რესტორნებიდან კერძის გამოძახება უკვე დიდი ხანია ჩვეულებრივ ამბად იქცა. ხანდახან, ეს ჩვევა ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად ისახება. ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ, რამდენად ბევრს ვხარჯავთ იმისთვის, რისი მომზადება სახლში გაცილებით იაფად შეიძლება. მაშ ასე, Paparazzi.ge-ის რედაქცია დღეს გასწავლით ვოკის მომზადებას. დამიჯერეთ, ამაზე მარტივი არაფერი მოგიმზადებიათ!
ვოკის რეცეპტი
აღსანიშნავია, რომ თავიდან ეს სახელი არა კერძს, არამედ მის მოსამზადებელ სპეციალურ ჭურჭელს ერქვა. ჩინურ ტაფა-ვოკს ვიწრო ფსკერი, განიერი კიდეები და მაღალი კედლები აქვს. მას აღმოსავლელი კულინარები ტრადიციული კერძების მოსამზადებლად იყენებენ. ასეთი თხელკედლიანი ტაფის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ საკვები სწრაფად მზადდება და სასარგებლო თვისებების დიდ ნაწილს ინარჩუნებს. ვოკში საკვები მაქსიმალურ ტემპერატურაზე მზადდება.
ახლა კერძი-ვოკი ძალიან პოპულარულია. არომატული ატრია ბოსტნეულითა და ხორცით იდეალური სადილია. ოფისებში განსაკუთრებით უყვართ ასეთი კერძის შეკვეთა. თუმცა, ფასი საკმაოდ მაღალია, რაც უარყოფითი მხარეა, თუ ყოველ სამუშაო დღეს უკვეთავთ. თუმცა, ვოკის მომზადება არც სახლშია რთული. მეტიც, ეს პროცესი ძალიან ცოტა დროს წაგართმევთ.
ინგრედიენტები:
- 200 გ ქათმის ფილე
- 200 გ კვერცხის ატრია
- 1 შეკვრა გაყინული ბოსტნეული
- სოიოს სოუსი
- მდოგვი
- სუნელები გემოვნებით
- ლიმონის წვენი
მომზადება
1. დასაწყისისთვის, მოამზადეთ მარინადი ხორცისთვის. ქათამს დიდი დრო არ სჭირდება მარინადში, თუმცა, თუ სხვა ხორცს იყენებთ, გააჩერეტ იგი 1 საათით მაინც. გამოიყენეთ მარინადისთვის სოიოს სოუსი, მდგოვი, საყვარელი სუნელები და ცოტაოდენი ლიმონის წვენი.
2. ტაფაზე პირველი ხორცის ნაჭრები უნდა მოათავსოთ. სხვათა შორის, ვოკის ნაცვლად ჩვეულებრივი ტაფის გამოყენება არაფერს შეცვლის. მთავარია, კერძი მაღალ ტემპერატურაზე მომზადდეს. ხორცი ოდნავ რომ შეიწვება, ტაფაზე გაყინული ბოსტნეული მოათავსეთ. გალღობა არ სჭირდება! ეგრევე დაყარეთ ტაფაზე.
3. სანამ ინგრედიენტები იწვება, მოამზადეთ ატრია. სხვათა შორის, შეგიძლიათ სხვა სახეობა გამოიყენოთ. ჩაატარეთ ექსპერიმენტები, სურვილისამებრ. სცადეთ კვერცხის, წიწიბურის ან სოიოს ატრიები. თხელი ატრია ძალიან სწრაფად იხარშება. გარეცხეთ მომზადების შემდეგ და ჩაყარეთ ხორცისა და ბოსტნეულის ნაზავში.
4. აცადეთ ინგრედიენტებს ოდნავ გახურება და გადაალაგეთ თეფშებზე. გემრიელად მიირთვით!
ეს რეცეპტი რთული არაა, თუმცა, მისი კიდევ უფრო გამარტივება შეიძლება: ყველაზე ზარმაც დღეებში მე უბრალოდ ვყრი გაყინულ ბოსტნეულს ტაფაზე, ვასხამ ცოტა წყალსა და სოიოს სოუსს, ვუმატებ ნედლ ატრიასა და სხვა ინგრედიენტებს, ჩემი გემოვნებით. უმეტესად, ვუმატებ იმას, რაც მაცივარში დამრჩა – მაგალითად, 1-2 კვერცხი ან ქათმის ფილე.
15 წუთი სავსებით საკმარისია ყველაფრის მოსამზადებლად, მერე სავარძელში ჩავეშვები და სიამოვნებით ვსადილობ. ეს კერძი ჩემს ქმარსაც ძალიან მოსწონს. განსაკუთრებით მოსახერხებელია ის, რომ ვოკი კულინარიულ კონსტრუქტორს ჰგავს – შეგიძლიათ დაუმატოთ ყველაფერი, რაც თქვენ მოგწონთ. მაგალითად, ჩემი ქმარი რამდენიმე სარდელს უმატებს, მე კი კერძს დახეხილ ყველს ვაყრი.