გემრიელი სოუსის მომზადება კვერცხის და რძის გარეშე შესრულებადი მისიაა! სამარხვო, ამავდროულად კერძის გემრიელი დანამატი სუფრაზე 15 წუთში შეგიძლიათ გაიტანოთ. სოუსი ძალიან მარტივად მზადდება. დაგჭირდებათ მხოლოდ ხარისხიანი ინგრედიენტები და ვაშლის სოუსი პიკანტური ნოტებით მზადაა.
სოუსი კურკუმის წყალობით კაშკაშა გამოდის, ხილის წყალობით ტკბილ-მჟავე და ნატურალური პროდუქტების კომბინაციის წყალობით უჩვეულოდ გემრიელი. თუ მოგბეზრდათ ნაყიდი სოუსები, რომელთა შემადგენლობა ქიმიით სავსეა, ეს რეცეპტი დაიმახსოვრეთ. თქვენი ფავორიტი გახდება.
როგორ მოვამზადოთ ვაშლის ძმარი სწორად?
ამ სოუსის მოსამზადებლად ნებისმიერი ჯიშის ხილი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ოდნავ ტკბილი საუკეთესო ვარიანტია. თუ ძალიან მჟავე ვაშლს იღებთ, მაშინ სუფრის კოვზის ნაცვლად ჩაის კოვზი ლიმონის წვენი დაუმატეთ. ამ შემთხვევაში, ცოტა შაქრის დამატებაც რეკომენდებულია. 1 ჩაის კოვზი საკმარისია. ასე სოუსის გემო ნამდვილად გაგაოცებთ. შევამოწმოთ?
ინგრედიენტები:
- 4 საშუალო ზომის ვაშლი
- 1 ჩ/კ მარილი
- 1 ს/კ მდოგვი
- დაფქული შავი წიწაკა
- მწიკვი კურკუმა
- 1 ს/კ ლიმონის წვენი
- 200 გ მცენარეული ზეთი
მომზადების წესი:
1. ვაშლი გათალეთ. შუაგული ამოაჭერით. ვაშლი 4 ნაწილად გაჭერით და პარკში მოათავსეთ. პარკი შეკარით და დანით დახვრიტეთ ორთქლის გამოსასვლელად. 5 წუთი მიკროტალღურ ღუმელში მოათავსეთ.
2. ვაშლი ბლენდერის ჭიქაში გადაიტანეთ. ერთგვაროვანი პიურეს მიღებამდე დააბლენდერეთ. მარილი, მდოგვი და ლიმონის წვენი დაუმატეთ.
3. კურკუმა და დაფქული შავი წიწაკა დაუმატეთ. მცენარეული ზეთი ჩაასხით. ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
4. სოუსი სუფთა მშრალ ქილაში ჩაასხით, თავსახური დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ.
ვაშლის სოუსი უხდება როგორც ბოსტნეულის, ასევე ხორცის სალათებს. მათ საოცარ პიკანტურ ნოტებს მატებს. ასეთი სოუსით ქათმის ფილეც შეგიძლიათ მოამზადოთ. ხორცი დაბეგვეთ, მარილი და წიწაკა მოაყარეთ. ღრმა თასში აურიეთ 3 ს/კ ვაშლის სოუსი და წვრილად გახეხილი ხმელი ყველი. ქათმის ფილე საცხობ ლანგარზე მოათავსეთ და სოუსის ნარევი თხელ ფენად წაუსვით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთი აცხვეთ. ნაზი ქათმის ხორცი ტკბილ-მჟავე სოუსში მზადაა!