ქილის თავსახურები ჩვენი ასე ნალოლიავები კონსერვების მთელი ზამთრით შენახვას უნდა უზრუნველყოფდეს.
ჰერმეტულობის უმცირეს დარღვევასაც კი პროდუქტის გაფუჭება შეუძლია. ჩვენ ეს ყველაზე ნაკლებად გვინდა, ხომ ასეა?
სწორედ ამიტომ, თავსახურების არჩევის საკითხს სერიოზულად უნდა მივუდგეთ, თუნუქის, თვისთ-ოფ ხრახნიანი, პლასტმასის თუ ვაკუუმის? ბევრი ვარიანტი არსებობს და თითოეულ მათგანს აქვს როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები.
თავსახურები კონსერვაციისთვის
თუნუქის თავსახურები
მეტალის თავსახურები რეზინის შემავსებელი რგოლებით წლებით გამოცდილი კლასიკაა.
სტანდარტის მიხედვით, მათი გამოყენება დასაშვებია სახლისა და ქარხნის პირობებში, შუშის საკონსერვო ქილების დასაცობად, 82 მმ დიამეტრის ყელით.
ოდესღაც, ამ თავსახურებს ალტერნატივა არ ჰქონდა და დღემდე პოპულარობით სარგებლობს, თავისი ერთჯერადობისა და სახუფი ხელსაწყოს საჭიროების მიუხედავად.
ასეთი თავსახურის უპირატესობებია კარგი ჰერმეტულობა, ბევრნაირ ქილაზე მორგება და საკმაოდ დაბალი ფასი. მისი უარყოფითი მხარეა დაკონსერვების სირთულე და პროდუქტის გაფუჭების რისკი, თუ ქანჩი გაუმართავია.
თვისთ-ოფ ხრახნიანი თავსახური (ევროთავსახური)
ალბათ, ხრახნიანი თავსახურები დღეისთვის ყველაზე უფრო პოპულარული ვარიანტია. ისინი არ მოითხოვს სახუფ ხელსაწყოს და, გარკვეული პირობების დაცვით, რამდენჯერმე შეიძლება მათი გამოყენება.
ჩვეულებრივ თუნუქის თავსახურებთან შედარებით, ევროთავსახურები უფრო მკვრივია, ესე იგი, ნაკლებია იმის შანსი, რომ ამოიბერება, თუმცა, ამას ყველა დიასახლისი უპირატწსობად ვერ მიიჩნევს. მათი აზრით, როცა ჩვეულებრივი თავსახური იბერება, გასაგები ხდება, რომ კონსერვს რაღაც სჭირს და სასწრაფოდ შეიძლება ზომების მიღება.
ხრახნიანი თავსახურის რეალური უარყოფითი მხარე კი მაღალი ფასი, გახსნის სირთულე და შესაფერისი ქილების იშვიათობაა.
ასეთი თავსახურის შიდა მხარე დაფარულია პოლიმერული საფრით. იგი რბილდება ცხელ წყალში და ქილის უფრო მჭიდროდ დახურვის შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ამიტომ, გამოყენებამდე ისინი 60 გრადუსამდე გაცხელებულ წყალში უნდა გააჩეროთ.
ჩვეულებრივი თუნუქის თავსახურების მსგავსად, ხრახნიანი თავსახურებიც სხვადასხვა შიდა საფრით იწარმოება. კომპოტებისა და მურაბებისთვის გამოდგება ჩვეულებრივი თავსახური, მწნილისა და მჟავე კონსერვებისთვის კი გალაქული ზედაპირის მქონე ხუფების გამოყენებაა რეკომენდებული.
პლასტმასის თერმოსახურავი
ნუ აგერევათ ჩვეულებრივ, კაპრონის თავსახურებში. ასეტი ხუფები გაცილებით უფრო მკვრივია და, ხშირად, ზედა ნაწილზე აწერია “თერმოსახურავი” ან “მოხუფვამდე გააჩერეთ მდუღარე წყალში 15 წუთით”.
ასეთი თავსახურის გამოყენება მხოლოდ ერთხელ შეიძლება. სრული გაგრილების შემდეგ, თავსახური ვიწროვდება და მის ცენტრში უნდა გაჩნდეს მცირე ღრმული. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი სწორად გააკეთეთ. თავსახურმა ქილაში ვაკუუმი შექმნა და თქვენი პროდუქტი უსაფრთხოდ შეინახება.
ვაკუუმის თავსახური
ეს ჩვენი ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა და ტექნიკურად რთული წევრია. ვაკუუმის თავსახური იაფი არ ღირს, თუმცა, მისი გამოყენება დაახლოებით ორასჯერ შეიძლება! მის მოსახუფად, დაგჭირდებათ სპეციალური სატუმბი, რომელიც ჩვეულებრივ სახუფ ქანჩზე სულ ცოტათი ძვირი ღირს.
ასეთი თავსახურის გამოყენება ნებისმიერ შუშის ქილაზე შეიძლება, იქნება ეს ხრახნიანი თუ მის გარეშე. მთავარია, ყელი სწორი იყოს, ნახეთქებისა და ჭრილების გარეშე, და სტანდარტული, 82 მმ დიამეტრი ჰქონდეს.
ვაკუუმის თავსახურები მარტივია გამოსაყენებლად, არ მოითხოვს ფიზიკურ ძალისხმევას, იდეალურად ინარჩუნებს პროდუქტის გემოსა და არომატს. ინსტრუქციის თანახმად, მისი გამოყენება შეიძლება ბოსტნეულის, კომპოტის, ჟელეს, მურაბისა და ხილისთვის, თუმცა, არა კიტრის მწნილისთვის!
კონსერვაციის ქილები, ვაკუუმის თავსახურის გამოყენების შემთხვევაში, უნდა გაავსოთ წყლით, კიდემდე 3-4 სმ-თი ქვემოთ, რამდენადაც სატუმბით ჰაერის ამოქაჩვისას, წყალი ქაფდება და ზემოთ იწევა. ამ შემთხვევაში, ვაკუუმირება უნდა შეაჩეროთ და გაიმეოროთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქაფი ჩაცხრება.