ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ პირადი ჰიგიენის წესებით მთელი სხეული ხშირად და საგულდაგულოდ უნდა დავიბანოთ. ეს მხოლოდ ნაწილობრივ მართალია. თანამედროვე დერმატოლოგები ირწმუნებიან, რომ ჩვენი კანის ზოგიერთი ნაწილის ხშირი დაბანა აზიანებს ჯანმრთელობას. „პაპარაცი“ გიამბობთ, სხეულის რომელი ნაწილების დაბანა არ ღირს ყოველი შხაპის დროს და რატომ.
სხეულის რომელი ნაწილები უნდა დაიბანოთ იმაზე იშვიათად, ვიდრე ფიქრობდით?
რატომ არ ღირს სხეულის ზოგიერთი ნაწილის დაბანა სპეციალური საშუალებით?
რა თქმა უნდა, პირადი ჰიგიენის დაცვაზე ყოველდღე უნდა იზრუნოთ. ამავდროულად, თანამედროვე კოსმეტიკური კომპანიები გვთავაზობენ სხვადასხვა საპნის პროდუქტს კანის ღრმა წმენდისთვის. ასეთი პროცედურა კი სხეულის ზოგიერთ ნაწილს ყოველდღე არ სჭირდება. ზოგი შეცდომას უშვებს და ცდილობს, კანს ყველა შესაძლო ბაქტერია მოაშოროს. დერმატოლოგების თქმით, ასეთი სწრაფვა სისუფთავისკენ მხოლოდ ზიანის მომტანია. ჩვენი კანიც ორგანოა. მას მიკროფლორის საკუთარი ბალანსი აქვს, როგორც, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. საპნის ხშირი გამოყენება მას აზიანებს. ასე ჩნდება სხვადასხვა ალერგიული რეაქცია და გაღიზიანება. უფრო მეტიც, ადამიანის სხეულზე არის უბნები და ორგანოები, რომელთაც ზედმეტად ჯობია არ შეეხოთ. დერმატოლოგები და ოტორინოლარინგოლოგი გვიზიარებენ ინფორმაციას, სხეულის რომელი ნაწილების დაბანა არ ღირს ხშირად.
სხეულის რომელი ნაწილები არ საჭიროებს ხშირად გაწმენდას?
ხელები და ფეხები
ერთი შეხედვით, ეს უცნაურია, მაგრამ დერმატოლოგებს მარტივი ახსნა აქვთ. ხელები და ფეხები საპნით ხშირად არ უნდა დაიბანოთ. საუბარია, არა ტერფებზე და ხელისგულებზე (პირიქით, ეს ნაწილები ხშირად უნდა დაიბანოთ), არამედ სხვა ნაწილებზე, როგორიცაა წვივები და წინამხრები. კანის ამ უბნებში ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლები მცირე რაოდენობით არის. ვინაიდან არ არის სეკრეცია, სხეულის ამ ნაწილების ყოველდღიური დაბანა კანს მხოლოდ გააღიზიანებს. საკმარისია, ხელ-ფეხი წყლით ჩამოიბანოთ და რბილი ღრუბლით გაიწმინდოთ საპნის გარეშე.
ყურები
მაღაზიებში ყურის ჩხირები დიდ შეფუთვებში იყიდება. ნებისმიერი ოტორინოლარინგოლოგი გეტყვით, რომ ასეთი შენაძენი ფულის ფლანგვაა. საქმე იმაშია, რომ ყური თვითმწმენდავი ორგანოა. ყურის გოგირდი თანდათანობით გამოდის ყურის არხიდან შხაპის ან აბაზანის მიღებისას. შემდეგ ადვილად შეგიძლიათ მოიშოროთ ბამბის დისკით ყურის ნიჟარიდან. ზოგიერთი ექიმი ირწმუნება, რომ ყურის ჩხირის გამოყენება საზიანოა. ბამბის ჩხირის გამოყენებისას გოგირდი შუა ყურის დაფის ღრუსკენ შეიძლება მისწიოთ. ასე წარმოიქმნება საცობი, რომლის ამოღება მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია. უფრო მეტიც, ყურის გოგირდი იცავს სმენის ორგანოს ინფექციისგან, ამიტომ არ იფიქროთ, რომ თუ ის არის ყურში, ჭუჭყია.
სასქესო ორგანოები
რა თქმა უნდა, სასქესო ორგანოების ჰიგიენაზე ყოველდღე უნდა იზრუნოთ. თუმცა დერმატოლოგები და გინეკოლოგები ჩვეულებრივი საპნის გამოყენების მიმართ უარყოფითად განწყობილნი არიან. ის ცუდად მოქმედებს PH დონეზე და ბაქტერიულ ბალანსზე, იწვევს გარსის გაღიზიანებას. საპნით ხშირი დაბანის გამო ჩნდება ყველაზე უსიამოვნო სიმპტომები. ექიმები გირჩევენ, სასქესო ორგანოების დასაბანად გამოიყენოთ სპეციალური საშუალებები, რომლებიც არ იწვევენ ასეთ რეაქციებს.
ცხვირი
თანამედროვე ფარმაკოლოგია გვთავაზობს სხვადასხვა სახის სპრეის ცხვირის საწმენდად. სპეციალისტები არ გირჩევენ მათ გამოყენებას, თუ ავად არ ხართ და ექიმმა არ დაგინიშნათ. ჯანმრთელი ადამიანის ცხვირი თვითმწმენდავია, როგორც ყური. ცხვირში თითის შეყოფაც არ ღირს. არა მხოლოდ ეტიკეტის წესების გამო. ასე შეიძლება დააზიანოთ ლორწოვანი გარსი, გამოიწვიოთ სისხლდენა და ინფექციის განვითარება.
თმა
თმის დაბანა ბევრი ქალის უბედურებაა. ყველას თავისი პირადი გრაფიკი აქვს ამ პროცედურისთვის, რადგან თმა სხვადასხვა ინტერვალით ცხიმიანდება. ყველას სურს, მისი თმა სუფთა და მოვლილი იყოს, მაგრამ ყოველდღიური დაბანა გამოსავალი არ არის. ბევრი შამპუნი შეიცავს აგრესიულ ნივთიერებებს, რომლებიც არა მხოლოდ თმას, არამედ სკალპს აზიანებს. აქედან მოდის დერმატიტი, ქერტლი, სხვა გაღიზიანება. დერმატოლოგები და ტრიქოლოგები გირჩევენ, შეადგინოთ დაბანის გრაფიკი, მინიმუმ 3 დღიანი ინტერვალით. თუ თმა უფრო ხშირად ცხიმიანდება, მიზეზის დადგენა სცადეთ. ხშირად ეს გამოწვეულია ჰორმონალური დისბალანსით ან არასწორი კვებით. შეგიძლიათ შეცვალოთ ჩვეულებრივი შამპუნი უსულფატო შამპუნით, რომელიც უფრო ნაზად მოქმედებს.
ახლა იცით, სხეულის რომელი ნაწილები არ უნდა დაიბანოთ ძალიან ხშირად, რომ ბალანსი არ დაირღვეს და ორგანიზმი არ დაზიანდეს. სპეციალისტების რჩევები გაითვალისწინეთ. შესაძლოა ასე თავიდან აიცილოთ უკვე არსებული პრობლემები, რომელთა გამომწვევ მიზეზებზე წარმოდგენაც არ გქონდათ.