როგორ გამოვიყენოთ შამპუნი სხვა მიზნებისთვის: უნივერსალური საშუალება

126

თანამედროვე ადამიანის თავის მოვლის საშუალებების თარო შამპუნის გარეშე ძნელი წარმოსადგენია. მინიმალური ნაკრებიც მოიცავს თმის და სკალპის საწმენდ ამ საშუალებას. მართალია, ზოგჯერ შამპუნის სწორად შერჩევა რთულია, ხოლო უაზროდ გაფლანგული ფული არავის ახარებს. თუ მსგავს სიტუაციაში მოხვდით, “პაპარაცი” გასწავლით, როგორ გამოიყენოთ შამპუნი სხვა მიზნებისთვის.

ამ მეთოდის შესახებ დაქალმა მითხრა. კოსმეტიკის და საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიაში შემთხვევით შევხვდი და მისი კალათა თვალში მომხვდა. რამდენიმე დიდი ბოთლი იაფფასიანი შამპუნი აეღო. გამიკვირდა, რადგან მარტო ცხოვრობს, ამდენი ბოთლი შამპუნი რამდენიმე წელი ეყოფა. აღიარა, რომ შამპუნს სხვა მიზნისთვის იყენებს. თურმე შამპუნის გამოყენება შეიძლება საოჯახო საქმეში ბევრი სხვა საშუალების ნაცვლად. გასაოცარია, მაგრამ ნამდვილად მუშაობს.

როგორ გამოვიყენოთ შამპუნი საოჯახო საქმეში

ყველა შამპუნის მთავარი თვისებაა მოაშოროს ცხიმი და ჭუჭყი თმას და სკალპს. ამრიგად, შამპუნი შეძლებს გაუმკლავდეს იმავე დაბინძურებას, მაგრამ უკვე საოჯახო საქმეში. გარდა ამისა, შამპუნი უფრო რბილია, ვიდრე სპეციალური საყოფაცხოვრებო ქიმია. იდეალურია მათთვის, ვინც ალერგიულია და მგრძნობიარე კანი აქვს. თან შამპუნის ჩამორეცხვა უფრო ადვილია.

შამპუნი საყოფაცხოვრებო ქიმიის ნაცვლად

გიზიარებთ რამდენიმე ვარიანტს, როგორ გამოიყენოთ შამპუნი არაპირდაპირი დანიშნულებით.

ცხიმის მოსაშორებლად

შამპუნი ცხიმს შესანიშნავად უმკლავდება, ამიტომ სამზარეულოში გამოგადგებათ. ქურა, მიკროტალღური ღუმელი, სამზარეულოს ავეჯი და იატაკი – ამ ყველაფერს შამპუნი გაწმენდს. ღრუბელი შამპუნით დაასველეთ, ჭუჭყიან ადგილებში წაუსვით და რამდენიმე წუთი გააჩერეთ, რომ ლაქა დაიშალოს. შამპუნის ნარჩენები თბილი წყლით ჩამორეცხეთ.

სააბაზანო ოთახში

თუ სააბაზანო ოთახის ზედაპირებზე წყლისგან კირის წვეთები დარჩა, შამპუნი დაგეხმარებათ. ნიჟარა, აბაზანა და ქურა სქელი ქაფით და ჩვრით გაწმინდეთ. სარკეც ამ მეთოდით შეგიძლიათ გაწმინდოთ. ღრუბელი წყლის და შამპუნის ნარევში დაასველეთ, სარკეს წაუსვით, შემდეგ ჩამორეცხეთ და გაამშრალეთ.

სხვათა შორის, სამზარეულოსა და სააბაზანო ოთახში შემრევი ონკანები შამპუნის ქაფით შეგიძლიათ გაწმინდოთ. ზედაპირი ოდნავ გასაპნეთ, ნარჩენები სუფთა წყლით ჩამორეცხეთ, შემდეგ რბილი ჩვრით გააპრიალეთ.

სარკის გასაწმენდად სააბაზანო ოთახში

სარკე სააბაზანო ოთახში რომ არ დაიორთქლოს, შამპუნი გამოიყენეთ. ცხელი აბაზანის ან შხაპის მიღებამდე ცოტა შამპუნი ჩვარზე დაასხით და სარკის ზედაპირს ააფარეთ. სარკე გამჭვირვალე დარჩება. არ დაგავიწყდეთ სარკიდან საპნის ჩამორეცხვა ბანაობის შემდეგ.

იატაკის გასაწმენდად

შამპუნი იდეალური საწმენდი საშუალებაა თითქმის ყველა ტიპის იატაკის გასაწმენდად, პარკეტის გარდა. მასზე ლაქები შეიძლება დარჩეს. იატაკის გასაწმენდად 1 ვედრო წყალში 1 ჩაის კოვზი შამპუნი ჩაასხით და აურიეთ. ამ ნარევით ნებისმიერ ოთახში იატაკი გაწმინდეთ. მძაფრი სუნი არ აქვს, ამიტომ უსაფრთხო შემადგენლობა აქვს. ასე შეძლებთ იატაკზე ფეხშიშველა იაროთ და ჯანმრთელობაზე არ იდარდოთ.

ფუნჯების გასაწმენდად

კოსმეტიკური ფუნჯები ნამდვილი ბუდეა ბაქტერიების გასამრავლებლად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ კანის სხვადასხვა პრობლემები. სწორედ ამიტომ, ფუნჯები რეგულარულად უნდა გაწმინდოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მუდმივად იყენებთ. ფუნჯების საწმენდი სპეციალური საშუალება იაფი არ ღირს, მაგრამ არსებობს ბიუჯეტური ალტერნატივა და ეს შამპუნია. წვეთი შამპუნი სველ ფუნჯებს წაუსვით და კარგად ააქაფეთ. საპონი სუფთა წყლით ჩამორეცხეთ. თუ ფუნჯი ძალიან ჭუჭყიანია, პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ, სანამ ქაფი არ გათეთრდება.

ქსოვილზე ცხიმის ლაქების მოსაშორებლად

ვინაიდან შამპუნი თმას წმენდს კანის ცხიმისგან, ქსოვილიდან ლაქების ამოყვანაც შეუძლია. მისი გამოყენება შეგიძლიათ ტანსაცმლის, ასევე ხალიჩის და რბილი ავეჯის გასაწმენდად. შამპუნის წასასმელად ჯაგრისი გამოიყენეთ, შემდეგ სუფთა წყლით, სველი ჩვრით გარეცხეთ ან წყალი გაავლეთ.

რეცხვისთვის

დელიკატურ ნივთებს ნაზი რეცხვა სჭირდება. თუ სპეციალური სარეცხი ფხვნილი არ გაქვთ, თხელი ბლუზა და სვიტერი შამპუნით შეგიძლიათ გარეცხოთ. ქსოვილის ბოჭკოებზე ნაზად მოქმედებს, ამიტომ ნივთები გარეგნობას დიდხანს შეინარჩუნებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს