4 ვარჯიში ბრტყელტერფიანობის წინააღმდეგ – დაიწყეთ დღესვე

27

ჩამოყალიბებული ბრტყელტერფიანობა საკმაოდ რთული დასაძლევია. სამაგიეროდ მარტივია მისი პროფილაქტიკური ზომები. ამჯერად გთავაზობთ ვარჯიშებს, რომელიც თქვენს პატარას ამ უსიამოვნებისგან დაიცავს.

ბრტყელტერფიანობის დიაგნოზი 4 წლამდე არ დგინდება. რატომ უნდა უცადოთ ამდენ ხანს, როცა შეიძლება, რომ პრობლემის თავიდან აცილება დაბადებიდან დაიწყოთ. მით უმეტეს, თუ ოჯახის წევრებიდან ვიმეს ეს დიაგნოზი აღენიშნება.

0-1 წელი: ბაკი-ბუკი


მსუბუქად უზილეთ ჩვილს ფეხისგულები, სიცოცხლის პირველივე დღეებიდან თითებით “წერეთ” მის ციცქნა ფეხისგულებზე. ძალიან სასარგებლოა რომ უხეშ ზედაპირიან საფენზე ატყაპუნებინოთ ფეხები.

1-2 წელი: თანაშემწე


ამ ასაკის ბავშვებს ნივთების ჭურჭელში ჩაყრა უყვართ. ხელით ხომ ახერხებს ამას? ახლა ასწავლეთ, რომ ფეხით გააკეთოს იგივე. თავიდან ორივე ტერფით აიღოს საგანი, შემდეგ კი ცალი ფეხით – თითების დახმარებით. იყოს ფანქრები, თუნდაც კანფეტები.

2-3 წელი როკენროლი


ჩართეთ მხიარული მუსიკა და ბავშვს ცეკვა ასწავლეთ. საწყისი მდგომარეობა – ფეხები ერთად. ერთ თვლაზე – ფეხის წვერები განზე, ორ თვლაზე – ქუსლები განზე, შემდეგ ისევ წვერები და ისევ ქუსლები. როცა ფეხები ძალიან განზე აღმოჩნდება, იგივე მოძრაობებით მიუახლოოს ერთმანეთს, სანამ საწყის მდგომარეობას არ დაუბრუნდებით.

3-4 წელი – განძი


აიღეთ გაუმჭვირვალე პარკი და გაავსეთ სათამაშოებით ან ტკბილეულით. დადეთ პარკი პირსახოცის ერთ ბოლოს. მეორე ბოლოში კი სკამი დადგით, რომელზეც ბავშვი დაჯდება. უთხარით, რომ პარკში განძია და თუ მხოლოდ თითების მოძრაობით მიიტანს თავისკენ, ყველაფერი მას დარჩება. ქუსლები ადგილზე უნდა დარჩეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს