პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ ვარსკვლავების შთამომავლებზე, რომლებმაც გადაწყვიტეს ნათესავებისგან განსხვავებული გზა აერჩიათ, თუმცა ისინიც გახდნენ ცნობილები.
საიდუმლო არ არის, რომ ცნობილი ადამიანების შვილები ხშირად ირჩევენ სამოდელო კარიერას. თუმცა, როგორც წესი, ისინი მშობლების კვალს მიჰყვებიან. ამის უამრავი მაგალითია – კაია გერბერი, ლილა მოსი, ანა კლივლენდი და ჯიჯი და ბელა ჰადიდები.
სხვა საქმეა, როცა შენი ბაბუა ლეგენდარული მწერალია, ან, მაგალითად, მამაშენი ცნობილი მსახიობი. თუმცა, ბრენდების ინტერესი ასეთი ოჯახების შთამომავლების მიმართ სავსებით გასაგებია. და აქ საქმე მხოლოდ გენებში არაა, აშკარაა, რომ დიდი გვარი ჰემინგუეი არანაკლებ ყურადღებას იპყრობს, ვიდრე „ცნობილი მოდელის ქალიშვილი პოდიუმზე“.
დღეს გიამბობთ ექვსი მოდელის ისტორიას, რომელთა უახლოესი ნათესავები მთელ მსოფლიოში არიან ცნობილი, მაგრამ არა სარეკლამო კონტრაქტებისა და ფეშენ გადაღებების წყალობით.
დრი ჰემინგუეი
მერიელ ჰემინგუეი – მწერლის, ერნესტ ჰემინგუეის შვილიშვილია. მას არასოდეს უნახავს ბაბუა, წიგნების „ვისთვის რეკავს ზარი“ და „მოხუცი და ზღვის“ ავტორი, რომელმაც მის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე მოიკლა თავი.
როდესაც მერიელი 15 წლის გახდა, მისი დებიუტი შედგა ფილმში „ტუჩსაცხი“. თუმცა, შესაძლოა, მის კარიერაში მთავარი როლი არის – ტრეისი, ვუდი ალენის ფილმში „მანჰეტენი“. სწორედ ამისთვის მიიღო მან „ოსკარის“ ნომინაცია.
მერიელის ქალიშვილი, დრი – პირველად პოდიუმზე 2009 წლის მარტში გამოჩნდა. მან მონაწილეობა მიიღო Givenchy-ის შოუში, ხოლო ერთი წლის შემდეგ გახდა Salvatore Ferragamo-ს არომატის სახე. მსოფლიომ დაიწყო ლაპარაკი დამწყებ მოდელზე, კონტრაქტები ერთიმეორის მიყოლებით ფორმდებოდა.
თუმცა, გოგონამ გადაწყვიტა არ შემოფარგლულიყო მხოლოდ სამოდელო ბიზნესით და თავი მსახიობის როლშიც გამოსცადა, ხოლო 2020 წლის სექტემბერში მან რეჟისორის ამპლუაც მოირგო. დრიმ წარადგინა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „დღე 47-ე“.
ლენგლი ფოქსი
ჰემინგუეის ოჯახის კიდევ ერთი წევრი, თუმცა განსხვავებული გვარით – ლენგლი ფოქსი. სხვათა შორის, შემთხვევითი არ იყო, რომ ლენგლიმ ლეგენდარულ გვარზე უარი თქვა.
„დიახ, დიდი პატივია ჰემინგუეის გვარის ტარება, ასოცირება ასეთ დიდ ადამიანთან და სხვა ნიჭიერ ნათესავებთან (დედა მერიელი და და – დრი). მაგრამ არ მინდა, რომ ჩემს შესახებ ჩემი ცნობილი გვარის მიხედვით იმსჯელონ“, – აღიარა გოგონამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
იმავდროულად, ოჯახური კავშირები, რა თქმა უნდა, არ არის მოდელის ერთადერთი ღირსება. მისი პორტფოლიო მოიცავს Marc Jacobs-ის, Saint Laurent-ისა და Louis Vuitton-ის ჩვენებებს, ასევე Marc Jacobs-ის სუნამოების სარეკლამო კამპანიას.
თუმცა, როგორც მისმა დამ, ლენგლიმაც გადაწყვიტა, რომ საკუთარი თავი მხოლოდ სამოდელო კარიერისთვის არ მიეძღვნა, გოგონა ასევე ხატავს და დიზაინითაც არის დაკავებული.
სიმონა კუსტი
სიმონა რუსი მხატვრის და კოსტიუმების დიზაინერის ალექსანდრე პეტლიურას ქალიშვილია. მისი სახელი შეიძლება არ იყოს განსაკუთრებით ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, მაგრამ ბოჰემურ საზოგადოებაში ალექსანდრეს ბევრი იცნობს.
1990-იანი წლების შუა ხანებში პეტლიურამ მოაწყო არტ კომუნა „ხელოვნების ნაკრძალი პეტროვსკის ბულვარზე“ მოსკოვის ცენტრში – ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ადგილი შემოქმედებითი საზოგადოებისთვის.
„ბავშვობიდან მუდმივად გარემოცული ვიყავი მხატვრებით, მსახიობებით, დიზაინერებით, რეჟისორებით და სხვა ხელოვანი ადამიანებით და, რა თქმა უნდა, ამან ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ასეთ გარემოში ცხოვრება დამეხმარა ადრეული ასაკიდან ჩამომეყალიბებინა საკუთარი მხატვრული გემოვნება და ცხოვრებისეული შეხედულებები. შესანიშნავი ბავშვობა მქონდა, სავსე მოგზაურობით, გამოფენებზე, სპექტაკლებზე სიარულით და სხვა სასიამოვნო ემოციებითა და შთაბეჭდილებებით“, – გვიზიარებს სიმონა.
თუმცა, კუსტი არ გახდა მხატვარი, მაგრამ მან მოახერხა სერიოზული წინსვლა სამოდელო ბიზნესში. სიმონა არის სენ ლორანის სახლის მუზა. გარდა ამისა, გასულ წელს მოდელი გადაიღეს რუსული Vogue-სთვის – და თან გარეკანისთვის. ასე რომ, გოგონას უსაფუძვლოდ არ უწინასწარმეტყველებენ ვოდიანოვას მსგავს კარიერას.
ალენ-ფაბიენ დელონი
ალენ-ფაბიენ დელონი – მსახიობის, ალენ დელონის ვაჟია. ბიჭის დედა ჰოლანდიელი ჟურნალისტი როზალი ვან ბრემენია. ჩვენი სიის გოგოებისგან განსხვავებით, ალენ-ფაბიენმა, პირიქით, ჯერ ფილმებში ითამაშა და მხოლოდ ამის შემდეგ დაინტერესდა სამოდელო კარიერით.
კარგი გარეგნობა და გამჭოლი მზერა – გასაკვირი არ არის, რომ ბრენდები სიტყვასიტყვით რიგში ჩადგნენ მომხიბვლელი სიმპათიური მამაკაცისთვის. 2014 წლის იანვარში ალენ-ფაბიენი გადაიღეს Gucci-ს სარეკლამო კამპანიაში და სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ ალენ დელონის ვაჟი გახდა Dior-ის მამაკაცის ხაზის სახე.
რაილი კიო
ვარსკვლავი ნათესავების რაოდენობით რეკორდსმენია რაილი კიო. გოგონა ელვის პრესლის შვილიშვილია, ჯერ მაიკლ ჯექსონის, შემდეგ კი ნიკოლას ქეიჯის გერი.
რაილის დებიუტი პოდიუმზე 2004 წელს შედგა: კიო Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გამოვიდა. დამწყები მოდელი, რა თქმა უნდა, შენიშნეს და მალე დიორმა რაილი მიიწვია Miss Dior Cherie-ს სუნამოს სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად.
Vogue, Dazed & Confused და Love მხოლოდ იმ გამოცემების მცირე ჩამონათვალია, რომელთა გვერდებზეც ცისფერთვალება ლამაზმანი პოზირებდა.
ზედმეტია იმის თქმა, რომ ამის შემდეგ რაილი მსახიობი გახდა. 2010 წელს გამოვიდა ფილმი „გაქცეულები“, სადაც მან მარი კერის როლი შეასრულა. თუმცა, კიოს არ შეუწყვეტია გადაღებები მოდური ბრენდებისთვის.
ჯორჯია მეი ჯაგერი
ჩვენების დახურვა ყოველთვის საპატიო მისიაა, მითუმეტეს, თუ ეს ჩვენება პირველია ცხოვრებაში. მიკ ჯაგერის ქალიშვილმა, ჯორჯია მეი ჯაგერმა კარიერული გზა სწორედ ამით დაიწყო: მან შანელის ჩვენება დახურა.
Tommy Hilfiger-დან დაწყებული Louis Vuitton-მდე, უბრალოდ შეუძლებელია ჩამოვთვალოთ ყველა ის ბრენდი, რომლებთანაც ჯორჯია მეი თანამშრომლობდა.
2009 წელს ჯორჯია მეი ჯაგერმა Fashion Awards-ზე „წლის მოდელის“ ნომინაციაში გაიმარჯვა, ხოლო 2012 წელს ლონდონში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე ქეით მოსსთან, ნაომი კემპბელთან და ლილი დონალდსონთან ერთად მიიღო მონაწილეობა მოდების ჩვენებაში და ამით ბრიტანელ სუპერმოდელებთან ერთ რიგში ჩადგა. აქ, კომენტარები ზედმეტია.