან ჭკვიანი ძაღლის ჯიში, დამოუკიდებელი ხასიათით. თავისი ჩვევებით ავღანური ძაღლი უფრო დიდ კატას ჰგავს, ვიდრე ძაღლს. ამ ჯიშის ძაღლს ძალიან უყვარს იმის თამაში, რომ ვითომ მის პატრონს მისთვის არ დაუძახია. მათი ინტელექტის გამო, ისინი კარგად სწავლობენ ბრძანებებს, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტენ მათ უგულებელყოფას, თუ არ აინტერესებთ.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ძაღლები ბუნების ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილებები არიან. მათ საკუთარი პატრონი საკუთარ თავზე მეტად უყვართ. უხსოვარი დროიდან ძაღლები და ადამიანები ერთად ცხოვრობდნენ და იდეალურად შეეგუვნენ ერთმანეთს. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში 450-მდე ძაღლის ჯიშია და თითოეული მათგანი თავისებურად უნიკალური და საოცარია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს