გამარჯობა! ამ სტატიაში გეტყვითმ როგორ მოამზადოთ გემრიელი, არომატული კონსერვი – პომიდორი ქლიავით. პომიდორი და ქლიავი შესანიშნავად ავსებს ერთმანეთს და, შედეგად, ზამთრისთვის შესანიშნავი დასაყოლებელი გამოგივათ.
პომიდორი ქლიავით
აგვისტოს შუა რიცხვები საუკეთესო დროა ზამთრისთვის მოსამზადებლად. პომიდვრისა და ქლიავის კონსერვის მომზადება ძალიან მარტივია, ამიტომ მე, ჩვეულებრივ, ერთბაშად რამდენიმე ქილას ვამზადებ. ამ რეცეპტში მოცემული ინგრედიენტების რაოდენობა ორ ქილაზეა გათვლილი. შეგიძლიათ, იმდენი კონსერვი მოამზადოთ, რამდენიც მოგინდებათ, უბრალოდ სწორად გათვალეთ ინგრედიენტების რაოდენობა.
ინგრედიენტები:
- პომიდორი
- ქლიავი
- 6 კბილი ნიორი
- 6 მარცვალი სურნელოვანი პილპილი
- 6 მარცვანი შავი პილპილი
- 2 დაფნის ფოთოლი
- 1 ლ წყალი
- 1 ს.კ. მარილი
- 3 ს.კ. შაქარი
- 1 ს.კ. 9%-იანი ძმარი
მომზადება:
- კონსერვისთვის ორი ნახევარლიტრიანი ქილა დაგჭირდებათ. ისინი წინასწარ უნდა გაასტერილოთ ღუმელში 10-12 წუთით, 150 გრადუს ტემპერატურაზე. ქილების თავსახურები შეგიძლიათ უბრალოდ ადუღებულ წყალში გამოხარშოთ. თითოეული ქილის ფსკერზე დაალაგეთ თითო ფოთოლი, 3-3 კბილი ნიორი და ამდენივე პილპილის მარცვალი.
- გაავსეთ ქილები პომიდვრითა და ქლიავით. ამ რეცეპტისთვის, სასურველია, “ქლიავის” ჯიშის პომიდორი აიღოთ, თავად ქლიავი კი მკვრივი უნდა იყოს, მარინადის დასხმისას ფაფად რომ არ იქცეს. თითოეული პომიდორი რამდენიმე ადგილას დახვრიტეთ კბილის ჩხირით ყუნწის ადგილას. გაავსეთ ქილები პომიდვრებითა და ქლიავით ძალიან მჭიდროდ.
- დაასხით ქილებს ახალადუღებული წყალი პირთამდე. დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 10 წუთით, შემდეგ გადაღვარეთ წყალი. კიდევ ერთხელ დაასხით ქილებს მდუღარე წყალი, ისევ დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 10 წუთით. ამჯერად, გადაღვარეთ წყალი საზომ ჭიქაში. ეს წყალი მარინადისთვის დაგვჭირდება: ორ ქილაში დაახლოებით 1 ლ წყალი ჩაეტევა.
მარინადის მომზადება:
- გადაღვარეთ მარინადი ღრმა თასში ან ქვაბში, დაუმატეთ 1 ს.კ. მარილი (ბორცვიანად) და 3 ს.კ. შაქარი. კარგად მოურიეთ ინგრედიენტებს და ხარშეთ 3-4 წუთით. დაუმატეთ მარინადს 1 ს.კ. 9%-იანი ძმარი. მოურიეთ, ხარშეთ 1-2 წუთით და ჩაასხით ქილებში. გაავსეთ ქილები პირთამდე, მარინადმა ქილა სრულყოფილად რომ გაავსოს.
- ჰერმეტულად მოხუფეთ ქილები, თავდაყირა დააყენეთ გაგრილებამდე, საბანში გახვეული. ასეთი კონსერვი მთელი ზამთარი შეინახება ოთახის ტემპერატურაზე.
ზამთარში მსგავსი კერძი სახლში არომატულ და მყუდრო ატმოსფეროს შექმნის. დასაყოლებელი ძალიან პიკანტური და გემრიელი გამოდის, იგი ნებისმიერ კერძს უხდება. თქვენ რომელ კონსერვს ამზადებთ ზამთრისთვის?