არომატული კამა უამრავი სხვადასხვა კერძის აუცილებელი ინგრედიენტია. უდავოდ, მხოლოდ ერთი სანელებლით წვნიანს ვერ მოამზადებთ, მაგრამ ასობით, ათასობით თუ არა, დელიკატესი კამის გარეშე განუმეორებელ გემოს კარგავს. ეს კულტურა არც ისე მომთხოვნია. მონდომებული დიასახლისი შეძლებს კამის გაზრდას ქოთანშიც აივანზე. და მაინც, კამის სწორად მოყვანა დელიკატური საკითხია. არომატული კამის უხვი მოსავლის მიღებას შეძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიცავთ ქვემოთ ჩამოთვლილ წესებს.
კამის მოყვანა: სავალდებულო ნაბიჯები
გაშენების დეტალები
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, კამის მოყვანა გამარტივდა. ამ კულტურას სითბო უყვარს. რაც უფრო ცხელი ზაფხულია, მით უკეთესი. კლიმატის ცვლილებები კამისთვის ზეციდან მოვლენილი ნამდვილი მანანა აღმოჩნდა. როგორც ხედავთ, თავად ბუნება ხელს უწყობს ამ მცენარის გაშენებას.
არ უნდა დაგავიწყდეთ კამის, როგორც კულტურის სხვა პრეფერენციები. მაგალითად, კამის მოყვანა რთულდება, თუ ბუჩქებისთვის მიწა გაფხვიერებული არ არის. ამ კულტურას მზის სინათლე ჰაერივით სჭირდება. დაჩრდილული ნაკვეთი მისთვის შეუფერებელია. მსუბუქი ჩრდილიც მოსავლის მოცულობაზე ნეგატიურად მოქმედებს.
ჯიშის საკითხი
ჯიში, რომელიც თესლის მოპოვებას აადვილებს, გამოადგება გამოცდილ მებოსტნე–ექსპერიმენტატორს. თუ თქვენი მიზანია ღირსეული მოსავლის აღება, არჩევანი გვიანი ჯიშის კამაზე შეაჩერეთ. დიახ, მისი ვეგეტაციური პერიოდი დიდხანს გრძელდება, მაგრამ მეზობლების შესაშურ მოსავალს მოგცემთ.
მორწყვა ყველაფრის თავი და თავია
როგორც აღვნიშნეთ, კამა ძალიან მომთხოვნია მზის სინათლის მოცულობაზე. შესაბამისად, სჭირდება მეტი წყალი, ვიდრე სხვა ბაღის კულტურას. კამა რეგულარულად უნდა მორწყათ, როგორც მინიმუმ, დღეში ორჯერ, განსაკუთრებით ცხელ და მშრალ ამინდში.
მორწყვისას აკონტროლეთ, რომ კვლების 1 კვადრატულ მეტრზე მინიმუმ 10 ლიტრი წყალი მოხვდეს. პირველად დილით მორწყეთ, მეორედ – საღამოს. თუ არც ისე მზიანი დღეა, დილით მორწყვა შეგიძლიათ შეამციროთ. საღამოს მორწყვა აუცილებელია, რადგან კამის აქტიური ზრდის პერიოდი ღამით ხდება.
ხრიკი
აყვავებული კამის მისაღებად ზაფხულში 4–5–ჯერ 15 სმ სიმაღლეზე გადაჭერით. ასე გვერდითა ყლორტების განვითარებას ხელს შეუწყობთ. ასეთი გადაჭრის შემდეგ კამა ამიაკიანი წყლის ხსნარით მორწყეთ. ასეთი ხრიკი დაგეხმარებათ ღირსეული მოსავლის აღებაში.