ძველ ნივთებს სწორად უნდა დაემშვიდობოთ, რომ უბედურება არ მოიზიდოთ

0
721

თუ ფიქრობთ, რომ უვნებელი წვრილმანები საფრთხეს არ შეიცავს, ძალიან ცდებით.

სივრცის ორგანიზაციის და ფენშუის ექსპერტები დაუღალავად გვახსენებენ, რამდენად მნიშვნელოვანია სახლის დასუფთავება და მოწესრიგება. იგულისხმება, არა მხოლოდ მტვრის და ლაქების მოშორება, რომელიც იდეალურ შემთხვევაში მაშინვე უნდა მოიშოროთ, არამედ უსარგებლო ნივთებთან განშორება. ექსპერტების თქმით, თუ რომელიმე ნივთს ერთი ან მეტი წლის განმავლობაში არ იყენებთ, თამამად უნდა დაემშვიდობოთ. ოღონდ ეს სწორად გააკეთეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნებლიეთ პრობლემებს გამოიწვევთ.

რატომ არის რთული დაემშვიდობოთ იმას, რაც აღარ გჭირდებათ?

დაგვეთანხმეთ, რთულია გადაყარო, გაყიდო ან გააჩუქო ნივთი, რომელთან ერთადაც რამდენიმე წელი იცხოვრეთ. ალბათ, იმ კაბის შემხედველი გახსენდებათ პირველი პაემანი მეუღლესთან, ის ფინჯანი, რომელიც სამზარეულოს კუთხეში მოთავსებულია, თბილ და ხანგრძლივ საუბრებს უკავშირდება. ვფიქრობთ, რომ ამ ნივთების მოშორებით ძვირფას მოგონებებს ვკარგავთ. სინამდვილეში, ეს არ მოხდება. ყველა კეთილი მომენტი დარჩება თქვენს მეხსიერებაში, ხოლო ნივთები მუდმივად წარსულში გექაჩებათ, რაც აწმყოს და მომავალს ჯვარს უსვამს.

ექსპერტები გირჩევენ, სუფთა გულით დაემშვიდობოთ უსარგებლო ნივთებს, არ იფიქროთ, რომ მასთან ერთად თქვენი გულის ნაწილიც მიდის. მიუჩინეთ ადგილი საქველმოქმედო ფონდში, ჩააბარეთ მეორად მაღაზიაში ან ყიდვა–გაყიდვის საიტზე გაყიდეთ. მოკრძალებული (ზოგჯერ არც ისე, თუ ტექნიკას ემშვიდობებით) თანხა განშორებას გაგიადვილებთ.

თუ გულში წვეთი სინანული დაგრჩათ, მაშინ ეჭვი არ შეგეპაროთ, ნივთთან ერთად ენერგიაც დაგტოვებთ. ეს რომ არ მოხდეს, წარმოთქვით მარტივი, მაგრამ ძლიერი ფრაზა: „ამ კაბაში/პალტოში/ფეხსაცმელში მე არ ვარ, ეს უბრალოდ ნივთია“. რა თქმა უნდა, ამის გულწრფელად უნდა გჯეროდეთ.

გახსოვდეთ, როგორც არ უნდა გათავისუფლდეთ ნივთებისგან, ყოველთვის უსურვეთ საკუთარ თავს, რომ მისი ადგილი ახალმა დაიკავოს. ასე განახლება არ დააყოვნებს.

გარდა ამისა, რომ არ იდარდოთ იმაზე, რომ ახალ მფლობელს თქვენს ნაწილს გადასცემთ,  ეზოთერიკოსები გთავაზობთ გაწმინდოთ ნივთი გადაცემამდე. ამისთვის ნივთის გვერდით აანთეთ არომა სანთელი და ბოლომდე ჩაწვით. ასევე შეგიძლიათ მარილწყალი აპკუროთ. 2–3 წვეთი მსხვილი მარილი წყალში გახსენით და ნივთებს ოდნავ აპკურეთ.

რომელი ნივთების გაცემა ან გაჩუქება არ შეიძლება?

ფენშუის ექსპერტების აზრით, ზოგიერთი ნივთი უმჯობესია არ მოხვდეს სხვის ხელში. ასე, მკაცრად აკრძალულია შემდეგი ნივთები: ქუდი, საცვალი, ფეხსაცმელი, სავარცხელი და საფულე. ეს ნივთები ძალიან მჭიდროდ დაკავშირებულია მფლობელთან. ცრურწმენის მიხედვით, ამ ნივთებს მფლობელის ენერგეტიკული ანაბეჭდის დაგროვება და უნებლიეთ სხვისთვის გადაცემა შეუძლია.

ამ შემთხვევაში უმჯობესია სანაგვეზე გაიტანოთ. თუ საყვარელ ქუდთან ან ძვირფას საფულესთან ამ გზით განშორება გიჭირთ, უბრალოდ გაანადგურეთ. შესაძლებლობის მიხედვით დაჭერით და დაწვით, ფიქრებით მისი გაშვება არ დაგავიწყდეთ.

გარდა ამისა, არ არის რეკომენდებული სხვის ხელში მოხვდეს:

  • დალაქავებული და დახეული ტანსაცმელი. ახალ მფლობელს კარგს არაფერს მოუტანს.
  • ნივთები, რომელთაც თქვენთვის დისკომფორტი მოჰქონდა ან უსიამოვნო მოგონებებს იწვევდა – რაში გჭირდებათ თქვენ ან ახალ მფლობელს უარყოფითი ემოციები?
  • წიგნები, რომლებიც ლამაზი გარე ყდით თაროებს ამშვენებს, მაგრამ იმდენად უინტერესოა, რომ ხელში აღება არ გინდა.

გაუმარჯოს მეორე სიცოცხლეს!

გახსოვდეთ, სახლი თქვენი პატარა კუნძულია, სადაც ყოველთვის კომფორტი და სინათლე უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, უსარგებლო ნივთები დროულად უნდა მოიშოროთ ან ახალი სიცოცხლე აჩუქოთ. თუ დამშვიდობება გიჭირთ, შემოქმედება საქმეში ჩართეთ.

ძველი კაბა მოდურ ვარიანტად გადააკეთეთ, სვიტერს რამდენიმე დეკორატიული ელემენტი შემატეთ, ასე უფრო ორიგინალური გახდება.

პაჩვორკის მეთოდით ძველი ტანსაცმელი ან სახლის ტექსტილი შეგიძლიათ განაახლოთ. მოზაიკის პრინციპით შეგიძლიათ შექმნათ ახალი ლამაზი ნივთები, რომელიც თვალს გაახარებს და სახლს სითბოს შემატებს.

თუ საქმე ეხება წვრილმანებს, რომლებიც შენთვის ერთგვარი თილისმაა, პატარა ზარდახშაში შეგიძლიათ შეაგროვოთ. ასე მუდამ თქვენ გვერდით იქნება, მაგრამ სივრცეს არ გადაავსებს.