გთხოვთ, მომწერეთ, რას წარმოადგენს ამინომჟავა ტრიპტოფანი და რომელი პროდუქტი შეიცავს მას. წამიკითხავს, რომ იგი ხელს უშლის გაღიზიანებასა და სტრესს. ეს ძალიან სჭირდევა ჩემს ქმარს, რადგან იგი აუტანელი, ძალიან გაღიზიანებადი, აგრესიულიც კი გახდა. პატივისცემით, მ.მ.
წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ლუბოვ დუდჩენკო.
ტრიპტოფანი ერთ-ერთი პირველი ამინომჟავაა მათ შორის, რომლებიც შეუცვლელებს მიეკუთვნება. მას მოქმედების ფართო სპექტრი აქვს. ტრიპტოფანი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, კუნთების, იმუნური სისტემის ანტისხეულების ცილების შესაქმნელად, იგი მონაწილეობს მელატონინის სინთეზში, შეუცვლელი სამშენებლო მასალაა ორგანიზმისთვის, არეგულირებს ნერვული სისტემისა და საკვების მონელების მუშაობას, აქვს ანტიდეპრესანტული მოქმედება, ზრდის სტრესისადმი რეზისტენტულობას, აუმჯობესებს ძილს. ბავშვებში აცხრობს ჰიპერაქტიურობასა და შეპყრობით მდგომარეობებს, ქალებში – მენსტრუაციამდელ შფოთვას, ქრონიკული დაღლილობის სინდრომს.
როგორც მელატონინის წინამორბედი, ხელს უწყობს მარტივად ჩაძინებასა და ნორმალურ ძილს, როგორც ადრეულ, ისე გვიანდელ ასაკში. ტრიპტოფანის მოხმარება ჰიპოფიზს აიძულებს დიდი რაოდენობით ზრდის ჰორმონის გამოყოფას. თვლიან, რომ ეს ამინომჟავა ასტიმულირებს ინსულინის გამომუშავებას, რაც, თავის მხრივ, ააქტიურებს ღვიძლში ცხიმოვანი მჟავების სინთეზს.
ტრიპტოფანის უკმარისობა აუარესებს თმისა და კანის მდგომარეობას, იწვევს ანემიას, კბილების მდგომარეობის გაუარესებას, თვალის რქოვანას გამუქებას, კატარაქტას, უძილობას. ტრიპტოფანი არეგულირებს ენდოკრინული სისტემის ფუნქციას, რაც ხელს უშლის ანემიას, არეგულირებს სისხლის წნევას, პასუხს აგებს ჰემოგლობინის სინთეზზე.
ტრიპტოფანს ადამიანის ორგანიზმი ვერ წარმოქმნის, მხოლოდ საკვებით იღებს. ამ ამინომჟავას შეიცავს ყველა მწვანე ბოსტნეული (ოხრახუშის, კამის, ნიახურის, სალათის, რუკოლას და სხვ. ფოთლები), სპირულინა (ხმელი), ატლანტიკური ვირთევზა, გოგრისა და მზესუმზირის მარცვლები, შირბახტი, ყველი ჩედარი, ღორის, ინდაურის, ქათმის, საქონლის, ცხვრის, ორაგულის, ატლანტიკური ქორჭილას ხორცი, კვერცხი, ხორბლის ფქვილი, შოკოლადი, რძე, თეთრი ბრინჯი, შვრიის მომზადებული ფაფა, კარტოფილი, ბანანი.