„გთხოვთ, მომწეროთ სახიფათოა თუ არა ქათმის კვერცხის მოხმარება. ის ხომ ძალიან ბევრ ქოლესტერინს შეიცავს, პატივისცემითთ ეკატერინა ალექსანდროვნა“.
თავის წიგნში „ორგანიზმის სარეზერვო შესაძლებლობები. სუნთქვა, ცნობიერება, მითი და რეალობა“ სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ივან ნეუმივაკინი კვერცხის სწორად მოხმარების შესახებ რეკომენდაციებს იძლევა:
კვერცხი კარგი ენერგეტიკული პროდუქტია, რომელიც შეიცავს ყველაფერს, რაც მზარდ სხეულს სჭირდება. ამის მიუხედავად, უმი სახით მისი ჭამა არასასურველია (მწყრის გარდა, რომელიც პრაქტიკულად სტერილურია), რადგან კვერცხის ცილა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვიტამინის, ბიოტინის, მოქმედებას ბლოკავს და ამით ნივთიერებათა ცვლის პროცესებს არღვევს. მოხარშულ კვერცხს ორგანიზმი ცუდად ითვისებს, მათ გადასამუშავებლად ბევრი ენერგიაა საჭირო. ხოლო ხანგრძლივი თერმული დამუშავების დროს კვერცხში ღირებული ამინომჟავები ნადგურდება.
უმჯობესია თოხლოდ მოხარშული კვერცხი შეჭამოთ: კვერცხი ცივ წყალში მოათავსეთ და წყლის ადუღების შემდეგ 20-25 წამით ხარშეთ. ასევე, ორგანიზმი კარგად ითვისებს ასე მომზადებულ კვერცხს: კვერცხის გული და ცილა ცალ-ცალკე ათქვიფეთ, შემდეგ შეაერთეთ და ტაფაზე დაასხით.
რაც შეეხება, კვერცხში არსებულ ქოლესტერინს. ორგანიზმში მოხვედრისას ის საერთო ქოლესტერინის დონეზე გავლენას პრაქტიკულად არ ახდენს. პირიქით, კვერცხი ბევრ ფოსფოლიპიდებს, ძირითადად ლეციტინს, შეიცავს, რომელიც ქოლესტერინის დარეგულირების პროცესში მონაწილეობს და უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში შედის.
გარდა ამისა, სწორედ კვერცხი შეიცავს ყველაზე მეტ ღირებულ ცილებს, რომელთაც ორგანიზმი სრულად ითვისებს. კვერცხის გული შეიცავს A, D, E ვიტამინებს, ასევე ისეთ მიკროელემენტებს, როგორიცაა რკინა, თუთია და გოგირდი. სწორედ ამიტომ, კვერცხის მიღება რეკომენდებულია ანემიის დროს, ღვიძლის მუშაობის დასარეგულირებლად და ზოგად მატონიზირებელ საშუალებად.