„ჩემს ბინაში ფარდები არ იქნება. არ მჭირდება ეს მტვრის შემგროვებლები“ – განვაცხადე, როცა ჩემი საცხოვრებლის მოწყობას შევუდექი. პირველივე საგაზაფხულო დასუფთავების დროს ამ რომანტიკულ იდეაზე უარის თქმა მომიწია. ჩემდა სამწუხაროდ, ჟალუზებზე არანაკლები მტვერი გროვდება. ამ მტვერს კი მოშორება სჭირდება, სასურველია, ნაწარმის დაზიანების გარეშე. გარკვეული დროის შემდეგ ერთგვარი დასუფთავების სახელმძღვანელო შევადგინე. გიზიარებთ, როგორ და რით გაწმინდოთ ჟალუზები.
თუ ერთხელ მაინც გიცდიათ ჟალუზების გაწმენდა, დამეთანხმებით, რომ ადვილი საქმე არ არის. ვერტიკალური ან ჰორიზონტალური, ქსოვილის ან პლასტმასის – თითოეული ტიპის ჟალუზი განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ გაწმინდოთ ჟალუზები ფანჯრებზე სწორად. პირველ რიგში, გავარკვიოთ, რომელი სარეცხი საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ. მეორეც, გავაანალიზოთ, როგორ გავწმინდოთ ვერტიკალური და ჰორიზონტალური ჟალუზები.
რომელი სარეცხი საშუალებით გავწმინდოთ ჟალუზები?
პირველ რიგში, გადავწყვიტოთ, რომელი სარეცხი საშუალებების გამოყენება შეიძლება. გთავაზობთ შემდეგ ვარიანტებს:
- საპნიანი ხსნარი (2-3 სუფრის კოვზი 3 ლიტრ წყალზე)
- ჭურჭლის სარეცხი საშუალება (1 სუფრის კოვზი 3 ლიტრ წყალზე)
- თხევადი სარეცხი ფხვნილი (1 სუფრის კოვზი 10 ლიტრ წყალზე)
- ფანჯრების საწმენდი საშუალება
სარეცხი საშუალებების გარდა დაგჭირდებათ ხელთათმანები ხელების დასაცავად, პულვერიზატორი, ღრუბელი, ჩვრები, ანტისტატიკური საშუალება.
როგორ გავწმინდოთ ვერტიკალური ჟალუზები?
ჟალუზები მზადდება სხვადასხვა მასალისგან. მასალა შეიძლება იყოს ხე, პლასტმასი, ლითონი და სხვადასხვა ქსოვილი. ნაწარმის წმენდის უნივერსალური მეთოდი არ არსებობს, თითოეული საკუთარ მიდგომას მოითხოვს.
ხის ან ბამბუკის ჟალუზები
როგორც ხის, ასევე ბამბუკის ჟალუზი წყლის მიმართ მგრძნობიარეა, ამიტომ მისი წმენდისგან თავი შეიკავეთ. სითხის ზემოქმედებით ფირფიტები შეიძლება გასივდეს და დეფორმირდეს. ჟალუზის ფირფიტების მოსავლელად გამოგადგებათ მშრალი ჩვარი ან მტვერსასრუტი. წინასწარ ფირფიტები მთლიანად დახურეთ. შემდეგ გახსენით და ისევ გაწმინდეთ თითოეული ფირფიტა ჩვრით. ბოლოს დაამუშავეთ ანტისტატიკური საშუალებით. ასე ნაკლები მტვერი დაგროვდება.
ქსოვილის ჟალუზები
ჟალუზები კარგად რომ გაწმინდოთ და მასზე სარეცხი საშუალების ლაქები არ დარჩეს, მოხსნას გირჩევთ. ამისთვის ჟალუზები მიმმართველიდან გამოიღეთ, მარეგულირებელი ჯაჭვი და თითოეულ ფირფიტას სიმძიმეები მოხსენით. მტვერი მტვერსასრუტით მოაშორეთ. შემდეგ რულონივით დაახვიეთ და საწმენდ ხსნარში მოათავსეთ წინასწარი ჩალბობისთვის. ნახევარი საათის შემდეგ რულონი სარეცხ ტომარაში ან ძველ ბალიშისპირში გადაიტანეთ და სარეცხ მანქანაში მოათავსეთ. ჟალუზები დელიკატურ რეჟიმზე გარეცხეთ, მაქსიმუმ 30 გრადუს ტემპერატურაზე, გაწურვის გარეშე. ჟალუზები გასაშრობად თავის ადგილზე მოათავსეთ, ფირფიტებში სიმძიმეები ჩასვით და ბუნებრივ მდგომარეობაში დატოვეთ.
ფანჯრიდან ჟალუზის მოხსნა საფუძვლიანი გაწმენდისთვის ყოველთვის არ არის მოსახერხებელი. როგორ მოვიქცეთ? გახსენით და მტვერი მშრალი ჩვრით მოაშორეთ. საწმენდი საშუალება პულვერიზატორით გააფრქვიეთ, ჯერ ღრუბლით გაწმინდეთ, შემდეგ მიკროფიბრის ქსოვილით. აკონტროლეთ, რომ ლაქები არ დარჩეს.
ამ სქემით შეგიძლიათ გაწმინდოთ პლასტმასის ან ლითონის ჟალუზები.
როგორ გავწმინდოთ ჰორიზონტალური ჟალუზები ფანჯრიდან მოხსნის გარეშე?
ჰორიზონტალური ჟალუზების ფირფიტებიც სხვადასხვა მასალისგან შეიძლება დამზადდეს. გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ ჰორიზონტალური ჟალუზები მათი დაზიანების გარეშე.
ქსოვილის ჟალუზები
ქსოვილის ჰორიზონტალური ჟალუზის მოხსნა რთული ამოცანაა და, როგორც წესი, ამად არ ღირს. ფანჯრიდან მოხსნის გარეშე რომ გაწმინდოთ, ჯერ ჟალუზი დახურეთ და მტვერი მშრალი ჩვრით მოაშორეთ. შემდეგ ისევ გახსენით და სარეცხი საშუალებით თითოეული ფირფიტა ნაზად გაწმინდეთ. ლაქების მოსაშორებლად საპნიანი ხსნარი გამოიყენეთ.
პლასტმასის ან ლითონის ჟალუზები
თუ კონსტრუქციის მოხსნა თქვენთვის რთული არ არის, შესანიშნავია. ასე ყველაფერი მარტივია. ჟალუზები დახურეთ და მტვერი მოაშორეთ. მათი პოზიცია რამდენჯერმე შეცვალეთ, რომ ჭუჭყი მთლიანად მოაშოროთ. შემდეგ ჟალუზები სამაგრებიდან მოხსენით და 20-30 წუთი საპნიან ხსნარში ჩაალბეთ.
ვადის გასვლის შემდეგ ფირფიტები ღრუბლით კარგად გაწმინდეთ და წყალი გაავლეთ. ასევე გაწმინდეთ კარნიზი. სუფთა კონსტრუქცია სალფეთქით გაწმინდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლაქები დარჩება.
თუ ჟალუზებს ვერ ხსნით, იმოქმედეთ ისე, როგორც ზემოთ არის აღწერილი. თუმცა ფირფიტების ჩალბობის ნაცვლად, პულვერიზატორით საპნიანი ხსნარი შეასხურეთ. 15-20 წუთის შემდეგ, როცა ჭუჭყი დარბილდება, ღრუბლით გაწმინდეთ. შემდეგ ჟალუზები გახსენით და თითოეული ფირფიტა გაწმინდეთ. კონსტრუქცია სუფთა წყლით კარგად გაწმინდეთ და გაშრობის შემდეგ ანტისტატიკური საშუალებით დაამუშავეთ.
ვიმედოვნებთ, ჩვენი ხრიკები გამოგადგებათ და ამიერიდან ჟალუზების გაწმენდა დიდ დროს და ძალისხმევას აღარ წაგართმევთ.