სუნამოები ძალიან მიყვარს, მოყვარული კოლექციონერი ვარ. რაც უფრო ფართოა ჩემი კოლექცია, რაც უფრო მეტად ვეცნობი ამა თუ იმ არომატს, მით უფრო მიჭირს ისეთი სუნამოს არჩევა, რომელიც არ გაიმეორებს ჩემს კოლექციაში არსებულ არომატებს, ამავდროულად მომეწონება, რომ გამოყენება შევძლო.
ახლა, რა არომატიც არ უნდა დავტესტო, მეჩვენება, რომ უკვე მაქვს ასეთი სუნამო. საწყენია, რომ ხშირად სუნამოს კარგი სურნელი აქვს, მაგრამ აქვს ერთი დიდი ნაკლი – სწრაფად ქრება, ანუ გამყოლი არ არის.
ალბათ, დავტესტე ყველა სუნამო, რომელიც ოფლაინ მაღაზიებში შემეძლო მეპოვა, ზოგიერთი ვიყიდე, ზოგიერთის არომატი უბრალოდ ვერ გავიგე. ახლა ჩემი კოლექციის შევსების ერთადერთი ვარიანტია, ონლაინ შევუკვეთო ტესტერი და თუ არომატი ნამდვილად მომეწონა, შევუკვეთო სრული ზომა.
ჩემი ერთ–ერთი ბოლო შენაძენია MONT BLANC Signature. პარფიუმი, რომელსაც თითქმის ყოველდღე ვიყენებ. წინასწარ გეტყვით, ჩემი 50 მლ მოცულობის ფლაკონი უკვე მთავრდება, რადგან სუნამო ჩემს ქალიშვილსაც მოეწონა. ახლა ჩემკენ მოემართება დიდი მოცულობის ფლაკონი – 90 მლ.
რა მომეწონა ამ სუნამოში?
ყველაფერი. ახლა ძნელია იპოვო სუნამო, რომელიც ზედმეტად ძვირი არ დაჯდება და თან იქნება საკმარისად გამყოლი, რომ არომატი მხოლოდ გარეცხვისას გაქრეს. ასევე სუნი, შლეიფი, ფლაკონის დიზაინი არანაკლებ მნიშვნელოვანია.
არა, არ ვამბობ, რომ თუ სუნამო ძვირია, აუცილებლად დიდხანს გამყოლი იქნება, უბრალოდ ეს კონკრეტული შეიცავს ყველაფერს, რაც მიყვარს:
- იაფი
- ძალიან სასიამოვნო სუნი
- გამყოლი არომატი
- მიმზიდველი შლეიფი
- ლამაზი ფლაკონი
არომატის შესახებ
გაზაფხულზე და ზაფხულში მძიმე კომპოზიციების გამოყენება არ მინდა, ამიტომ ვირჩევ ყვავილოვან, ჰაეროვან, სუფთა ვარიანტებს. ამასთან მიყვარს გარსშემომხვევი, კრემისებრი არომატები, ყვავილების და კრემიანი ნამცხვრის ან ახალგარეცხილი თეთრეულის და თბილი თაფლიანი ჩაის კომბინაცია.
Signature აგებულია მგრძნობიარე თბილი თაფლის, ვანილის ნოტების და თეთრი ყვავილოვანი ელფერების კონტრასტზე. მასში არ არის ყინულოვანი სისუფთავის კაშკაშა აკორდი, უფრო არის ახალდაბანილი სხეულის, თავის მოვლის კოსმეტიკის და კრემიანი ვანილის ნაყინის არომატი. ძალიან ქალური, სასიამოვნო, უნივერსალური არომატია, რადგან იდეალურია როგორც ჰაეროვანი საზაფხულო კაბისთვის, ასევე თბილი სვიტერისა და საღამურისთვის.
მისი შლეიფი ძალიან მიყვარს. ნაზი, ტკბილ–ყვავილოვანი და მყუდროა.
ვიცი, ზოგიერთს არ მოსწონს მუშკი პარფიუმერიაში, ამიტომ თუ არომატი გაინტერესებთ, მაგრამ მუშკი გაფრთხობთ, ჯერ ტესტერი შეიძინეთ.