შოკოლადის ტორტი კლასიკური დესერტია, რომელზეც ყველა გიჟდება. რთულია გააფუჭო ტორტი შოკოლადის ბისკვიტით, რადგან თითქმის ნებისმიერი კრემით, ხილის ჯემითაც საოცარი გამოდის. ყველა ვარიანტებს შორის ტორტი „ესკიმო“ ყველაზე უჩვეულოა. კრემის წყალობით მისი უნიკალური გემო მოეწონება როგორც უფროსებს, ასევე ბავშვებს.
„ეს ტორტი პირველად მეგობართან სტუმრობისას გავსინჯე. დედამთილმა გამოაცხო შვილიშვილის დაბადების დღისთვის. სწორედ დაბადების დღის აღსანიშნად შევიკრიბეთ. თურმე, იუბილარმა თავად შეუკვეთა ბებიას ასეთი ტორტი, რომელსაც ბებია ხშირად აცხობდა. ჯერ გამიკვირდა, რადგან ბავშვებს, როგორც წესი, შოკოლადის დესერტის მწარე გემო არ მოსწონთ. როცა ტორტი გავსინჯე, მივხვდი, რა იყო მასში განსაკუთრებული და რატომ უყვართ ბავშვებს ასე ძალიან.
ტორტი „ესკიმო“: უფრო გემრიელია, ვიდრე ტორტი „პრაღა“
ამ ტორტის მთავარი თავისებურება მისი კრემია. თავისი გემოთი ნაზ ნაღების ნაყინს გვახსენებს. ამავდროულად, ბისკვიტი გამოდის საკმაოდ სველი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დამატებით დანამავთ. ერთადერთი პირობა – სუფრაზე გატანამდე დესერტი რამდენიმე საათით მაცივარში უნდა გააჩეროთ. თუმცა ეს წვრილმანია იმასთან შედარებით, რა საოცარ დელიკატესს მიიღებთ საბოლოოდ.
შოკოლადის ტორტი ნაზი კრემით
ინგრედიენტები:
- 6 კვერცხი
- 300 გ შაქარი
- 250 მლ წყალი
- 160 გ ფქვილი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 6 ს/კ კაკაო
- 180 გ შესქელებული რძე
- 250 მლ რძე
- 300 გ კარაქი
- 4 ს/კ არაჟანი
- 1 ჩ/კ ვანილი
- მარილი
მომზადების წესი:
1. ბისკვიტის მოსამზადებლად 4 კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ. კვერცხის გულებს დაუმატეთ 80 გ შაქარი და გათეთრებამდე ათქვიფეთ. შემდეგ კვერცხის გულებს 100 მლ წყალი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
2. კვერცხის ცილებს მწიკვი მარილი დაუმატეთ და ათქვიფეთ. როგორც კი კვერცხის ცილები გათეთრებას დაიწყებს, 100 გრამი შაქარი ნაწილ-ნაწილ დაუმატეთ. მყარი პიკის მიღებამდე ათქვეფა არ შეწყვიტოთ. შემდეგ ათქვეფილი კვერცხის გულები დაუმატეთ და ნაზად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
3. კვერცხის ნარევს დაუმატეთ გაცრილი 130 გრამი ფქვილი, 3 ს/კ კაკაო და გამაფხვიერებელი. ცომს აურიეთ ისე, რომ კაკაოს და ფქვილის კოშტები არ დარჩეს.
4. სახსნელ ფორმაში პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ, ცომი ჩაასხით და ღუმელში მოათავსეთ. ბისკვიტი 180 გრადუსზე 30 წუთი აცხვეთ. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ.
კრემი მოამზადეთ
1. კრემის მოსამზადებლად სქელძირიან ქვაბში ჩატეხეთ 2 კვერცხი, დაუმატეთ 50 გ შაქარი და ვანილი. აქვე ჩაასხით 150 მლ შესქელებული რძე და 3 ს/კ ფქვილი. ინგრედიენტებს აურიეთ. თანდათან კრემს დაუმატეთ 250 მლ რძე, მორევა გააგრძელეთ.
2. როგორც კი მასა ერთგვაროვანი გახდება, ჭურჭელი კრემით საშუალო ცეცხლზე დადგით. როცა კრემი გასქელებას დაიწყებს, ცეცხლს დაუწიეთ და გასქელებამდე ხარშეთ. მზა კრემს პარკი დააფარეთ და სრულად გაცივებამდე გააჩერეთ.
3. 250 გრამი რბილი კარაქი მიქსერით ათქვიფეთ. ფაფუკი და თეთრი მასა უნდა გახდეს. ნაწილ-ნაწილ მოხარშული კრემი დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ. მზა კრემი გამოვა ჰაეროვანი, ნაღების ნაყინის მსგავსი.
ტორტის აწყობა
1. ცივი ბისკვიტი ორ ფენად გაჭერით. 150 მლ წყალი და 1 ს/კ შესქელებული რძე აურიეთ. ამ ნარევით ბისკვიტის ფენებს დანამავთ.
2. ტორტის აწყობა დაიწყეთ. უკეთესია, თუ სახსნელ ფორმას ან სპეციალურ რგოლს გამოიყენებთ. ძირში ბისკვიტის ერთი ფენა მოათავსეთ, დანამეთ, შემდეგ კრემი დაუმატეთ და თანაბრად გაანაწილეთ. ბისკვიტის მეორე ფენაც დანამეთ და კრემს ზემოდან დაადეთ, დანამული ნაწილით ქვემოთ. ტორტს პარკი დააფარეთ და 6 საათი მაცივარში შეინახეთ.
3. ჭიქური მოამზადეთ. პატარა ქვაბში 3 ს/კ შაქარი, 3 ს/კ კაკაო, არაჟანი და 50 გ კარაქი აურიეთ. ჭიქური სუსტ ცეცხლზე 5 წუთით ხარშეთ, მუდმივად ურიეთ. ჭიქური სრულად გააცივეთ.
4. ტორტს საკონდიტრო რგოლი მოხსენით. ტორტს ზემოდან და გვერდებზე ჭიქური წაუსვით. ზემოდან შოკოლადის ზოლებით შეგიძლიათ გააფორმოთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კაკალი, კენკრა, ხილი. თუმცა დანამატების გარეშეც ლამაზი გამოვა. 15 წუთი გააჩერეთ, რომ ჭიქური გამაგრდეს, შემდეგ სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ.
ახლა იცით, როგორ მოამზადოთ ეს საოცარი ტორტი „ესკიმო“. გემრიელად მიირთვით!