ტიული და ფარდა ფანჯარაზე რემონტის ბოლო შტრიხია. გასაკვირი არც არის, რადგან ის ოთახს სიმყუდროვეს და სითბოს მატებს. გარდა ამისა, ფარდა ოთახს იცავს ქუჩის მტვრისგან, როცა ფანჯრები ღიაა. თუმცა მისი სისუფთავის შენარჩუნება რთულია, რადგან პირვანდელ გარეგნობას სწრაფად კარგავს. ამ პრობლემის გადაჭრის მეთოდი არსებობს. დღევანდელ სტატიაში გასწავლით, როგორ გაათეთროთ ტიული სუფრის მარილით.
ამ მეთოდის შესახებ სოფელში მეზობელმა მითხრა. გადავწყვიტეთ დღესასწაულის ქალაქგარეთ აღნიშვნა და მეგობრების მიწვევა. მანამდე კი სახლს გენერალური დასუფთავება სჭირდებოდა. ზედაპირების საწმენდად ბევრი საშუალება ვიყიდე, მაგრამ ტიულის გარეცხვაზე არც მიფიქრია. არადა გათეთრება ძალიან სჭირდებოდა. მეზობელი დამეხმარა. მასწავლა, როგორ დავუბრუნო ტიულს ქათქათა გარეგნობა მარილის გამოყენებით. შედეგმა გამაოცა!
როგორ გავათეთროთ ტიული მარილით
უძველესი დროიდან დიასახლისები იყენებენ მარილს სარეცხად და გასაწმენდად. ოდესღაც მაღაზიებში მინიმუმი საყოფაცხოვრებო ქიმია იყიდებოდა და თავად გვიწევდა მისი შექმნა ჩვეული პროდუქტებიდან. ამ მხრივ, მარილი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მარილი ჭუჭყს შესანიშნავად უმკლავდება. გარდა ამისა, სხვა უპირატესობაც გააჩნია.
- მარილი სახლში ყველას აქვს, ამიტომ მისი დამატებით ყიდვა საჭირო არ არის;
- სუფრის მარილი უფრო იაფია, ვიდრე ბიუჯეტური მათეთრებელი;
- ამ მეთოდით გათეთრებას დიდი დრო ან რთული მანიპულაციები არ სჭირდება;
- მარილის გამოყენება ალერგიულ ხალხსაც შეუძლია;
- მარილი ქსოვილზე უსიამოვნო სუნს არ ტოვებს, ამიტომ იდეალურია მისი გამოყენება სახლში, სადაც ბავშვები ცხოვრობენ.
- მარილი შესაფერისია ნებისმიერი ქსოვილის ფარდის გასათეთრებლად.
მარილის გამოყენების მეთოდები ტიულის გასარეცხად
არსებობს რამდენიმე ხრიკი, როგორ დაუბრუნოთ ტიულს პირვანდელი გარეგნობა მარილის გამოყენებით.
ჩალბობა
ტიული გასათეთრებლად მარილიან ხსნარში ჩაალბეთ. 5 ლიტრი წყალი 40 გრადუს ტემპერატურაზე გააცხელეთ. მასში ჩაყარეთ 5 სუფრის კოვზი მარილი და 50 გრამი სარეცხი ფხვნილი. ყველაფერს კარგად აურიეთ.
ფარდიდან მტვერი დაფერთხეთ, რომ რეცხვისას ქსოვილის ბოჭკოებში არ ჩაჯდეს. ასევე შეგიძლიათ სუფთა წყალში გაავლოთ მტვრის მოსაშორებლად. ტიული მარილის ხსნარში მოათავსეთ და მინიმუმ 4 საათი ან მთელი ღამე გააჩერეთ. ამის შემდეგ ტიული ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.
გავლება
თუ ჩალბობის დრო არ გაქვთ, გამარტივებული მეთოდი გამოიყენეთ. ტიული სარეცხი ფხვნილით გარეცხეთ. 5 ლიტრ წყალს 3 სუფრის კოვზი მარილი დაუმატეთ. ტიული ამ ნარევში გაავლეთ და 20 წუთი გააჩერეთ. შემდეგ ტიული წყლიდან ამოიღეთ და დაწურვა აცადეთ. წყალი აღარ გაავლოთ.
სარეცხ მანქანაში რეცხვა
ტიული სარეცხ მანქანაშიც შეგიძლიათ გაათეთროთ. მთავარია, ფარდის რეცხვა სარეცხ მანქანაში მწარმოებლის მიერ დაშვებული იყოს. ტიულის გასათეთრებლად ფხვნილის განყოფილებაში 1 ს/კ მარილი და 1 ს/კ სოდა ჩაყარეთ, კონდიციონერის განყოფილებაში 1 ს/კ ძმარი ჩაასხით.
ფარდა სარეცხ ქისაში მოათავსეთ ან თუ ძალიან დიდია, ბალიშისპირი გამოიყენეთ. ტიული დელიკატურ რეჟიმზე 30 გრადუს ტემპერატურაზე გარეცხეთ. მაქსიმუმ 400 ბრუნზე გაწურეთ ან გაწურვის რეჟიმი საერთოდ გამორთეთ. სუფთა ტიული გასაშრობად გაკიდეთ, რომ წყალი დაიწუროს.