ყველა დიასახლისმა იცის, რომ უნიტაზის გაწმენდა კირის ნადებისგან საკმაოდ რთული ამოცანაა. ზოგჯერ უნიტაზის სისუფთავე გაწმენდის სიხშირეზე დამოკიდებული არ არის. დაბინძურების მიზეზი შეიძლება იყოს ხისტი წყალი, ასევე უნიტაზის გაუმართაობა. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ გაუმკლავდეთ ამ პრობლემას მარტივად და სწრაფად.
მეგობარმა მიამბო ამ მეთოდის შესახებ, როცა სხვა ბინაში გადავედი საცხოვრებლად. ახალი ბინა წინა საცხოვრებლისგან განსხვავდებოდა არა მხოლოდ ადგილმდებარეობით, არამედ ონკანი წყლის სიხისტით. ამ მიზეზით ახალი უნიტაზი მალე დაიფარა კირის ნადებით, რომელიც მაღაზიაში ნაყიდი საშუალებებით ვერ მოვაშორე. მაშინ მეგობარმა ეს საშუალება მირჩია და იმუშავა!
როგორ გავწმინდოთ უნიტაზი კირის ნადებისგან
მთავარი კომპონენტი, რომელიც უნიტაზს კირის ნადებს აშორებს, ნიშადურის სპირტია. ამიტომაც ყურადღება მიაქციეთ, რომ სააბაზანო ოთახის გაწმენდისას ბავშვები და შინაური ცხოველები ახლოს არ იყვნენ. გარდა ამისა, აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანები და გაანიავეთ შენობა დასუფთავების დასრულებისას.
სააბაზანო ოთახის დასუფთავება ეფექტური საშუალებით
ეფექტური ხელნაკეთი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნიშადურის სპირტი, წყალბადის ზეჟანგი და წყალი.
1. პირველ რიგში, გირჩევთ, რომ უნიტაზიდან წყალი ამოიღეთ. ასე ხელნაკეთი საშუალება უფრო კონცენტრირებული იქნება. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ პატარა პლასტმასის ბოთლი. ასევე შეგიძლიათ გადაკეტოთ მილზე სარქველი და სრულად დაცალოთ წყალი ავზიდან, შემდეგ უნიტაზიდან.
2. ხსნარი მოამზადეთ. პლასტმასის ან მინის ჭურჭელში ჩაასხით 2 ლ წყალი, 50 მლ ნიშადურის სპირტი და 100 მლ წყალბადის ზეჟანგი. კარგად აურიეთ.
3. ხსნარი უნიტაზში ჩაასხით. ჯაგრისით საშუალება მთელ ზედაპირზე გადაანაწილეთ ისე, რომ ყველა ჭუჭყიან ადგილზე მოხვდეს. დაბინძურების ხარისხის მიხედვით გააჩერეთ ხსნარი უნიტაზში ცოტა ხნით. თუ კირის ნადები ძალიან დიდია, ხსნარი მინიმუმ 6 საათი ან მთელი ღამე გააჩერეთ. თუ უნიტაზი ძალიან ჭუჭყიანი არ არის, 3 საათი საკმარისი იქნება.
4. დროის გასვლის შემდეგ უნიტაზის ზედაპირი ჯაგრისით კიდევ ერთხელ გახეხეთ. წყალი ყვითელი და მღვრიე გახდება. შემდეგ უნიტაზში წყალი ჩარეცხეთ და შესანიშნავი შედეგით გაიხარეთ.
5. სხვათა შორის, თუ თქვენი უნიტაზი კირის ნადებით დაფარვას ახლა იწყებს, გამარტივებული ვარიანტი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხსნარი მხოლოდ ჭუჭყიან ადგილებს წაუსვით, 15 წუთის შემდეგ ჯაგრისით გახეხეთ და წყლით ჩარეცხეთ.
როგორც ხედავთ, ყველაზე ჩამჯდარ ჭუჭყსაც შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ძვირადღირებული საშუალებების გარეშე. ხშირად ხელნაკეთი საშუალებები უკეთესს შედეგს იძლევა, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი!