მაქსიმემ ლენა პირდაპირ ქუჩაში გაიცნო. ზედიზედ რამდენიმე კვირა პაემნებზე დაჰყავდა, შემდეგ აღიარა: ბიზნესში პრობლემები ჰქონდა და ფული სასწრაფოდ სჭირდებოდა.
ნამდვილი სიყვარული ყველაზე მოულოდნელ მომენტში შეიძლება იპოვო: ასე ფიქრობდა ლენა, როცა ქუჩაში საკმაოდ სიმპათიურმა მამაკაცმა დაუძახა. მანამდე სანქტ-პეტერბურგის (რუსეთი) 25 წლის მაცხოვრებელი სკეპტიკურად უყურებდა გაცნობის ამ მეთოდს, მაგრამ კონკრეტულად ამ სიტუაციაში რაღაცამ აზრის შეცვლა აიძულა. მამაკაცს (მაქსიმედ გაეცნო) მკაცრი კოსტიუმი და თეთრი პერანგი ეცვა, მერსედესს მართავდა და მაჯას როლექსის საათი უმშვენებდა. სხვა სიტყვებით, შეძლებულ და სანდო კაცად გამოიყურებოდა, ამიტომაც ლენამ გადაწყვიტა მისთვის მიეცა შანსი და ტელეფონის ნომერი.
გარკვეული პერიოდი ერთმანეთს წერდნენ, შემდეგ პაემნებზე სიარული დაიწყეს. რომანტიკულ შეხვედრებზე მაქსიმე ბევრს ლაპარაკობდა სამსახურზე და ხშირად საქმიან ზარებს პასუხობდა. თურმე მაქსიმე მსხვილ მეტალურგიულ კომპანიას მართავს და ახლა მომგებიანი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობს. ელენა არ ეჭვობდა, რომ მაქსიმე შესაძლოა ატყუებდა ან რისთვის? მამაკაცს ხანდახან შეხვედრებზე დაჰყავდა და აცნობდა კოლეგებს, რომლებიც მასზე დადებითად საუბრობდნენ.
„მოვტყუვდი იმით, რომ წესიერი კაცივით იქცეოდა. ერთმანეთს თანდათან ვეცნობოდით, მხოლოდ ერთი კოცნა გვქონდა. ერთხელ ჩვენი შეხვედრისას მაქსიმე ძალიან ნერვიულობდა. თქვა, რომ სამთავრობო კონტრაქტი სპეცოპერაციისთვის აღჭურვილობის მიწოდებაზე უფუჭდება. თითქოს, ბიუჯეტი არ ყოფნის“ – განუცხადა ლენამ საინფორმაციო-ს.
ლენამ მამაკაცს ურჩია, ინვესტორებისთვის მიემართა, მაგრამ მაქსიმეს ეს ვარიანტი არ აწყობდა. ამის ნაცვლად ლენას სთხოვა დახმარება – საქმე რამდენიმე მილიონ რუბლს ეხებოდა. გოგონა სილამაზის სალონში მუშაობდა და ამდენი თანხა არ ჰქონდა, მაგრამ შეყვარებული არ დაიბნა. გოგონა მერსედესში ჩასვა და უახლოეს ბანკში წაიყვანა სესხის ასაღებად. ლენას ეჭვი რომ არ აეღო, რამდენიმე გარანტია მისცა, მართალია, მხოლოდ სიტყვიერად. ვალის სწრაფად დაბრუნებას, კომპანიაში კარგ თანამდებობაზე აყვანას დაჰპირდა.
„ავიღე სესხი ერთ მილიონ რუბლზე (11 620 დოლარი). მეორე ბანკში წამიყვანა. ხელები მიკანკალებდა, პანიკაში ვიყავი, ვტიროდი. ბანკის თანამშრომელმა მკითხრა, რა მჭირდა. აქ მაქსიმემ წამოიძახა: „ჩემი ცოლია, უბრალოდ ნერვებმა შეაწუხა, ყურადღება არ მიაქციოთ“ – იხსენებს ელენა.
ასე ერთ დღეში რამდენიმე ბანკი მოიარეს. სესხის ყოველი ახალი გაფორმების შემდეგ ქალის პანიკა მატულობდა, მაგრამ ვერაფერს ხდებოდა. მამაკაცი არც ცდილობდა მის დამშვიდებას, მხოლოდ ძლიერ ზეწოლას ახდენდა და სთხოვდა „ტირილის შეწყვეტას“. მალე ლენა სახლში გაუშვა, ხოლო მისი პასპორტის მონაცემები კიდევ რამდენიმე ბანკში გააგზავნა. იქაც კრედიტები დაუმტკიცეს.
როდესაც ლენამ შეყვარებულთან აღიარა, რომ სიტუაცია მისთვის საეჭვო ჩანდა, კაცმა დააკავშირა სხვა „ინვესტორებს“, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. მაქსიმე დაჰპირდა ავტომობილის გადაფორმებას და აღიარა, რომ მისგან შვილები უნდოდა. იმ დროს ახალგაზრდებს შორის რომანი მხოლოდ ერთი თვე გრძელდებოდა და ასეთმა აჩქარებამ გოგონა შეაშინა. გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა, მაგრამ დედასთან და დაქალთან აღიარა, რომ მაქსიმეს 2 მილიონი რუბლი (23 241 დოლარი) მისცა, შემდეგ კი პოლიციას მიმართა.
სპეცოპერაცია დაიგეგმა: მაქსიმეს ფაქტზე დასაჭერად, ლენას ფული პირადად უნდა გადაეცა. პოლიციელებმა ქალს დიდი თანხა მისცეს, თავად ჩასაფრებულები ელოდნენ. გოგონა მაქსიმეს მანქანაში ჩაჯდა, მაგრამ კაცმა დაკავების მომენტში კარების ჩაკეტვა მოასწრო და ქალაქის გასასვლელისკენ გაეშურა. დიდი სიჩქარით მიდიოდა, ლენასგან ტელეფონის გათიშვას მოითხოვდა და ემუქრებოდა, რომ სიტუაციას ისე მოაწყობდა, რომ თავად მოხვდებოდა ციხეში.
„საბედნიეროდ, საგზაო პოლიციის ეკიპაჟმა გაგვაჩერა. შემდეგ მაქსიმემ ხვეწნა დამიწყო: „მომისმინე ლენა, მარსელი მქვია, საბარგულში 24 მილიონი რუბლი (278 894 დოლარი) მაქვს. პირობით გათავისუფლებული ვარ. არ ჩამიშვა. გთხოვ, განცხადება არ დაწერო“ – იხსენებს ლენა.
დაკავებამდე წამით ადრე მარსელმა სცადა ფულის ნაწილის საცვალში ჩატენა.
ელენამ რამდენიმე საათი განყოფილებაში გაატარა, სანამ სახლში წასვლის უფლებას მისცემდნენ. მარსელი აღმოჩნდა „დიდი თევზი“ – გამოცდილი თაღლითი, რომელიც ფედერალურ ძებნაში იყო.
მამაკაცი არქტიკაში თავდაცვის სამინისტროს ობიექტების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხის შავი განაღდებით იყო დაკავებული. 2017 წელს მის წინააღმდეგ უკვე აღიძრა საქმე, მაგრამ შემდეგ მარსელმა ესპანეთში წასვლა მოახერხა. 2019 წელს მისი ექსტრადირება განხორციელდა. ამის შემდეგ მარსელმა უკანონოდ მიიღო ერთი კომპანიის ანგარიშზე წვდომა და 1,6 მილიონი რუბლი ჩამოწერა, რისთვისაც 3 წლიანი პირობითი მიიღო. მისი ძვირადღირებული საათი ყალბი აღმოჩნდა, საბუთებიც, მანქანა – მოპარული.
ახლა მარსელი წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „განსაკუთრებით მასშტაბური თაღლითობის“ მუხლით. თუ გამოძიების დროს დადგინდა, რომ მის მიერ მოტყუებულ ადამიანებს შორის არა მხოლოდ ლენაა, 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ეს მოსალოდნელია, რადგან მის მიერ მოტყუებულმა გოგონებმა სპეციალური ჯგუფებიც შექმნეს სოციალურ ქსელებში მის გამოსააშკარავებლად. თავად მარსელი ადრე დაქორწინებული იყო და ორი შვილი ჰყავს.
ლენა ადვოკატებთან ერთად ცდილობს, რომ ბანკებმა მასზე გაფორმებული სესხები გააუქმოს. ეს შესაძლებელია, რადგან სესხი აიღო იმ ადამიანის ზეწოლით, რომელზეც სისხლის სამართლის საქმე აღძრულია.