გაგიჭირდებათ იპოვოთ ადამიანი, ვისაც ოლადები არ უყვარს. თან ოლადების მომზადების მრავალი ვარიანტი არსებობს: ბანანით, ვაშლით, შვრიით ან ბრინჯის ფქვილით. პრობლემა ისაა, რომ ოლადები ფუმფულა ყოველთვის არ გამოდის. რაშია ხრიკი? დღეს Paparazzi.ge-ს რედაქცია ფუმფულა ოლადების საიდუმლოს გიზიარებთ და მისი მომზადების დროს დაშვებულ შეცდომებზე გიამბობთ.
ფუმფულა ოლადების საიდუმლო
საფუარზე მომზადებული ოლადები ყოველთვის ფუმფულაა, თუმცა კლასიკური რეცეპტის შემთხვევაშიც შეცდომებს ხშირად უშვებენ. თუ რამდენიმე მომენტი გამოგრჩათ, ოლადები ბრტყელი და ნაკლებად მადის აღმძვრელი გამოვა. აი, როგორ უნდა გამოასწოროთ სიტუაცია.
1. ცომის კონსისტენცია. ოლადების ცომი საკმაოდ სქელი უნდა იყოს – არაჟნივით და კოვზიდან ძნელად უნდა იღვრებოდეს. თუ ტაფაზე იშლება, ფუმფულა ოლადების იმედი არ გქონდეთ. თუმცა ფქვილის გადაჭარბებით ძალიან მკვრივ ცომს მიიღებთ და ოლადები სიმაღლეშისიფ არ გაიზრდება. ოქროს შუალედი გჭირდებათ.
2. ფქვილი. ლამაზი ოლადების მისაღებად ფქვილი გაცერით. ასე ჟანგბადით გაამდიდრებთ, რაც კერძს უფრო ჰაეროვანს გახდის. აღსანიშნავია, თუ ფქვილს წიწიბურით ან შვრიით ჩაანაცვლებთ, ოლადები ნაკლებად ფუმფულა გამოვა, მაგრამ არა ნაკლებ გემრიელი!
3. შაქარი. ძალაინ ბევრი შაქარი ოლადების დაცემას იწვევს. სიტკბო ზომიერად გამოიყენეთ. სჯობს მზა კერძს თაფლი ან სიროფი მოასხათ.
4. ტემპერატურა. თუ ოლადების მოსამზადებლად კეფირს იყენებთ, ის ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში ცივი. ასე რძის მჟავა სოდასთან რეაქციაში შევა, რაც სიფუმფულეზე გავლენას ახდენს.
5. დრო. ცომის მომზადების შემდეგ ოლადების ცხობა არ იჩქაროთ. ცომი ცოტა ხნით გააჩერეთ, დაახლოებით 15-30 წუთი საკმარისია. ცომში კოვზი ან სხვა სამზარეულოს აქსესუარი არ დატოვოთ.
6. მორევა. გაჩერებულ ცომს თავიდან მორევა არ სჭირდება. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რაზეც ოლადების სიფუმფულეა დამოკიდებული.
7. ტაფა. შესაწვავად სქელკედლებიანი ტაფა გამოიყენეთ, რომელიც თანაბრად ხურდება. თავიდან მშრალი ტაფა სათანადოდ გააცხელეთ, შემდეგ უკვე ზეთი დაასხით.
ბოლო დროს ოლადების სიფუმფულე ისეთი მნიშვნელოვანი არაა, როგორც მისი შემადგენლობა. სწორედ ამიტომ, სასარგებლო ვარიანტი ვიპოვე – ოლადები შვრიის ფქვილით და ბანანით. გირჩევთ სცადოთ, განსაკუთრებით მათ, ვინც სხეულის ფორმებს და სწორ კვებას ყურადღებას აქცევს.
თუ კლასიკური რეცეპტი მოგწონთ, ზემოთ მოცემული რჩევები ფუმფულა, გემრიელი ოლადების მომზადებაში დაგეხმარებათ. იქნებ სხვა ხრიკებიც იცით, რომ კერძის ხარისხი გავაუმჯობესოთ?