საყოფაცხოვრებო ქიმია ხარჯების პუნქტია, რომელიც ჩვეულებრივ დიდ თანხას მოითხოვს. როგორც არ უნდა გვინდოდეს სარეცხ და საწმენდ საშუალებებზე დაზოგვა, ზოგჯერ ეს ხარისხზე მოქმედებს. და მაინც, ზოგიერთი საშუალება სახლში თავად შეგიძლიათ გააკეთოთ და ეფექტური შედეგიც მიიღოთ. მაგალითად, ხელნაკეთი სარეცხი გელი მაღაზიაში ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდება.
ამ საშუალების შესახებ მეზობელმა მასწავლა სოფელში, როცა ზაფხულში დასასვენებლად ჩავედით. სოფელში დასვენება მიწას, ბალახს, კენკრას და ხილს უკავშირდება, ამიტომ ტანსაცმლის ხშირად რეცხვა მიწევდა. ვერც კი შევამჩნიე, როგორ დამიმთავრდა სარეცხი საშუალება. უკვე ქალაქში წასვლას და ყიდვას ვაპირებდი, რომ მეზობელმა ალტერნატივა შემომთავაზა. თურმე სარეცხი გელი მარტივი ინგრედიენტებისგან თავად შეგიძლია გააკეთო. სხვათა შორის, შესანიშნავად რეცხავს.
როგორ გავაკეთოთ სარეცხი გელი სახლის პირობებში?
ხელნაკეთი სარეცხი გელი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ხელით, ასევე მანქანით რეცხვისას. უპირატესობა მიანიჭეთ უფრო მაღალ ტემპერატურას, რომ გამოყენებული საშუალების ეფექტი გაიზარდოს.
ხელნაკეთი სარეცხი გელის რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 100-150 გ მყარი საპონი
- 4 ლ წყალი
- 100 გ კალცინირებული სოდა (დაახლოებით 5 სუფრის კოვზი)
- ეთერზეთი სურვილისამებრ
მომზადების წესი:
1. მყარი საპონი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ საპნის არჩევაზე ბევრი რამ დამოკიდებულია. პირველ რიგში, მზა გელს ისეთი სუნი ექნება, როგორც საპონს. ასევე სარეცხი საპონი უფრო ეფექტურია, ვიდრე ტუალეტის, მაგრამ სპეციფიკური სუნი აქვს. მართალია, ეთერზეთის დამატებით სიტუაციის გამოსწორება შეიძლება.
2. აიღეთ ქვაბი, რომელშიც გელს მოხარშავთ. აიღეთ ჭურჭელი, რომელსაც მოგვიანებით საჭმლის მოსამზადებლად აღარ გამოიყენებთ. გახეხილი საპონი ქვაბში ჩაყარეთ და წყალი დაასხით.
3. საპნის ხსნარი ქურაზე გააცხელეთ, მუდმივად აურიეთ. სანამ ნარევი დუღილს დაიწყებს, საპონი ბოლომდე უნდა გაიხსნას.
4. ნარევს სოდა დაუმატეთ. ნაწილ-ნაწილ დაუმატეთ და მუდმივად აურიეთ, რომ ხსნარი ძალიან არ აქაფდეს. თანდათან ნარევი ჟელეს მსგავსი გახდება. ამ საშუალებისთვის კალცინირებულ სოდას ვიყენებ, რადგან ჭუჭყს უკეთ აშორებს. თუ აპირებთ ძალიან დელიკატური ნივთების გარეცხვას, მაშინ საკვები სოდა გამოიყენეთ.
5. ნარევი ქურიდან გადადგით და მთელი ღამე გასაცივებლად გააჩერეთ. ამ დროში გელი გასქელდება. უკვე ამ ფორმით შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ გირჩევთ უფრო გაათხელოთ. ამისთვის გელი ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ.
6. მზა თხევადი გელი ფართოყელიან ბოთლში ჩაასხით და დანიშნულებით გამოიყენეთ. 5 კგ-იან სავსე მანქანაში 1 ჭიქა გელი საკმარისია, პირდაპირ დოლურაში ჩაასხით. ყოველი გამოყენების წინ გელი შეანჯღრიეთ, რადგან საშუალება სქელდება. კონდიციონერი სურვილისამებრ გამოიყენეთ, როგორც სტანდარტული რეცხვისას.