სამყარო ერთ ადგილას არ ჩერდება. 20 წლის წინ ჩემთვის რომ ეთქვათ „ქოუჩის“ პროფესიის შესახებ, ვიფიქრებდი, რომ ვიღაც ინგლისელი მწვრთნელია. სინამდვილეში, ქოუჩს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს. პაპარაცი გიამბობთ, ვინ არის ქოუჩი, რას აკეთებს, ასევე გიზიარებთ ერთი ქალის ისტორიას, რომელსაც ქოუჩინგი დიდად დაეხმარებოდა.
ვინ არის ქოუჩი?
ქოუჩი ერთგვარი ფსიქოლოგია. უფრო ზუსტად, უმეტეს შემთხვევაში, ამ პროფესიის წარმომადგენლებს აქვთ ფსიქოლოგიური განათლება. მათთან მუშაობა ფსიქოლოგთან ან ფსიქოთერაპევტთან სეანსს გვახსენებს. ქოუჩი გისმენთ, შემდეგ გეხმარებათ იპოვოთ ისეთი ფარული რეზერვები, რომელთა არსებობა არც იცოდით.
ფსიქოლოგის ამოცანაა დაგეხმაროთ პრობლემის მოგვარებაში წარსულში ჩახედვით. ქოუჩი კი მომავალზე ორიენტირებულია. მოსმენის შემდეგ კლიენტს ეხმარება იპოვოს პასუხი კითხვაზე: რა გააკეთოს ახლა? ამასთან, პრობლემებზე საუბარი კატეგორიულად აკრძალულია. იმის ნაცვლად, რომ ილაპარაკონ ადამიანისთვის უსიამოვნო თემებზე, ლაპარაკობენ იმაზე, რისკენ მიისწრაფვის და რისი მიღწევა შეუძლია.
მოდელი ნინა დაიერი
შესაძლოა, თავის დროზე ჩვენს გმირს ქოუჩი რომ ჰყოლოდა, მისი ცხოვრება 35 წლის ასაკში არ დასრულებულიყო. მოდელს და უბრალოდ ლამაზ ქალს ნინა დაიერს ყველაფერი ჰქონდა და ეს გულწრფელი სიმართლეა. ნებისმიერი ფუფუნება მისთვის ხელმისაწვდომი იყო, ორი მამაკაცი მზად იყო მისთვის სიცოცხლე გაეწირა, მაგრამ ნინა ნამდვილად ბედნიერი არასდროს ყოფილა.
ნინა დაიერი 1930 წელს ცეილონში დაიბადა. მამა ჩაის ზრდიდა. გოგონა საოცრად ლამაზი და ამაყი იყო, რაც კაცებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა. 20 წლისას თავისი ბედნიერების საპოვნელად გაემგზავრა. ჯერ ინგლისში: ლივერპულში და ლონდონში, შემდეგ საფრანგეთის დედაქალაქში.
პარიზში გოგონა მოდის დიზაინერმა პიერ ბალმენმა შენიშნა. გოგონა უბრალოდ იდგა მის მოდის სახლთან და ნაყინს ჭამდა. ძალიან მალე ნინა ცნობილი მოდელი გახდა და გაიგო, რა იყო ფუფუნება: იახტები, წვეულებები, შეხვედრები. თავად დაიერი მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ მიზნის მიღწევის ნაცვლად დაოჯახდა.
პირველი ქმარი
ნინას ქმარი გახდა ჰანს ჰაინრიხ თისენ–ბორნემისი, რომელიც ბარონის ტიტულს ატარებდა. ქორწილი 1954 წელს გადაიხადეს. მაშინ მამაკაცი 32 წლის იყო. აღსანიშნავია მხოლოდ ის, რომ მანამდე 2 წელი დაიერი საყვარლის სტატუსში იყო. მისი შეყვარებული იყო დაქორწინებული და არა უბრალოდ ვიღაცაზე, არამედ ავსტრიელ პრინცესაზე.
ამბობენ, რომ ბარონი მზად იყო ნინა ფუფუნებაში აევსო, ოღონდ მისი გამხდარიყო. ქალი იღებდა ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილებს, ქურქს და ძვირფასეულობას. კუნძულიც აჩუქა, ასევე ორი პანთერა. დაიერს უყვარდა დოლისთან და ელიზაბეთთან (ასე ერქვა კატებს) ერთად მის საკუთრებაში სიარული. ადრეული ასაკიდან პირდაპირ ბოთლიდან აჭმევდა, ამიტომ ცხოველები პატრონს არ შორდებოდნენ.
მალე ნინამ გადაწყვიტა, რომ სურდა კანონიერი ცოლი გამხდარიყო. ბარონს იმდენად უყვარდა ნინა, რომ დათანხმდა. მართალია, ამბობენ, რომ მისი ქორწინება პრინცესასთან ისედაც უბედური იყო. თითქოს ცოლი მუდმივად ამცირებდა დაბალი წარმომავლობის გამო.
კიდევ ერთი ნიუანსი. ნინა ბარონის კანონიერი ცოლი დიდხანს არ დარჩენილა. ქორწილიდან დაახლოებით 90 დღის შემდეგ მამაკაცმა გაიგო, რომ ნინა ღალატობდა. მისი რჩეული გახდა მსახიობი ჟან–კლოდ ბრიალი. ბარონმა ცოლის საყვარელს საჯაროდ დაარტყა, ხოლო ნინამ განქორწინებასთან ერთად მიიღო ყველა მისთვის საყვარელი ძვირფასეულობა, ციხესიმაგრე და კუნძული პანთერებით.
მეორე ქმარი
ნინა რაღაც პერიოდი მარტო ცხოვრებას გეგმავდა, მაგრამ დიდი დრო არ გასულა რომ 27 წლის ასაკში მეორედ გათხოვდა. ამჯერად ბედი დაუკავშირა 24 წლის სადრუდინ აღა ხანს, ისმაილიტების იმამის მემკვიდრის შვილს.
კიდევ ერთი მამაკაცი დაიპყრო. ცოლზე იმდენად გიჟდებოდა, რომ მზად იყო მისთვის მთები გადაეადგილებინა. ქორწილის გამო ნათესავებთან კონფლიქტი მოუვიდა. ნინა მუსულმანი გახდა და ახლა შირინის სახელს ატარებდა.
საჩუქრად მიიღო კიდევ ერთი კუნძული, რომელიც მდებარეობდა პირველისგან არც თუ ისე შორს. ეს, თუ არ ვიტყვით სხვა მდიდრულ ძღვენზე. მართალია, მათი ქორწინება 1962 წელს დაიშალა. ოფიციალური ვერსიით, მიზეზი კაბა იყო.
ერთ საღამოს სუფრასთან შეიკრიბა ქმრის ყველა ნათესავი, მათ შორის მამა, ბიძა, მათი ცოლები და სხვები. ნინა მათთან Dior-ის თვალწარმტაცი კაბით წარსდგა. ყველაზე პიკანტური ნაწილები გამჭვირვალე ჩანართებით იყო დაფარული. ამის დანახვაზე ქალებმა ყვირილი დაიწყეს, კაცებმა კი ნათესავის მეუღლე სასადილოდან ძალით გააგდეს. სადრუდინი უბრალოდ იჯდა და თვალებს ვერ უჯერებდა.
განქორწინების შემდეგ ყოფილმა ქმარმა ნინას უთხრა, რომ მან უნდა იცხოვროს ჯუნგლებში გარეულ მაიმუნებთან ერთად. მართალია, დაუტოვა მთელი ძვირფასეულობა, რომელიც აჩუქა. დაახლოებით ამ მომენტში გმირის ცხოვრება დაღმართისკენ დაეშვა.
წარუმატებელი კარიერა
ნინა მიეჩვია, რომ ყოველთვის ყველაფერი პირველივე მცდელობიდან გამოსდის. მეორე ქმართან დაშორების შემდეგ პარიზში გაემგზავრა. ქალმა სანუკვარი ოცნების ახდენა და მსახიობობა გადაწყვიტა, მაგრამ მას მხოლოდ ღიად დასცინეს.
ალბათ, აქ დაეხმარებოდა ნინას ქოუჩის კონსულტანცია. დაიერმა პირველი წარუმატებლობის შემდეგ დანებება გადაწყვიტა. ქალი მარტოსული იყო და საკუთარ სასახლეში ცხოვრება დაიწყო. არალეგალურ ნივთიერებებზე დამოკიდებული გახდა. ზოგჯერ პანთერებთან ერთად სასეირნოდ გამოდიოდა, ძვირფას სამკაულებს იკეთებდა.
ზოგჯერ სტუმრობდა კლუბებს, საიდანაც მცველებს ნინას უგრძნობი სხეული გამოჰქონდათ. შესაძლოა, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა პირად მცველთან. ეს იყო დიდი, მაგრამ უშნო მამაკაცი, რომელსაც შეხვდა მეორე ქმართან ერთად კენიაში მოგზაურობისას. თითქოს მიწაზე იწვა, ხოლო მასზე გველები ცოცავდნენ. ამის დანახვისას დაიერმა მამაკაცს სამუშაო შესთავაზა.
35 წლის ნინა დაიერი საკუთარ საძინებელში გარდაცვლილი იპოვეს. სისხლში იპოვეს ალკოჰოლი და საძილე საშუალებების უზარმაზარი დოზა. ითვლება, რომ ქალმა თავი მოიკლა დეპრესიის ფონზე. არის ვერსია, რომ წამალი ჩაუყარეს გაძარცვის მიზნით.
ძნელი სათქმელია, რა ხდებოდა მის გულში, მაგრამ პროფესიონალთან საუბარი ნინას სიტუაციის გამკლავებაში დაეხმარებოდა. შესაძლოა, ტყუილად არ უნდოდა მსახიობობა. სამწუხაროდ, იმ დროს მის გვერდით არ იყო არც ქოუჩი, არც სხვა არავინ, ვინც მოუსმენდა და რჩევას მისცემდა.