კიტრი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბოსტნეულია სუფრაზე. კიტრი ქვეყნის თითქმის ყველა ბოსტანში იზრდება და შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერ ბაზარში თუ მაღაზიაში. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ახალი ბოსტნეულის სალათა ცოტა გვბეზრდება. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ ხრაშუნა მსუბუქად დამარილებული კიტრი.
ჩემი ერთი მეგობარი, რომელიც კერძო სახლში ცხოვრობს, ხშირად გვეპატიჟება მეგობრებს მწვადებზე. და ყოველ ჯერზე, სუფრაზე გვხვდება მისი საფირმო მსუბუქად დამარილებული კიტრი. მასზე გიჟდება ყველა, ისიც კი, ვისაც კიტრი დიდად არ უყვარს. მეგობრისთვის რეცეპტი არასდროს მომითხოვია, რადგან მისი მომზადება რთული მეგონა. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც აღმოჩნდა, რომ ასეთი კიტრი სწრაფად და მარტივად მარილდება. ჩაიწერეთ რეცეპტი!
ხრაშუნა მსუბუქად დამარილებული კიტრი
დაიმახსოვრეთ რამდენიმე მარტივი წესი, რომ მსუბუქად დამარილებული კიტრი გემრიელი და ხრაშუნა გამოვიდეს.
- ხრაშუნა კიტრი მხოლოდ ახალი კიტრიდან გამოდის. გაჩერებული ბოსტნეული რბილი და ნაკლებად წვნიანი იქნება დამარილების შემდეგ. აირჩიეთ პატარა და საშუალო ზომის კიტრი, დაზიანებების გარეშე. სიმკვრივის გასაუმჯობესებლად კიტრი ცივ წყალში ჩაალბეთ 20-30 წუთის განმავლობაში.
- კიტრს მხოლოდ გემრიელი, ხარისხიანი წყალი დაასხით. ონკანის წყალი, რომელსაც ქლორის სუნი აქვს, გამოცდილ რეცეპტსაც გააფუჭებს. ამ მიზნით საუკეთესოა ბოთლის სასმელი წყალი, ჭის წყალი ან გაფილტრული წყალი.
- მწვანილები და სანელებლები გემოს ფორმირებაში არა მთავარ, მაგრამ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მსუბუქად დამარილებულ კიტრს პიკანტური გემო რომ ჰქონდეს, დაუმატეთ წიწაკა, ნიორი, კამა, ალუბლის ფოთოლი, მოცხარი და სხვა ჩვეული ინგრედიენტები. ამასთან, თითოეულ რეცეპტში მთავარია არაიოდირებული სუფრის მარილი.
- ხრაშუნა მსუბუქად დამარილებული კიტრი უმჯობესია დაამარილოთ ქილაში, რადგან ასე ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება და არ ამოტივტივდება. თუ ამ გზით დამარილება თქვენთვის მოუხერხებელია, გამოიყენეთ დიდი თასი ან ქვაბი, ზემოდან კიტრს სიმძიმე დაადეთ.
მსუბუქად დამარილებული კიტრის რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 1,6 კგ კიტრი
- 1 თავი ნიორი (6-7 კბილი)
- 3 ს/კ მარილი
- 50 გ კამის ყვავილედი
- წყალი
მომზადების წესი:
1. ყველა ინგრედიენტი მოამზადეთ ისე, რომ ხელთ გქონდეთ. კამა გარეცხეთ, ნიორი გაასუფთავეთ, ქილა მოამზადეთ. მოცემული რაოდენობიდან გამოვა სამლიტრიანი ქილა.
2. კიტრი გარეცხეთ, ყუნწები და ბოლოები მოაჭერით. ასე სწრაფად დამარილებას ხელს შეუწყობთ.
3. ქილის ძირში ჩააფინეთ კამა, დაუმატეთ დაჭრილი ნივრის კბილები. ამის შემდეგ ქილა კიტრით გაავსეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ კიტრი ქილაში მაქსიმალურად მჭიდროდ ჩატუმბოთ.
4. როგორც კი კიტრი ქილის პირს მიაღწევს, ზემოდან კიდევ რამდენიმე ტოტი კამა ჩააფინეთ და შემდეგ მარილი ჩაყარეთ. ჩაიდანი აადუღეთ და კიტრს მდუღარე წყალი დაასხით.
5. ქილა ბოლომდე გაავსეთ, ზემოდან ნეილონის თავსახური დაახურეთ. ოდნავ შეანჯღრიეთ, რომ მარილი გაიფანტოს. ქილაში წყლის გაცივებას დაელოდეთ, შემდეგ მთელი ღამე მაცივარში შეინახეთ. დილით ხრაშუნა მსუბუქად დამარილებული კიტრი მზად იქნება. გემრიელად მიირთვით!
ასეთი კიტრი იდეალური დანამატია კარტოფილისთვის, ხორცისთვის ან უბრალოდ წასახემსებლად.