გამომშრალი პომიდორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იტალიური წასახემსებელია. ცხარე პომიდორი ბევრი კერძის შესანიშნავი დანამატია. ისეთი ელემენტარული საუზმეც, როგორიცაა სენდვიჩი, ამ ინგრედიენტის დამატებით ახალი ფერებით ათამაშდება.
ასეთი წასახემსებელი საკმაოდ მარტივად მზადდება. თეთრი პურის რამდენიმე ნაჭერი ტაფაზე გახუხეთ, რბილი ყველი წაუსვით და ზემოდან გამომშრალი პომიდორი დააწყვეთ. საოცარ შედეგს მიიღებთ.
როგორ მოვამზადოთ გამომშრალი პომიდორი იტალიური რეცეპტით
ასეთი პიკანტური ნამზადის მოსამზადებლად თანაბარი ზომის პომიდვრები გამოიყენეთ. უმჯობესია, რბილობი მოაშოროთ. უდავოდ, წასახემსებელი რბილობითაც შეგიძლიათ მოამზადოთ, მაგრამ დიდხანს მოგიწევთ ლოდინი, რომ პომიდორი სათანადოდ გამოშრეს.
ინგრედიენტები:
- 2 კგ პომიდორი
- 2 თავი ნიორი
- მარილი გემოვნებით
- დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
- 2 ტოტი როზმარინი
- 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი
- 250 მლ ზეითუნის ზეთი
- შაქარი გემოვნებით
- 2 ჩ/კ იტალიური სუნელები
მომზადების წესი:
1. პომიდორი გარეცხეთ. 4 ნაწილად გაჭერით და რბილობი ამოიღეთ.
2. საცხობ ფორმაზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და მას მცენარეული ზეთი წაუსვით. პომიდორი მჭიდროდ დააწყვეთ.
3. მარილი და შავი წიწაკა მოაყარეთ. ცოტა იტალიური სუნელები დაუმატეთ.
4. ნიორი გაასუფთავეთ და პატარა ფირფიტებად დაჭერით. პომიდვრის ნაჭრებს შორის ჩააწყვეთ.
5. მოათავსეთ 70-80 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და პომიდორი 3 საათი გამოაშრეთ. შემდეგ ტემპერატურა 50 გრადუსამდე შეამცირეთ და კიდევ 5 საათი გამოაშრეთ.
6. ქილა გარეცხეთ და მდუღარე წყალი გადაავლეთ. მშრალ ქილაში გამომშრალი პომიდვრის ფენა ჩააწყვეთ, 2 მწიკვი იტალიური სუნელები მოაყარეთ. პომიდვრებს ხმელი როზმარინიც დაუმატეთ.
7. პომიდვრის კიდევ ერთი ფენა ჩააწყვეთ და ოდნავ ჩატუმბეთ. დარჩენილი იტალიური სუნელები მოაყარეთ.
8. ზეითუნის ზეთს ვაშლის ძმარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. პომიდვრებს 1 ჩაის კოვზი შაქარი მოაყარეთ. ზემოდან ზეითუნის ზეთის ნარევი მოასხით, რომელმაც პომიდორი სრულად უნდა დაფაროს.
9. ქილას თავსახური დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ.
სასურველია, ასეთ ცხარე ნამზადს გემო გაუსინჯოთ 2 კვირის შემდეგ. ამ დროში გემოები გაჯდება და საოცრად არომატული გახდება.