დღესდღეობით საკონდიტრო მაღაზიებში ნებისმიერი გემოვნების დამაკმაყოფილებელი ტორტის ყიდვა შეგიძლიათ. განა მსგავსი ტკბილეულობა სახლში გამომცხვარ, ჯერ კიდევ თბილ ნამცხვარს შეედრება? გასაოცარი არაა, რომ კარგი რეცეპტები განსაკუთრებით პოპულარულია და ერთი დიასახლისიდან მეორეს გადაეცემა.
„პაპარაცი“ კენკრის ნამცხვრის წარმატებულ რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც განსაკუთრებულ ინგრედიენტებს არ მოითხოვს, სამაგიეროდ მისი გემო ყველა მოლოდინს აჭარბებს. ნაზი დესერტი გაჯერებული გემოთი და ფორთოხლის არომატით ოჯახურ ჩაის სმას ნამდვილ სიამოვნებად აქცევს.
კენკრის ღვეზელი
ცომის ინგრედიენტები:
- 3 ჭიქა ფქვილი
- 150 მლ მცენარეული ზეთი
- 4 ს/კ შაქარი
- 1 ს/კ მარილი
- 4 ს/კ ფორთოხლის წვენი
- 2 ს/კ წყალი
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 2 ჭიქა კენკრა (შეგიძლიათ ხილფაფა ან სქელი ჯემი აიღოთ)
- 2 ს/კ სახამებელი
- 1 ჭიქა შაქარი
მომზადება:
1. ფქვილი კარგად გაცერით.
2. წვენი, წყალი, მარილი და შაქარი ცალკე თასში აურიეთ. ამ ნარევს ფქვილი დაუმატეთ. აქვე მცენარეული ზეთი დაამატეთ და ცომი მოზილეთ. აუცილებლობის შემთხვევაში ფქვილი დაუმატეთ.
3. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ (ჩვენ 24 სმ დიამეტრის ფორმა ავიღეთ). ფორმის ძირს მცენარეული ზეთი წაუსვით.
4. კენკრას სახამებელი და შაქარი დაუმატეთ. შეგიძლიათ მწიკვი დარიჩინი ან მუსკატის კაკალი გემოვნებით დაუმატოთ.
5. საცხობ ფორმაზე ცომის 2/3 ნაწილი თანაბრად და მჭიდროდ გადაანაწილეთ.
6. შიგთავსი მოათავსეთ და თანაბრად გადაანაწილეთ.
7. ცომის დარჩენილი ნაწილი ზემოდან უბრალოდ მოაყარეთ.
8. ღვეზელი 190-200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ოქროსფერ შეფერილობამდე აცხვეთ. ღვეზელის მზაობა კბილის ჩხირით შეამოწმეთ.
9. ღვეზელი მზადაა. ოდნავ გაგრილება აცადეთ. ამ დროში ჩაი მოადუღეთ და ოჯახის წევრებს სუფრაზე დაუძახეთ. გემრიელად მიირთვით!
ეს სამარხვო კენკრის ღვეზელი პირში უბრალოდ დნება. მარტივი პროდუქტებისგან მომზადებული ნაზი და არომატული დესერტი თქვენს სუფრას დაამშვენებს. ამასთან, შეგიძლიათ ნებისმიერი ჯემი ან კენკრა გამოიყენოთ. რეცეპტი თქვენი გემოვნებით შეცვალეთ. ნებისმიერ შემთხვევაში გემრიელი გამოვა.
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.