ხელნაკეთი შავქლიავით სხვადასხვა კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ. მაგალითად, საუზმე, დესერტი, ცომეული ან სალათა. შავქლიავი იდეალურად ავსებს ხორცის კერძებს: ღორის, საქონლის, ქათმის. გარდა ამისა, ეს ჩირი სასარგებლო და ნოყიერი წასახემსებელია.
თუ აქტიურად იყენებთ ქლიავის ჩირს რაციონში, სასარგებლოა იცოდეთ, როგორ მოამზადოთ შავქლიავი სახლის პირობებში. ზაფხულში აგარაკზე ქლიავის შეგროვება და ჩირის მომზადება უკეთესია, ვიდრე მაღაზიაში შეძენა. ასე დარწმუნებული იქნებით ჩირის ხარისხში და ჰიგიენის ყველა სტანდარტის დაცვაში.
როგორ მოვამზადოთ ხელნაკეთი შავქლიავი: 3 მარტივი მეთოდი
შავქლიავი ღუმელში
- ქლიავი კარგად გარეცხეთ, ფოთლები და ყუნწი მოაშორეთ. ხილი შუაზე გაჭერით და კურკა ამოიღეთ.
- საცხობ ფორმაზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და მასზე ქლიავი ერთ ფენად დააწყვეთ.
- ღუმელი 50 გრადუსზე ჩართეთ და ქლიავი 5 საათი გამოაშრეთ.
- შემდეგ ტემპერატურას აუწიეთ 70 გრადუსამდე და ხილი 6 საათი გამოაშრეთ.
- ახლა ტემპერატურა 70-80 გრადუსზე დააყენეთ და ქლიავი სრულ მომზადებამდე გამოაშრეთ.
- გაშრობებს შორის აუცილებლად შეისვენეთ, დაახლოებით 5 საათი, რომ ქლიავმა წვენის გამოყოფა არ დაიწყოს.
შავქლიავი ჩირის აპარატში
- ქლიავი გარეცხეთ, ყუნწი და ფოთლები მოაშორეთ.
- სოდიანი ხსნარი (7 გ სოდა 1 ლ წყალზე) მოამზადეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.
- ქლიავი მდუღარე ხსნარში ჩაყარეთ 30 წამით, შემდეგ მაშინვე ცივ წყალში გარეცხეთ.
- ქლიავი შუაზე გაჭერით და კურკა ამოიღეთ.
- ქლიავის ნახევრები ჩირის აპარატის ლანგარზე ერთ ფენად დააწყვეთ, გაჭრილი მხრიდან ზემოთ.
- ქლიავი 55 გრადუს ტემპერატურაზე 4 საათი გამოაშრეთ.
- ამის შემდეგ 60 გრადუს ტემპერატურაზე 4-6 საათი გამოაშრეთ.
- შემდეგ 75-80 გრადუს ტემპერატურაზე მომზადებამდე გამოაშრეთ.
- ყოველ საათში ლანგრებს ადგილები შეუცვალეთ და ქლიავის ნახევრები გადააბრუნეთ. გარდა ამისა, გამოშრობებს შორის დაახლოებით 5 საათიანი შესვენება გააკეთეთ.
შავქლიავი მზეზე
- ქლიავი გამდინარე წყალში გარეცხეთ, გაჭერით და კურკა ამოიღეთ.
- ქლიავი გისოსზე ან სხვა ზედაპირზე დააწყვეთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ ზედაპირს ქვემოდან კარგად ვენტილაცია უნდა ჰქონდეს, რომ ქლიავი თანაბრად გამოშრეს.
- ქლიავს მარლა გადააფარეთ, რომ მტვრისგან და მწერებისგან დაიცვათ.
- ქლიავი მზეზე გაიტანეთ. ღამით შენობაში შეინახეთ. დაახლოებით 5 დღე დაგჭირდებათ.
- ამის შემდეგ ქლიავი ჩრდილში გადაიტანეთ და დაახლოებით 4 დღე ბოლომდე გამოაშრეთ.
პასიური მომზადების რამდენიმე წუთი და უკვე მთა მსხვილი და გემრიელი შავქლიავი გაქვთ. თუ ჯერ კიდევ არ ჩაგირთავთ ეს სასარგებლო პროდუქტი რაციონში, გირჩევთ მოამზადოთ სხვადასხვა ცომეული ან ხორცის კერძი შავქლიავით.