გოგონა, რომელიც სამშობიაროდან გაიტაცეს, 18 წლის შემდეგ იპოვეს, მაგრამ მან უარი განაცხადა დედასთან დაბრუნებაზე

470

სამშობიაროებში უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, ახალშობილები ზოგჯერ მაინც იქცევიან ბოროტმოქმედების მსხვერპლად. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ერთ-ერთ ასეთ ისტორიას გიამბობთ, თუმცა მისი დასასრული მოულოდნელია.

ცხრა თვის განმავლობაში ქალი გულთან ატარებს ბავშვს, ქმართან ერთად ემზადება ახალი როლისთვის, ისინი წინასწარ ყიდულობენ ყველა საჭირო ნივთს, გადიან ახალგაზრდა მშობლებისთვის განკუთვნილ კურსებს და ელოდებიან სანატრელ წამს. მომავალი დედა, ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენს, რომ ვერასოდეს შეძლებს საკუთარ შვილთან შეხვედრას. და ამაში დამნაშავე შეიძლება გახდეს მთელ სამყაროზე გაბრაზებული ადამიანი, რომელმაც დიდი უბედურება გადაიტანა.

1998 წლის 10 ივლისი

1998 წლის 10 ივლისს შანარა მობლიმ, რომელიც იმ დროს მხოლოდ თექვსმეტი წლის იყო, პირველი შვილი გააჩინა უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრ ჯექსონვილში, ფლორიდა, აშშ. პატარას კამაია ტერეზა ტაშა მობლი დაარქვეს. ახალბედა დედამ მხოლოდ რამდენიმე საათის გატარება მოახერხა ქალიშვილთან. ამის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ექთანმა წაიყვანა ბავშვი საჭირო პროცედურის ჩასატარებლად. მაშინ შანარა ვერც კი გაიფიქრებდა, რომ კამაიას ხელახლა მხოლოდ ორი ათეული წლის შემდეგ ნახავდა…

იმ დღესვე, დილით ადრე, 33 წლის გლორია უილიამსი სამხრეთ კაროლინადან ფლორიდაში გაემგზავრა. ქალს, რომელმაც ერთი კვირის წინ სპონტანურად ნაყოფი დაკარგა, არ სურდა გარემოებებთან შეგუება. მან შეადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც მაინც მოახერხებდა დედა გამხდარიყო. ჯექსონვილის საავადმყოფოში მისვლისას მან თავი სამედიცინო მუშაკად წარადგინა და ერთ-ერთ პაციენტს უთხრა, რომ მის ახალშობილ ქალიშვილს მაღალი სიცხე ჰქონდა და ბავშვს სასწრაფო გამოკვლევა სჭირდებოდა. მან ბავშვი აიყვანა, სწრაფად დატოვა ოთახი და მრავალი წლის განმავლობაში გაქრა თვალსაწიერიდან.

წარუმატებელი ძებნა

მოპარული ბავშვი კამაია აღმოჩნდა. გოგონას დაბადების მომენტში, მისი 20 წლის მამა, კრეიგ აიკენი, იხდიდა სასჯელს აკრძალული ნივთიერებების შენახვისა და არასრულწლოვანთან ურთიერთობისთვის. შანარასთან ურთიერთობის დროს, გოგონა მხოლოდ 15 წლის იყო. მისი პირველი ორსულობა ნაყოფის უეცარი დაკარგვით დასრულდა, მაგრამ მეორემ, საბედნიეროდ, გართულებების გარეშე ჩაიარა. ბავშვის დაბადებამ არ შეაშინა ახალგაზრდა მშობლები, მათ გადაწყვიტეს, რომ ეს იყო ნიშანი, რომელიც მათ ცხოვრებაში ახალი თავის გახსნის საშუალებას მისცემდა.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ახალშობილი კამაია გაიტაცეს, პოლიციამ მაშინვე დაიწყო ძებნა. ოფიცრებმა და მოხალისეებმა მთელ ფლორიდაში ეძებეს, მაგრამ ვერ შესძლეს ბავშვის კვალზე გასვლა. შანარა თანამშრომლობდა ტელევიზიასთან და არაერთხელ სთხოვდა გამტაცებელს, დაებრუნებინა მისი ქალიშვილი დიდი ჯილდოს, 250 ათასი დოლარის სანაცვლოდ. დარდით გაუბედურებული დედის ამბავი რეგულარულად შუქდებოდა ტელევიზიით, ბავშვის ერთადერთ ფოტოსა და დამნაშავეს სავარაუდო ფოტორობოტთან ერთად.

რამდენიმე წლიანი ძებნის განმავლობაში შანარა მობლიმ საავადმყოფოს სასამართლო დავა მოუგო და მიიღო მილიონ დოლარზე მეტი, დაქორწინდა კრეიგ აიკენზე და კიდევ ხუთჯერ გახდა დედა. ბავშვებზე ზრუნვის მიუხედავად, არც მას და არც მის ქმარს არ დაუკარგავთ იმედი, რომ ერთ დღეს ისინი აუცილებლად შეხვდებოდნენ პირმშოს. „მაშინაც კი, როცა ნებდები, იმედი ყოველთვის არის. იმედი არასოდეს დაგვიკარგავს“, – იხსენებს ინტერვიუში გატაცებული გოგონას მამა.

ყოველწლიურად კამაიას დაბადების დღეზე მისი ოჯახი სადღესასწაულო სუფრაზე იკრიბებოდა. ტორტის ერთი ნაჭერი უცვლელად იჭრებოდა გატაცებული გოგონასთვის და საყინულეში იდებოდა. დედამისი ყოველდღე ფიქრობდა, თუ როგორ გამოიყურებოდა მისი ქალიშვილი ახლა, რის ჭამა უყვარდა, რომელი იყო მისი საყვარელი ფერები და რამდენად ჭკვიანი და ლამაზი იყო…

ახალი ცხოვრება

ბავშვის გატაცების შემდეგ გლორია უილიამსი მაშინვე დაბრუნდა სამხრეთ კაროლინაში. პატარა ქალაქ უოტერბოროში. მან და გატაცებულმა ბავშვმა ახალი ცხოვრება დაიწყეს. ქალი დაუბრუნდა თავის პროფესიულ მოვალეობას, როგორც სოციალური მუშაკი, ასე რომ, მან მარტივად შეძლო გოგონას დაბადების მოწმობისა და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტის აღება. გოგონას ალექსის კელი მანიგო დაარქვეს.

თავისთავად, მის ნათესავებსა და მეგობრებს ბავშვთან დაკავშირებით ეჭვები და კითხვები არ გასჩენიათ. ყველამ იცოდა, რომ უილიამსი ორსულად იყო და მალე დედა გახდებოდა. მას არავისთვის უთქვამს ნაყოფის დაკარგვის შესახებ და, შესაბამისად, ვერავინ მიხვდა, თუ რა საშინელი გზით გაუჩნდა მას ბავშვი. მოპარული კამაია გაიზარდა გლორიას ორ სხვა შვილთან ერთად, რომლებიც მეზობლების თქმით, ძალიან ახლოს იყვნენ დედასთან.

ამასობაში გატაცებული ახალშობილის ოფიციალური ძებნა შეწყდა. გამომძიებლებს არ სჯეროდათ, რომ გოგონას ცოცხლად და უვნებლად პოვნას შესძლებდნენ. თვრამეტი წლის განმავლობაში პოლიციის განყოფილებამ მიიღო ორ ათასზე მეტი შეტყობინება დაკარგული ახალშობილის შესახებ. რეკავდნენ და სთავაზობდნენ სხვადასხვა ინფორმაციას, რომელიც გამოძიებას თავდამსხმელისა და მსხვერპლის კვალის პოვნაში უნდა დახმარებოდა, მაგრამ ყველა ეს ინფორმაცია მცდარი იყო და კიდევ უფრო აბნევდა დეტექტივებს.

გზა სიმართლისაკენ

გატაცებული ბავშვის ამბავი ხელმეორედ მხოლოდ 2017 წელს განიხილეს, როცა პოლიციამ ამ საქმეზე მორიგი შეტყობინება მიიღო. დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ცენტრის თანამშრომლებმა შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ გოგონა, სახელად ალექსის მანიგო სამხრეთ კაროლინას ქალაქ უოლტერბოროდან, რომელიც დაიბადა იმავე დღეს, როდესაც გატაცებული ბავშვი, ყალბი დოკუმენტებით ცხოვრობდა. იგი თითქმის მაშინვე გამოიძახეს პირის ღრუდან ნაცხის აღების საბაბით. ამის შემდეგ მასალა გაიგზავნა დნმ-ის ტესტირებისთვის, რომელმაც აჩვენა, რომ ალექსის მანიგო არის კამაია მობლი, რომელიც 18 წლის წინ გაიტაცეს.

გლორია უილიამსი იმავე დღეს დააკავეს. მას არც კი უცდია გატაცების ფაქტის უარყოფა, რადგან თავის გამართლების შანსი უბრალოდ არ ჰქონდა. ქალი გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა და პოლიციას თავისი სევდიანი ამბავი უამბო. მისი თქმით, ბავშვის გატაცება საკუთარი შვილის დაკარგვის შედეგად მიღებული ღრმა ფსიქოლოგიური ტრავმის გამო გადაწყვიტა.

ამ ამბის გაგების შემდეგ პატარა ქალაქის მაცხოვრებლები გაოგნდნენ. ბოლო დრომდე ბევრს არ სჯეროდა, რომ მათი კეთილი და სიმპატიური მეზობელი სინამდვილეში დამნაშავე იყო. „ლექსის ყოველთვის ჰქონდა ყველაფერი, რასაც მოისურვებდა. სხვა ადგილობრივ მცხოვრებლებს თუ ჰკითხავთ, ნებისმიერი გეტყვით, რომ გლორია ყველაზე საყვარელი ადამიანია მსოფლიოში“, – განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მეზობელმა.

უილიამსის დაკავების შემდეგ, გამომძიებლებმა ალექსის-კამაის უამბეს, თუ როგორ აღმოჩნდა იგი ამ ოჯახში. გოგონა ძალიან დაბნეული იყო და პირველ ხანებში უარიც კი თქვა იმის დაჯერებაზე, რომ ეს მას შეემთხვა. ის აბსოლუტურ სიყვარულში გაიზარდა, მიიღო განათლება, არაფერი მოჰკლებია და უცებ ჩვეული ცხოვრების წესი მოულოდნელმა ამბებმა დაარღვია. მიუხედავად იმისა, რომ დედამისი, შანარა, მოუთმენლად ელოდა ქალიშვილთან შეხვედრას, გოგონა ძალიან თავშეკავებული იყო ემოციებში.

გლორიას დაკავების დღეს ალექსის-კამაია ბიოლოგიურ მამას და დედას ესაუბრა და რამდენიმე დღის შემდეგ ისინი პირადად შეხვდნენ. მათ საკმაოდ სწრაფად მოახერხეს საერთო ენის გამონახვა. მიუხედავად ამისა, ჩვილობის ასაკში გატაცებული გოგონა არ ჩქარობდა გლორიას დავიწყებას. ის ცხოვრობდა უილიამსის სახლში სამხრეთ კაროლინაში, რეგულარულად რეკავდა კოლონიაში და აგზავნიდა წერილებს. ალექსის-კამაიამ არაერთხელ განაცხადა, რომ ის ყოველთვის მადლიერი იქნება, რომ მან სითბოსა და სიყვარულში აღზარდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მათ არაფერი მოჰკლებოდათ.

„მინდა, რომ დედაჩემი შეეგუოს იმ ფაქტს, რომ მე მიყვარს ქალი, რომელმაც გამზარდა“, – თქვა კამაიამ. დედის დღეს შანარას დღესასწაულიც კი არ მიულოცა, რაზეც გაბრაზებულმა უპასუხა: „უმჯობესი იქნებოდა, არასოდეს გვეპოვნა“.

მას შემდეგ, რაც გლორია უილიამსმა სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარა და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, კამაიამ გადაწყვიტა დაახლოებულიყო ბიოლოგიურ ოჯახთან. იგი დასახლდა ფლორიდაში და თანდათან დაიწყო ურთიერთობების დამყარება დედასთან, მამასთან, ძმებთან და დებთან. 2022 წლის მარტში გლორია უილიამსის ადვოკატებმა მოითხოვეს მისი ვადამდე გათავისუფლება და ალექსის-კამაიამ მოსამართლეს წერილი მისწერა, რომელიც საქმეში იყო ჩართული.

„მინდა ნათლად განვაცხადო, რომ გლორია უილიამსი ჩემი დედაა. მან გამზარდა და არა მხოლოდ ჩემს მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდა, არამედ უპირობოდ ვუყვარდი. მე მქონდა სრულფასოვანი ცხოვრება; მე ვარ დამოუკიდებელი, განათლებული და ღრმად სულიერი ადამიანი, იმ ყველაფრის წყალობით, რაც დედამ მომცა“, – წერს გოგონა და დასძენს, რომ ქალის ქმედება, რა თქმა უნდა, არასწორი იყო და უხარია, რომ ახლა „მეორე ოჯახი“ ჰყავს.

სასჯელის შემცირების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. გლორია უილიამსის ციხიდან განთავისუფლება მხოლოდ 2034 წელს იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ალექსის-კამაიას, დღეს ის აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს და თავს ორმაგი სახელით წარადგენს. ერთხელ მან აღიარა: „სრულად ვაცნობიერებ, რომ ჩვენი ცხოვრება წარიმართა ისე, როგორც წარიმართა და ამ ყველაფრის შეცვლა უკვე შეუძლებელია“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს